Accessibility links

logo-print

არსებობს თუ არა ამერიკული აქცენტი აფხაზეთის პრობლემასთან მიმართებაში?


საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია აცხადებს, რომ აშშ აფხაზეთის კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტით არის დაინტერესებული, ერაყის კრიზისის ძალისმიერი გზით

გადაწყვეტის შემდეგ კი ლაპარაკი დაიწყო ამერიკის განსაკუთრებულ აქცენტებზე. ამ ვარაუდმა ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის ვიზიტის დროს განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. საქართველოს პრეზიდენტმა ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში დაადასტურა, რომ აფხაზეთის პრობლემატიკასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკია პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პირად წერილშიც, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას შეიცავს. რას ნიშნავს ამერიკული აქცენტი აფხაზეთი პრობლემასთან მიმართებაში?

აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში ამერიკის პოლიტიკურ აქცენტებზე საუბარი იანვრის ბოლოს დაიწყო, როდესაც სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის გამო მოსკოვსა და თბილისს შორის დაწყებულმა დიპლომატიურმა დაპირისპირებამ თავის პიკს მიაღწია. მაშინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"ჩვენთვის სრულიად გასაგებია საქართველოს მთავრობის შეშფოთება რუსეთის ცალმხრივი ქმედებების გამო, როგორიცაა სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის ამოქმედება. ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ არავინ უნდა იმოქმედოს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს აფხაზეთის სეპარატისტული სტატუსის გაძლიერება და მოლაპარაკების პროცესის გართულება," ნათქვამი იყო რიჩარდ ბაუჩერის განცხადებაში. თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკა მხარს უჭერს მანდატის ექვსი თვით გაგრძელებას, რეგიონის ეკონომიკურ რეაბილიტაციას და ლტოლვილთა დაბრუნებას.
აღსანიშნავია, რომ ზუსტად ხუთი თვის თავზე საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ წერილში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული ეს მიმართულებები და აქცენტი მთლიანად პუტინ-შევარდნაძის სოჭის შეხვედრის სულისკვეთებაზე კეთდება.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “წერილში ხაზგასმულია აშშ ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. პრეზიდენტი ბუში მიესალმება რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტთა სოჭის შეთანხმებას და გვირჩევს აქტუალური საკითხები აფხაზეთთან დაკავშირებით გადავწყვიტოთ სწორედ სოჭის დეკლარაციის სულისკვეთებით.”


ეს აქტუალური საკითხები კი შემდეგია: გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნება, სოხუმზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა და ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური პროექტების შემუშავება. მაგრამ ამ სულისკვეთების განსახორციელებლად და კონფლიქტის მოწესრიგების პროცესის ჩიხიდან გამოსაყვანად, მხარეებს ბევრ სახიფათო სტერეოტიპსა და ცრურწმენაზე მოუწევთ ხელის აღება. მაგრამ არის კი ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად ერთი ან მეორე მოკონფლიქტე მხარე?

ენგურს იქით არსებული სეპარატისტული ხელისუფლება დღემდე გამარჯვების ეიფორიაშია და მას გაგონებაც არ სურს ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობის თუნდაც მცირე ნაწილის დათმობაზე, მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ თავადაც მშვენივრად იცის, რომ აფხაზეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ისეთივე მითია, როგორც ის, რომ მათ საკუთარი შესაძლებლობებით მოუგეს ომი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. თავის მხრივ, ასეთი უკომპრომისო მიდგომა კიდევ უფრო აძლიერებს რევანშისტულ განწყობილებას დევნილობაში მყოფ ხელისუფლებასა და ლტოლვილ მოსახლეობაში, რომლის უდიდესი ნაწილი, როგორც ამას თბილისში იმელის წინ 5 დღის წინ დაწყებული აქცია მოწმობს, იმდენად სასოწარკვეთილია 10 წლიანი უშედეგო ლოდინით, რომ მზად არის დაუფიქრებლად ჩაებას აფხაზეთის დაბრუნების სარჩულით დაგეგმილ ნებისმიერ პოლიტიკურ თუ სამხედრო ხასიათის ავანტიურაში.
XS
SM
MD
LG