Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოლოდინი უკავშირდება არჩევნების მონიტორინგისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ამერიკულ სქემას


საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სფეროს სუბიექტია. ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისთვის საინტერესოა როგორ ჩატარდება

ამ ქვეყანაში ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები, მოწმობს, რომ მისთვის სულ ერთი არ არის საქართველოს მოსახლეობის დღევანდელობა და მისი მომავალი - საქართველოში ასე აღიქვეს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის ვიზიტი თბილისში, მით უფრო ის, რომ ჯეიმს ბეიკერი საქართველოში ჯორჯ ბუშის სპეციალური დავალებით ჩამოვიდა და მის ხელისუფლებას მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სქემა შესთავაზა. ამასთან დაკავშირებით მე გავესაუბრე მესამე სექტორის წარმომადგენლებს და ვცადე გამერკვია, შეუქმნა თუ არა მათ დემოკრატიული არჩევნების იმედი ამ სქემის ჩამოტანამ.

დასაწყისში მოკლედ იმ სქემის შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ჯეიმს ბეიკერმა შესთავაზა. მოვიყვან რამდენიმე ძირითად რჩევას ამ სქემიდან : 2 აგვისტოსთვის საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცოს ახალი საარჩევნო კოდექსი, 1 აგვისტოსთვის კი ყველა მხარე შეთანხმდეს ყველა დონის საარჩევნო კომისიის ფორმირების წესზე. ცენტრალური საარჩევნოს კომისიის 5 წევრი დანიშნოს მთავრობამ, 9 - ოპოზიციამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კი, პოლიტიკურად ნაკლებად აქტიური და საზოგადოებისთვის მისაღები პიროვნება, - ეუთომ. მთავრობამ შექმნას ამომრჩეველთა ზუსტი სია. ამომრჩეველთა სიების გამოკვრა საარჩევნო უბნებში და მათი ინტერნეტში განთავსება კი 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს. მთავრობამ მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ ხმების პარალელურ დათვლას და შეიმუშაოს მექანიზმი ხმების დათვლის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის მისაღწევად, საქართველოში მოქმედმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები.

ედუარდ შევარდნაძე მზადაა ხელი მოაწეროს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ამ მოდელს და იმედს იტოვებს, რომ მის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულებაც დადებითი იქნება. ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრას ის სამშაბათს გეგმავს. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა კი უკვე დაუჭირა მხარი ჯეიმს ბეიკერის მიერ ჩამოტანილ რეკომენდაციებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო კოდექსის და არჩევნების მონიტორიგნის საკითხებზე საქართველოს ხელისუფლებისა და მისი ოპოზიციის საბოლოოდ შესათანხმებლად თბილისში რჩება ჯეიმს ბეიკერთან ერთად ჩამოსული თეთრი სახლის წარმომადგენელი ელიზაბეტ ჯონსი. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციაში “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ არჩევნების ჩატარების ამერიკული მოდელი გახდება 2 ნოემბრის დემოკრატიული არჩევნების საფუძველი. ასეთი ოპტიმიზმი ჩვენთან საუბრისას ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოხატა:

[ზურაბ ჭიაბერაშვილი] “ ჩვენ მივეჩვიეთ სკეპტიციზმს საქართველოს მთავრობის მიმართ, მაგრამ იმდენად დიდია მსოფლიო თანამეგობრობის დაინტერესება იმით, თუ როგორ ჩატარდება საქართველოში არჩევნები, მე ვფქირობ, აქ სივრცე საქართველოს მთავრობას საკმაოდ შეზღუდული აქვს იმისათვის, რომ გადაუხვიოს იმ ვალდებულებებს, რომლებსაც იღებს დასავლეთის წინაშე. “

სწორედ “სამართალიანი არჩევნები” მოახდენს ხმების პარალელურ დათვლას ისე, როგორც ამაზე ჯეიმს ბეიკერის მიერ წარმოდგენილ სქემაშია საუბარი. ამ ორგანიზაციას ამერიკის შეერთებული შტატების “ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან” ერთად აქვს შემუშავებილი ხმების პარალელური დათვლის მექანიზმი. ამერიკელი სტუმრების მიერ თბილისში ჩამოტანილ სქემას იწონებენ “თავისუფლების ინსტიტუტშიც”, მით უფრო, რომ ამ ცოტა ხნის წინ მესამე სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მისი თანამშრომელიც აწარმოებდა ბეიკერთან ერთად ჩამოსულ სტუმრებთან კონსულტაციებს, ოღონდ - ვაშინგტონში. და მაინც, ლევან რამიშვილის აზრით, 2 ნოემბრისთვის ყველა პრობლემა ვერ მოიხსნება, რადგან დიდი დროა დაკარგული. ლევან რამიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გაცილებით მყარი გარანტიები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შეიქმნება.
XS
SM
MD
LG