Accessibility links

logo-print

გამოცხადებული დესტაბილიზაციის საფრთხის ნიშნები საქართველოში - ტერორისტი ქალი მოსკოვში თბილისიდან არ ჩასულა


მოსკოვის ტუშინოს აეროდრომზე მომხდარი ტერაქტის ორი შემსრულებლიდან ერთ-ერთის, 20 წლის ჩეჩენი შაჰიდის, ზულიხან ელიხაჯიევას, ვინაობის დადგენა შემთხვევის

ადგილზევე გახდა შესაძლებელი. როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები, ეგრეთ წოდებულ კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებოდნენ, ტერორისტს აღმოაჩნდა პირადობის მოწმობა და თბილისი- მოსკოვის თვითმფრინავის ბილეთი. პირადობის მოწმობით რუსმა სამართალდამცავებმა მარტივად დაადგინეს, რომ იგი ჩეჩნეთის სოფელ კურჩალოს მკვიდრი იყო. რაც შეეხება თვითმფრინავის ბილეთს, საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა გადაამოწმეს არა მარტი თბილისი-მოსკოვის პირდაპირი რეისების ავიაბილეთები, არამედ სატრანზიტო მარშრუტების მგზავრთა სიებიც. 4 ივლისს შესრულებული რეისების მგზავრთა შორის ზულიხან ელიხაჯიევას გვარი არ აღმოჩნდა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხნის შემდეგ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა, რომ ტერორისტი ქალი მოსკოვში თბილისიდან არ ჩასულა.


პირველი ინფორმაციის უარყოფის პარალელურად, ვრცელდება მეორე: რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების ფედერალური სამსახურისა და პროკურატურის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ზულიხან ელიხაჯიევა მოსკოვში ინგუშეთიდან ჩავიდა. შესაბამისად, მოსკოვის შინაგან საქმეთა სამმართველომ 7 ივლისს ოფიციალურად უარყო ტერორისტი ქალის თბილისი-მოსკოვის ავიარეისით მგზავრობის ფაქტი. ვიმედოვნებთ, რომ ამით საგამოძიებო ორგანოებმა შაბათს მოსკოვში მომხდარ ტერაქტში ქართული კვალის არარსებობაც დაადასტურეს და ძიებას პანკისის მიმართულებით უკვე აღარ განაგრძობენ. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია ივლისისთვის რუსეთის მიერ საქართველოში დაგეგმილი დესტაბილიზაციის სასიგნალო ნიშნებს ტუშინოს ტერაქტზე გაკეთებულ პირველივე კომენტარებში ხედავს - იმის მიუხედავად, რომ კომენტარი ამ შემთხვევაში ეკუთვნის მასმედიას და არა თუნდაც რუსეთის პრეზიდენტს, რომელმაც ბრიტანეთში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრებიც კი გამოიყენა იმისათვის, რომ პანკისი არა მარტო ჩეჩენი, არამედ ალ-ყაიდას ტერორისტების მომზადების კერად გამოეცხადებინა. ირინა სარიშვილი-ჭანტურია მიიჩნევს, რომ საქართველოში ინტერვენციის საბაბს რუსეთი აქტიურად ეძებს და ამისათვის ყველაღონისძიებას მიმართავს. რაც შეეხება საინფორმაციო ომს, ინფორმაცია იმის მიხედვით იცვლება, რა პერსპექტივა აქვს წარმატებისთვის ომს. ამ ჩვეული მეთოდის გამოყენების მაგალითია, უდავოდ, წინასწარი ინფორმაციაც, თითქოს ტერორისტი ქალი 4 ივლისს მოსკოვში თბილისიდან ჩაფრინდა:

[ირინა სარიშვილ-ჭანტურიას ხმა]“როდესაც რაღაცას ვიტყვით, მას თავისი მსმენელი ჰყავს. ხოლო როცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ჩვენს ნათქვამს ვცვლით, შესაძლებელია, მას უკვე ის რაოდენობა აღარ უსმენდეს. ამ შემთხვევაში ასეთი განცხადებები, როგორც მინიმუმ, დისკრედიტაციას მაინც ემსახურება.”

სხვანაირად ამას გაფრენილი სიტყვის ეფექტსაც უწოდებენ. ამასთან დაკავშირებით შევნიშნავთ, რომ ზოგიერთმა ჩვენმა რუსმა კოლეგამ ტერორისტი ზულიხან ელიხაჯიევა გასულ წელს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთვის დაკავებული ერთ-ერთი ჩეჩენის, ელიხაჯიევის, ნათესავადაც მიიჩნია. შეგახსენებთ, რომ მის ექსტრადირებას რუსეთის პროკურატურა მოითხოვდა. მიმდინარე წლის მაისში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უნიკალური გადაწყვეტილება მიიღო და იგი რუსულ მხარეს არ გადასცა, რადგან იდენტიფიკაციის მიხედვით დადასტურდა, რომ ელიხაჯიევი გამოგონილი გვარი იყო მხოლოდ და ამ გვარის მატარებელი ადამიანი, სინამდვილეში, ბეგხან მულკოევია. ჩვენ ადვოკატ მაკა ძამუკაშვილს გავესაუბრეთ.

[მაკა ძამუკაშვილის ხმა] “ადამიანის ვინაობა, ნამდვილი ვინაობა დაფიქსირდა პასპორტით, დაბადების მოწმობით და ასე შემდეგ. დანარჩენი დასკვნა თქვენ თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ, რა ნათესაურ კავშირზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.”

საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე ირაკლი კოტეტიშვილი ტერაქტის დღეს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, სამინისტრო მზადაა ტერაქტის გასახსნელად მოსკოვს სათანადო ინფორმაცია თბილისიდანაც მიაწოდოს, თუ ამის საჭიროება ნამდვილად იქნება.
XS
SM
MD
LG