Accessibility links

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ხელისუფლებას გამოსწორებისთვის ახალ ვადას აძლევს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ხელისუფლებას ახალ ვადას აძლევს და ძველ პირობებს უყენებს. ხელისუფლებამ 15 აგვისტომდე უნდა მოახდინოს ბიუჯეტის სეკვესტრი,

მიიღოს საგადასახადო კოდექსი და გაზარდოს ელექტროენერგიის საფასური. ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, 15 აგვისტოს მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის უკვე ვაშინგტონში გადაინაცვლებს. რამდენად რეალურია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულება?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მორიგ ვადას უწესებს საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც ფონდის საქართველოში მოღვაწეობის გაგრძელების წინაპირობად იქცა. ფისკალურ სფეროში წესრიგის დამყარება, ენერგოტარიფის განსაზღვრა და მთელი რიგი კანონპროექტების მიღება - ასეთია არასრული ჩამონათვალი იმ პირობებისა, რომელთა რეალიზაციისთვის ფონდი ხელისუფლებას ვადას 15 აგვისტომდე აძლევს.
პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით, მართალია, არ გამართლდა გარკვეული ძალების პროგნოზი, რომ ფონდი შეწყვეტდა საქართველოსთან თანამშრომლობას, მაგრამ თანამშრომლობის გასაგრძელებლად მთავრობას რთული და მტკივნეული ამოცანის მოგვარება მოუწევს:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] ” ეს სულაც არ არის უპირობო დებულება. საქართველოს მთავრობამ ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს, უპირველეს ყოვლისა, ფისკალურ სფეროში გადასახადების აკრეფის თვალსაზრისით და ბიუჯეტის გასაწონასწორებლად. დაგვჭირდება ხარჯების სერიოზული შემცირება და ეს არ იქნება უმტკივნეულო პროცესი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. შეგვიძლია დავხარჯოთ იმდენი, რამდენიც შემოდის, - არც მეტი და არც ნაკლები.”
გარდა იმისა, რომ გაუგებარია, ბოლოს და ბოლოს, რა თანხა შედის ბიუჯეტში, - ყველა უწყება ამ ეტაპზე კვლავ განსხვავებულ ციფრებს ასახელებს, -გაურკვეველია, რა ელის ბიუჯეტს. უფრო ზუსტად, რას ნიშნავს ის ღონისძიება, რასაც პრეზიდენტი ბიუჯეტის გაწონასწორებას უწოდებს, ფინანსთა მინისტრი - კორექტირებას, ოპოზიცია კი - სეკვესტრს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ვასილ გიგოლაშვილის განმარტება ასე ჟღერს: ბიუჯეტის კორექტირება 135 მილიონი ლარით მოხდება. ხარჯვითი ნაწილი 98 მილიონი ლარით შემცირდება, ბიუჯეტის შემოსავლების პარამეტრები კი 37 მილიონი ლარით გაიზრდება. მისივე განმარტებით, დაფინანსება შეუმცირდება ყველა უწყებას. ბიუჯეტში ცვლილებები ყველა შემთხვევაში პარლამენტმა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. წინასაარჩევნოდ, როცა ბიუჯეტის სეკვესტრი თუ კორექტირება ძალზე არაპოპულარულ ღონისძიებად აღიქმება, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების დარწმუნებას, გაინაწილონ პასუხისმგებლობა შემცირებულ ბიუჯეტზე.
არანაკლებ დრამატულად წარიმართება მოვლენები ენერგოტარიფის განსაზღვრასთან დაკავშირებით. როგორც გახსოვთ, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მოგების ფაქტს ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით დღეს საქართველოში ყველაზე პოპულარული ლეიბორისტული პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. მართალია, 7 ივლისს საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა ენგურჰესის სარჩელი და დაავალა სემეკს, აღადგინოს ტარიფში ჰესის შემცირებული წილი, მაგრამ ლეიბორისტები ბრძოლის გარეშე არ აპირებენ პოზიციების დათმობას და, ძველი ელექტროტარიფის აღდგენის შემთხევვაში, ხალხმრავალი გამოსვლების მოწყობით იმუქრებიან. პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ ენგურჰესის სარჩელის მოგების შემდეგ სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ სხვა ”დაზარალებულებიც” - კერძოდ, სახელმწიფო ელექტროსისტემა და ეი-ი-ეს თელასი.
XS
SM
MD
LG