Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ახლა გაგაცნობთ უცხოეთის პრესის მიმოხილვას, რომელიც 5 ივლისს მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტს ეძღვნება.

8 ივლისის გლოვის დღედაა გამოცხადებული მოსკოვში, 5 ივლისს ტუშინოში როკ-ფესტივალზე ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში შემოგთავაზებთ წამყვანი გაზეთების კომენტარს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

"მოსკოვი კვლავ ტერორის მორევში ეფლობა", - წერს საფრანგეთის გაზეთი "ლიბერასიონი" და დასძენს, რომ ეს, მორიგი მძიმე დარტყმაა რუსეთის დედაქალაქისთვის გასული ოქტომბრის შემდეგ, როცა სისხლისღვრით დამთავრდა მოსკოვის თეატრალურ ცენტრში მძევლების აყვანა. გაზეთი წერს:

"ტუშინოში მომხდარი აფეთქებების შემდეგ პრეზიდენტი პუტინი არ გამოსულა მიმართვით ქვეყნისადმი, და დაღუპულთა ოჯახებისადმი თანაგრძნობის გამოთქმით შემორიფარგლა. სამაგიეროდ, პოლიტიკური განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა და ვლადიმირ პუტინის წინასაარჩევნო კოალიციის ლიდერმა ბორის გრიზლოვმა გააკეთა. მისი აზრით, ტუშინოში განხორციელებული ტერაქტი ჩეჩნეთში 5 ოქტომბრისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებთანაა დაკავშირებული. ძნელია იმის თქმა, რამდენად შეესაბამება ეს ვერსია სინამდვილეს. 5 ივლისს მომხდარი აფეთქებები მოსკოვში, თვითმკვლელი ჩეჩენი ქალების მეოთხე აქციაა უკვე მაისიდან მოყოლებული. საგანგაშო ისაა, ვაი თუ ამ ტერორისტულმა აქტმა ეშმაკებზე ახალი ნადირობა გამოიწვიოს მოსკოვში მცხოვრები ჩეჩნების მიმართ. მიმომხილველებს, ჩეჩნეთის კონფლიქტის პალესტინიზაციის პერსპექტივა აფიქრებს. მოსკოვში მცხოვრები ადამიანის უფლებათა მოძრაობის აქტივისტი ზაინაბ გაშაევა უსაფუძვლოდ მიიჩნევს მტკიცებას იმის შესახებ, რომ თვითმკვლელი ქალები თითქოს საერთაშორისო ტერორიზმთან იყვნენ დაკავშირებული. გაშაევა აცხადებს, რომ ეს ადამიანები, სასოწარკვეთილებამ და შურისძიების გრძნობამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე."

გერმანიის გაზეთ "ველტის" აზრით, მეტად რთული არჩევანის წინაშე დგას პრეზიდენტი პუტინი, ვინაიდან კონფლიქტი ჩეჩნეთში, როგორც მოჯადოებულ წრეში, კვლავაც გრძელდება, და ამის ერთ-ერთი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ეს კონფლიქტი ორმაგ ხასიათს ატარებს. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"ერთის მხრივ, ჩეჩნები მეტი დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან. მეორეს მხრივ, ისინი მიმართავენ ტერორისტულ მეთოდებს, რასაც ვერ შეურიგდება რუსეთი. ვლადიმირ პუტინს სრული უფლება აქვს ებრძოლოს ტერორისტებს ისევე, როგორც ამას ამერიკელები, ბრიტანელები და გერმანელები სჩადიან ავღანეთსა თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ამ მხრივ რუსეთის მოქმედება, გლობალური ანტიტერორისტული კამპანიის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუმცა, ამ გზით შეუძლებელია ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარება, ვინაიდან ჩეჩენი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ უცვლელი რჩება. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რთული საკითხია. ალბათ ურიგო არ იქნებოდა 1994 წლის მოვლენათა გახსენება. მაშინ რუსეთმა ჯარის შეყვანით უპასუხა ჩეჩნეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ეს უფრო ემოციური გადაწყვეტილება იყო, ვიდრე რაციონალური. რუსეთს საკუთარი ინტერესებისათვის უმტკივნეულოდ შეუძლია ჩეჩენთა მრავალი მოთხოვნის დაკმაყოფილება. მაგრამ, დაკარგა რა იმპერიის დიდი ნაწილი, რუსეთმა როგორც ჩანს მოისურვა ჩეჩნეთის გადაქცევა იმის სიმბოლოდ, რომ იმპერიის დაშლა აღარ გაგრძელდება."

აფეთქებებმა როკ-მუსიკის ფესტივალზე ტუშინოში კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ომი ჩეჩნეთში გრძელდება, მიუხედავად პუტინის არაერთი განცხადებისა ამ ომის დამთავრების შესახებ, - წერს გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" და სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"არიზონის უნივერსიტეტის სტუდენტი ანასტასია, რომელიც მშობლიურ მოსკოვში დაბრუნდა არდადეგებზე, და როკ-მუსიკის კონცერტს დაესწრო ტუშინოში, 5 ივლისს მომხდარ ტერაქტს მეორე ნორდ-ოსტს უწოდებს და დასძენს, რომ მძევლების აყვანა არ მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ კონცერტი ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა."

როგორც გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" აღნიშნავს, უადანაშაულო ადამიანთა ხოცვა თვითმკვლელ ტერორისტთა ხელით, რადიკალების, სეპარატისტებისა და მეამბოხეთა ამაზრზენ ტაქტიკად იქცა მთელს მსოფლიოში. არა აქვს გამართლება იმას, რაც ორმა თვითმკვლელმა ჩეჩენმა ქალმა ჩაიდინა მოსკოვში. თუმცა, პრობლემა ამით არ შემოიფარგლება. ტერორიზმს - უსამართლობა და სიძულვილი წარმოშობს ყველგან. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"ტერორისტული ქსელები უნდა განადგურდეს, რაღა თქმა უნდა, თუმცა ყოველი კონკრეტული შემთხვევა ცალკე უნდა იქნეს განხილული. მთავრობები გლობალურ ტერორიზმზე აკეთებენ აქცენტს და ამით თავს არიდებენ პრობლემის გამომწვევ რეალურ მიზეზებთან ბრძოლას. ფედერალური ჯარის მოქმედება ჩეჩნეთში ყაჩაღებისა და მკვლელების თარეშს გვაგონებს. ჩეჩენი მამაკაცები უგზო-უკვლოდ იკარგებიან; ბევრი მათგანის ნაწამებ გვამებს მოგვიანებით ნახულობენ. ბარბაროსობის ჩამდენი რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები დაუსჯელნი რჩებიან. რუსეთი შედის ახლო აღმოსავლეთის ოთხეულში, რომელმაც "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმა შეიმუშავა. ურიგო არ იქნებოდა ბატონ პუტინს კიდევ ერთი "გზამკვლევი" რომ შეემუშავებინა საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად".
XS
SM
MD
LG