Accessibility links

logo-print

ეუთოს დელეგაცია აფხაზებთან შეხვედრას ორი წელია, ვერ ახერხებს


დავით პაიჭაძე, პრაღა როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. როტერდამში ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების

ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა განიხილა ანგარიში, რომელიც აფხაზეთში შექმნილ ვითარებას შეეხებოდა. დავით პაიჭაძე, მოგითხრობთ, რამდენად შედეგიანად მიიჩნევენ საქართველო და ეუთო აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგებისაკენ მიმართულ ამ ორგანიზაციის ძალისხმევას.

ანგარიში აფხაზეთის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა კომიტეტმა მოამზადა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ტონი ტინსგარდმა აღნიშნა, რომ, მათი ძალისხმევის მიუხედავად, აფხაზეთის ხელისუფლება უარს აცხადებს კომიტეტთან თანამშრომლობაზე. ჯერ კიდევ 2001 წლის ივნისში, როცა კომიტეტის წევრები პირველად ჩამოვიდნენ, რათა ვითარება შეეფასებინათ, ისინი აფხაზეთში არ შეუშვეს. ერთი წლის შემდეგ აფხაზებმა არ ისურვეს, ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ბუქარესტში შეხვედროდნენ კომიტეტის წევრებსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. მართალია, საერთაშორისო თანამეგობრობა, გაერო და ეუთო ცდილობენ, ჩაერთონ გაყინული კონფლიქტის მოწესრიგებაში, მაგრამ ეს პროცესი, ჩანს, მაინც ჩიხშია შესული.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ეუთოს სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარის საუბარი შეეხო სოჭის შეთანხმებასაც. ტონი ტინსგარდმა აღნიშნა, რომ სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პარალელურად იძულებით გადაადგილებული პირები გალში უნდა დაბრუნდნენ. დღეს დევნილთა ნაწილი თავისით ბრუნდება გალში, მაგრამ ფართომასშტაბიან დაბრუნებას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. საამისოდ, გაერომ, როგორც მიუკერძოებელმა დამკვირვებელმა, დევნილტა დაბრუნების მონიტორინგი უნდა განახორციელოს. ეს ძნელი იქნება გალში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის არსებობის გარეშე, რომლის გახსნაც დღემდე არ მოხერხდა.

საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ, გაღებული ძალისხმევის მიუხედავად, კომიტეტის საქმიანობა, პრაქტიკულად უშედეგოა. კომიტეტის შემადგენლობაში რუსეთის წარმომადგენელი იმიტომაც ჩართეს, რომ ხელი შეეწყო მისი კოლეგებისა და აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრისათვის. ასეთი შეხვედრა მიუღწეველ მიზნად რჩება. გარდა ამისა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუცია აფხაზეთის საკითხზე, რომელთა განხორცილება ახალ მიდგომებსა და საშუალებებს მოითხოვს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე წარმოთქმულ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში ეუთოს როლის გააქტიურებაზე. ბურჯანაძის აზრით, ეუთოს უპირველესი ამოცანაა, დაარეგულიროს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტები, დაიცვას ადამიანის უფლებები და მოსპოს გაყინული კონფლიქტების სახით არსებული დესტაბილიზაციის კერები.

ამავე სიტყვაში ნინო ბურჯანაძემ გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის ფედერაცია სიტყვიდან საქმეზე გადავა, ანუ განცხადებებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის შესახებ კონკრეტულ ქმედებებს მოაყოლებს. პარლამენტის თავმჯდომარემ აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში პროგრესის მისაღწევად ყურადღება გაამახვილა ეუთოს გააქტიურების, ახალი მიდგომათა და საშუალებათა გამოყენების პრობლემაზე.
ნინონ ბურჯანაძის სიტყვის შემდეგ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ილაპარაკა კავკასიაში გაყინულ კონფლიქტებზე და ხაზი გაუსვა მათი დროულად მოგვარების აუცილებლობას. თავმჯდომარის თქმით, ეს კონფლიქტები დესტაბილიზაციის წყაროს წარმოადგენენ და ტერორიზმის საფრთხეს ქმნიან.
XS
SM
MD
LG