Accessibility links

logo-print

რას მოუტანს დემოკრატიული არჩევნები საქართველოს


დღეს ხშირად ამბობენ, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება საქართველოსთვის ერთადერთი ხსნაა. ასეთ ფრაზას მოისმენთ როგორც პროფესიონალი პოლიტიკოსებისგან, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან.



რას მოუტანს დემოკრატიული არჩევნები საქართველოს?

ბოლოხანს ხშირად იხსენებენ, რომ პირველი და ბოლო დემოკრატიული არჩევნები საქართველოში 1990 წელს ჩატარდა, სწორედ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ზვიად გამსახურდია, თავის თანამებრძოლებთან ერთად.

ასეთ შეფასებას საზოგადოება არ ავრცელებს 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და, შესაძლოა, ამაში დიდი სიმართლეც იყოს. მართალია, ამ არჩევნების შემდეგ პარლამენტში 26 პოლიტიკური სუბიექტი აღმოჩნდა, რაც გაყალბებას გამორიცხავს. მაგრამ საქმე ისაა, რომ 1992 წელს არჩევნები ისეთი კანონმდებლობით ჩატარდა, რომელმაც ყველა პოლიტიკურ ჯგუფს - დიდს თუ მცირეს - პარლამენტში მოუყარა თავი. მაშინდელი ხელისუფლების მთავარი პრობლემა ლეგიტიმაცია იყო. პოლიტიკური დებატების ცენტრის პარლამენტში გადმოტანამ ხელისუფლების ლეგიტიმაციის მიმართ ეჭვები გააქარწყლა. სწორედ ასეთმა "ჭრელმა" პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ 1992 წლის არჩევნებმა ხელისუფლების პრობლემა გადაჭრა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.

დღეს უკვე ცნობილია, რომ პარლამენტში მხოლოდ ის პოლიტიკური ძალები მოხვდებიან, რომლებიც 7%-იან ბარიერს გადალახავენ, ესე იგი, მოსახლეობის სერიოზულ მხარდაჭერას მოიპოვებენ. მაგრამ როდესაც არჩევნები არსებითად ყალბდება, ცხადია, პარლამენტის შემადგენლობა საზოგადოების პოლიტიკურ ნებას და გემოვნებას არ ასახავს. ეს ორი სხვადასხვა პრობლემაა. ამომრჩევლის პოლიტიკური ნების იგნორირება იმას იწვევს, რომ ქვეყნის მოსახლეობა არ გრძნობს პასუხისმგებლობას არც პარლამენტის და არც მთავრობის საქმიანობაზე. თუმცა არჩევნების გაყალბების შედეგები ყველაზე მწვავედ სწორედ რიგითი ამომრჩევლის ოჯახზე აისახება.

სულ სხვა პრობლემაა მოსახლეობის პოლიტიკური გემოვნების იგნორირება. იმის გამო, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ ტარდება, ჩვენ არც კი ვიცით, ვის უჭერს მხარს საზოგადოების უმრავლესობა. შესაბამისად, არ ვიცით, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა, თუკი პარლამენტი და პრეზიდენტი, მართლაც, ხალხის გემოვნების შესაბამისად აირჩევა. მართალია, ბევრი ამბობს, რომ საქართველოს მხოლოდ დემოკრატიული არჩევნები გადაარჩენს, მაგრამ ბევრს შიშით აჟრჟოლებს იმის წარმოდგენაზე, რაც ჭეშმარიტად დემოკრატიულ არჩევნებს შეიძლება მოჰყვეს.

და მაინც, თუ საქართველოს მოსახლეობამ თავისი პოლიტიკური გემოვნება არ გამოხატა, შესაბამისი შედეგი არ "იწვნია" და ამ შედეგის შედეგი არ გააცნობიერა, ქვეყანა ბუნებრივად ვერ განვითარდება. შესაძლოა, ეს გრძელი, საშიში და დამქანცველი გზაა, მაგრამ მხოლოდ ამ გზაზე მივიღებთ იმას, რასაც ნამდვილად ვიმსახურებთ.
XS
SM
MD
LG