Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის კონფლიქტი და პანკისის პრობლემა. ამ თემებზე რუსეთის გაზეთმა "ვრემია


გიორგი კაკაბაძე, თბილისი აფხაზეთის კონფლიქტი და პანკისის პრობლემა. ამ თემებზე რუსეთის გაზეთმა "ვრემია ნოვოსტეიმ" წინა კვირაში ორიოდე წერილი გამოაქვეყნა.



პირველი ივლისის "ვრემია ნოვოსტეი" აქვეყნებს ინტერვიუს აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ახალდანიშნულ პრემიერთან, რაულ ხაჯიმბასთან. კითხვაზე - როგორც ჩანს, საქართველოში მალე ნატოს სამხედრო ბაზები გაჩნდება. ამასთან დაკავშირებით რა შეიძლება ელოდეს აფხაზეთს? - ხაჯიმბამ უპასუხა: "საქართველოში სამხედრო ბაზების გაჩენა ჩვენს შეშფოთებას იწვევს, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ისინი. სხვის დაუხმარებლად საქართველოს არ ძალუძს ტერიტორიული კონფლიქტების გადაჭრა. იგი ძალის გამოყენებით აპირებს მდგომარეობიდან გამოსვლას. ჩვენ მზად ვართ ვითარების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის. ჩვენი ამოცანაა - მზადყოფნაში გვყავდეს შეიარაღებული ძალები".

არაღიარებული რესპუბლიკის პრემიერი აცხადებს, რომ აფხაზთა არმია საქართველოს არმიაზე ცუდად როდია შემოსილი. "შემიძლია მოვიყვანო ბევრი მაგალითი, - ამბობს იგი, - როცა ქართველ სამხედროებს ჩვენთვის მოუყიდიათ ნატოს სამხედრო ტანსაცმელი, რომელსაც ამერიკელებისგან იღებენ თავისი სპეცდანაყოფებისთვის. ეს მოწმობს, რომ იქ დისციპლინა მოიკოჭლებს."

კითხვაზე - როგორია თქვენი დამოკიდებულება სამშვიდობო კონტინგენტის გაეროს ძალებით შეცვლის მიმართ? - რაულ ხაჯიმბამ უპასუხა: "მშვიდობისმყოფელები საკმარისად კარგად ასრულებენ თავიანთ ამოცანებს. ჩვენ არ გვსურს, რომ ვინმემ შეცვალოს ისინი. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში მაინც".

გაზეთის 2 ივლისის ნომერში კი დაბეჭდილია ინტერვიუ რუსეთში საქართველოს ელჩთან, ზურაბ აბაშიძესთან. რუსეთის საზოგადოებაში პანკისის პრობლემის მიმართ არსებულ რთულ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ელჩი აცხადებს:"ამჟამად ამ თემას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ეს შარშან ამავე დროს იყო. ეს, უპირველესად, საქართველოს ხელისუფალთა და სამართალდამცავ ორგანოთა დამსახურებაა. პანკისში რეალურად სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. უნდა ითქვას, რომ ეს თავად ვლადიმირ პუტინმაც აღნიშნა. საფრთხეს შეიძლება ველოდეთ რუსეთის მხრიდან ჯგუფების გარღვევის პლანში. ამ შემთხვევაში რუსეთის მხარეს აკისრია გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საზღვარი დაკეტილი იყოს. საქართველო, თავის მხრივ, მობილიზებას უკეთებს თავის სასაზღვრო რესურსებს, მაგრამ ეს ვერ შეედრება იმას, რაც რუსეთს აქვს".

რაც შეეხება ჩეჩენი ლტოლვილების პრობლემას, ზურაბ აბაშიძის თქმით, "საჭიროა პრაქტიკული მუშაობა, რომ ჩეჩნეთში დაბრუნების მსურველთა რიცხვი გაიზარდოს".

2 ივლისის "ვრემია ნოვოსტეის" კიდევ ერთი წერილი ეძღვნება პანკისის პრობლემას. გაზეთის რესპონდენტის, 38 წლის რუსლან ნალიევის, აზრით, "მალე პანკისში ჰუმანიტარული კატასტროფა მოხდება". იგი ამბობს: "11 სექტემბრამდე ჩვენ კიდევ გვეხმარებოდნენ, არაბული ქვეყნებიდან მოდიოდა დახმარება. ახლა კი მხოლოდ ლტოლვილთა საქმეების გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველო დარჩა. მაგრამ განა ეს დახმარებაა? ოჯახს ორ თვეზე ლიტრანახევარი მზესუმზირის ზეთი, ერთი კილო შაქარი, სამი კილო და ექვსასი გრამი ლობიო და კიდევ ფქვილი გამოუყვეს. ბავშვებს რძე რომ ვუყიდო, ფქვილს ვყიდი... მადლობა საქართველოს, რომ შეგვიკედლა, მაგრამ მას თავისი ლტოლვილები ასჯერ მეტი ჰყავს. აქედან წასვლა გვინდა, მაგრამ ჩეჩნეთში დაბრუნების გვეშინია - სანამ იქ რუსეთის ჯარია, სანამ იქ წმენდას ახორციელებენ... ერთადერთი - მესამე ქვეყნის იმედი მაქვს".
XS
SM
MD
LG