Accessibility links

ერაყში გრძელდება თავდასხმები კოალიციის ძალებზე


ანდრო ეული, პრაღა მოყოლებული 1 მაისიდან, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა "ძირითად საომარ მოქმედებათა" დამთავრება გამოაცხადა ომში, რომელმაც სადამ ჰუსეინის რეჟიმს მოუღო ბოლო,

ერაყში 29 ამერიკელი ჯარისკაცი და მათი 6 ბრიტანელი კოლეგა იქნენ მოკლული. თეთრი სახლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამგვარი ძალადობა სულაც არ უნდა იყოს მოულოდნელი სახელმწიფოში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იმთავითვე მტრად აღიქვამდა შეერთებულ შტატებს, და სადაც იარაღის შეძენა სულაც არაა ძნელი.


ოფიციალურ პირებს ვაშინგტონში ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ცალკეული თავდასხმები კოალიციის ძალებზე, ერაყში, კოორდინირებული ან კარგად ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობის შედეგია.

აი რა განაცხადა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა [დონალდ რამსფელდის ხმა]: "ბაათის პარტიისა და ბედუინების სასიკვდილო რაზმების შემორჩენილი წევრები მოსახლეობაში მიიმალნენ და ტერორისტული ქსელი შექმნეს. ჩვენ სათანადოდ ვუმკლავდებით ამ ადამიანებს, ზუსტად ისევე, როგორც "ალ-ყაიდისა" და თალიბანის შემორჩენილი მებრძოლების წინააღმდეგ მოვიმოქმედეთ ავღანეთში".

რამსფელდმა არ გამორიცხა ამასთანავე, რომ ცალკეული თავდასხმები კოალიციის ძალებზე შესაძლოა განახორციელეს ირანის მხარდაჭერით მოქმედმა ერაყელმა შიიტებმა, რომლებიც ოპოზიციაში იყვნენ სადამ ჰუსეინთან, აგრეთვე "კრიმინალებმა" და "უცხოელმა ტერორისტებმა".

მაგრამ, ვაშინგტონში შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ თავდასხმები კოალიციის ძალებზე შესაძლოა კოორდინირებულად ხდება, და რომ ამერიკის მთავრობას ქმედითი ზომების მიღება მართებს ამასთან დაკავშირებით. ხოლო კონგრესის ცალკეულმა წევრებმა წამოაყენეს წინადადება, რომ პენტაგონმა დამატებითი ჯარის ნაწილები გააგზავნოს ერაყში.

თეთრი სახლის ადმინისტრაცია მოელის, რომ ვაშინგტონის მოკავშირეები მომავალი 6 თვის განმავლობაში 30 ათასიან სამხედრო შენაერთს გააგზავნიან სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში.

როგორც დაზვერვის საკითხებში ცნობილი ამერიკელი ექსპერტი ენტონი კორდსმენი აღნიშნავს, მსოფლიო და პირველ რიგში ამერიკელი ხალხი არ უნდა განაცვიფროს იმან, რომ კოალიციის ძალები ერაყში სერიოზულ წინააღმდეგობას დაუპირისპირდნენ. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ენტონი კორდსმენმა თქვა, რომ ხალხი უნდა შეეგუოს იმას, რომ ომები დღეს გააფრთებული ბრძოლებიდან ისეთ ძალადობაში გადაიზრდება, ერაყში რომ მიმდინარეობს ახლა [ენტონი კორდსმენის ხმა]: "ესაა რეალური სურათი იმისა, თუ რა ტიპის საომარ ქმედებებს უნდა მოველოდეთ 21 საუკუნეში. ეს როდი ნიშნავს იმას, რომ სამხედრო გამარჯვებას არა აქვს მნიშვნელობა. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებებს არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ თქვენ მოგიხდებათ სიმბოლოებისა და იმ ლიდერების განადგურება, ვინც ომის შემდგომ განაგრძობს წინააღმდეგობას."

ენტონი კორდსმენის თქმით, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ერთი მთავრობა მეორეს ჰბარდებოდა ომში დამარცხების შემდეგ. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მოკლული, ანდა დაკავებულ იქნეს ერაყის დამხობილი პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი. ხოლო თუ ის ცოცხალია, სადამ ჰუსეინს შეუძლია აამხედროს ხალხი, ან სულაც თავად უხელმძღვანელოს კოალიციის ძალების წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას.
XS
SM
MD
LG