Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა და ოპოზიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით თანხმობას მიაღწიეს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 8 ივლისს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც განხილული იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ე.წ. ბეიკერის მოდელი, ოპოზიციაც და

ხელისუფლებაც შეხვედრის კონსტრუქციულ ხასიათზე ალაპარაკდა. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, მომავალ სამშაბათს გაიმართება. მანამდე კი ფრაქციათა ჯგუფი, სამუშაო წესით, კიდევ ერთხელ განიხილავს საარჩევნო კოდექსის პროექტს.

მაშ ასე - შეთანხმება მიღწეულია. პრეზიდენტიც და ოპოზიციის დიდი ნაწილიც აცხადებს, რომ მათთვის მისაღებია რამდენიმე დღის წინათ თბილისში მყოფი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის მიერ შეთავაზებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ფორმულა: 15 კაციან კომისიაში 5 წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, 9-ს ოპოზიცია, თავმჯდომარეს კი, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ავტორიტეტის მქონე არაპოლიტიზირებული მოღვაწე უნდა იყოს, ეუთო დაამტკიცებს.
8 ივლისს პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ მივიდა ორი პარტიის წარმომადგენელი: საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირის წარმომადგენლები, რომლებიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამ ადგილს ითხოვენ, ფიქრობენ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ამჯერადაც აღორძინების წინააღმდეგ ირაზმება. სხვა მოტივით არ მივიდა შეხვედრაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც 8 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
[ შალვა ნათელაშვილის ხმა] ” მე და ბეიკერმა, პრაქტიკულად, მოვილაპარაკეთ მოქმედების იმ სქემაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, სავალდებულო იქნებოდა პრეზიდენტ შევარდნაძისთვის და რომელიც არ დაექვემდებარებოდა არავითარ რევიზიას. ამდენად, ჩემს იქ მისვლას ექნებოდა წმინდა ცერემონიული ხასიათი, რაც, გარკვეულწილად, გამოიწვევდა გაურკვევლობას ამომრჩეველში, რადგან ხალხი არ არის შეჩვეული ჩემს შეხვედრებს შევარდნაძესთან.”
როგორც ჩანს, ქართული საზოგადოება უფრო შლვა ნათელაშვილისა და ჯეიმს ბეიკერის შეხვედრებსაა შეჩვეული, ვიდრე ლეიბორისტებისა და საქართველოს პრეზიდენტის. სამაგიეროდ, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა პრეზიდენტის მიწვევა მიიღეს და შეხვდნენ მას. თუმცა, პრეზიდენტთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ოპოზიციას ახლა არანაკლებ რთული შეთანხმება აქვს მისაღწევი - კერძოდ, რა პრინციპით გადანაწილდეს ოპოზიციისთვის განკუთვნილი 9 ადგილი. კონკრეტულად, შესათანხმებელია პრინციპი, რის მიხედვითაც უნდა ჰყავდეს ამა თუ იმ პარტიას თავისი წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. თუ აქამდე ფიქრობდნენ, რომ კომისიაში წარმომადგენელთა ყოლის უფლება უნდ ჰქონოდათ ბოლო ორ არჩევნებში წარმატებამიღწეულ პარტიებს, ახლა, როგორც ჩანს, პრინციპი განსხვავებული იქნება. როგორი - ეს უკვე ამ კვირაში უნდა გაირკვეს. ანუ მანამ, სანამ პარლამენტი თავის რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება. ცალკე საუბრის თემაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაძლო თავმჯდომარის ვინაობაც - მართალია, ოპოზიცია ოპტიმისტურად აცხადებს, რომ ავტორიტეტული, მაგრამ არაპოლიტიზირებული ადამიანის პოვნა საქართველოში დიდ პრობლემასთან არ იქნება დაკავშირებული, მაგრამ საეჭვოა, ეს საკითხი ასე მარტივად გადაწყდეს.
XS
SM
MD
LG