Accessibility links

logo-print

თეთრი სახლი შეცდა: სადამ ჰუსეინს არ უყიდია ურანი აფრიკაში


დავით პაიჭაძე, პრაღა თეთრმა სახლმა პირველად განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იყენებდა სადაზვერვო სამსახურის მიწოდებულ მცდარ ინფორმაციას, როცა ერაყის წინააღმდეგ ომის აუცილებლობას ასაბუთებდა. ამ აღიარებამ ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ცხარე დისკუსია გამოიწვია, მაინც რომელი სადაზვერვო სამსახური აყალბებდა მონაცემებს ომის დაწყებისათვის

საფუძვლის შესაქმნელად. მანვე უბიძგა ამერიკაში დემოკრატებს, მოეთხოვათ საკითხის ფართომასშტაბიანი გამოძიება. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის, ჯეფრი დონოვანის წერილს დავით პაიჭაძე გაგაცნობთ.

[ბუშის ხმა]: "ბრიტანეთის მთავრობამ შეიტყო, რომ სადამ ჰუსეინი ახლახანს შეეცადა აფრიკაში დიდი რაოდენობით ურანის შეძენას".

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა ეს სიტყვები ამა წლის იანვარში წარმოთქვა, როცა კონგრესს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენებით მიმართავდა. დღეს უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი, მაიკლ ენტონი აცხადებს, თეთრმა სახლმა მაშინ არ იცოდა, რომ დოკუმენტები არ შეიცავდა სიმართლეს.

სამხრეთ აფრიკაში ვიზიტის დროს ჯორჯ ბუშს დაუსვეს კითხვა ამ წინააღმდეგობის შესახებ. მას კონკრეტული პასუხი არ გაუცია, თუმცა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება, დაემხო სადამ ჰუსეინი.

[ბუშის ხმა]: "ეჭვი არ მეპარება, რომ სადამ ჰუსეინი საფრთხეს უქმნიდა მშვიდობას მსოფლიოში და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ შეერთებული შტატები, მოკავშირებტან და მეგობრებთან ერთად, სწორად მოიქცა, როცა ის ხელისუფლებას ჩამოაცილა".

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ერაყში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაასკვნა, რომ დოკუმენტები ნამდვილი არ იყო და არ ჩანდა, რა წყაროებს ეფუძნებოდნენ ისინი.

თეთრი სახლის მიერ შეცდომის აღიარებამ მყისვე აღანთო ოპოზიციონერი დემოკრატები, რომელთაც მოითხოვეს გამოძიება, თუ რა სადაზვერვო მონაცემებს ეყრდნობოდა შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ერაყში ომის წინ. სენატში დემოკრატების ლიდერმა, ტომ დეშლმა განაცხადა:

[დეშლის ხმა]: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოგვაწოდეს ცრუ ინფორმაცია, რაც, ვფიქრობ, საკმარისი საფუძველს უქმნის ამ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა ფაქტის ბოლომდე გამოძიებას".

თეთრს სახლს შეუტია შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა გაბონში, ჯოზეფ უილსონმა, რომელიც 2002 წელს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ მიავლინა აფრიკაში ერაყის სავარაუდო კავშირების გამოსაძიებლად. უილსონმა "ნიუ იორკ ტაიმსსა" და ტელეკომპანია "ენ-ბი-სი"-ს უთხრა, რომ თეთრი სახლისათვის გაგზავნილ მოხსენებაში ის წერდა, ძალიან საეჭვოა, ერაყი ნიგერში ურანის შესყიდვას ცდილობდესო.

რესპუბლიკელთა ლიდერმა წარმომადგენელთა პალატაში, ტომ დილეიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ სჭირდებოდა ერაყში შეჭრის შემაგრება იმით, რასაც დილეიმ პატარა შეცდომა უწოდა. მან თქვა, რომ ვაშინგტონის მიზეზები ომის საწარმოებლად გახმაურებულიც იყო და მორალურად გამართლებულიც.
XS
SM
MD
LG