Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესი ზეწოლას ახდენს პრეზიდენტ ბუშზე ერაყის ომთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენლებს თავის მართლება უხდებათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეაფასეს მათ ომის დაწყების წინ ერაყიდან მომდინარე მუქარა.





სახელწიფო დეპარტამენტის სადაზვერვო უწყების ყოფილმა თანამშრომელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ შეცდომაში შეიყვანა ამერიკელი ხალხი ერაყის სამხედრო პოტენციალის შეფასებისას.


სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 2001 წლის სექტემბერში განხორციელებული ტერაქტების ფონზე ერაყის სამხედრო პოტენციალის შეფასებიდან გამომდინარე დაიწყო ომი ერაყის წინააღმდეგ, და არა იმიტომ, რომ ახალი დადასტურება მიიღო იმის თაობაზე, რომ სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდა.

თეთრმა სახლმა ახლახან აღიარა რომ იანვარში, როცა იგი კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე გამოდიოდა ტრადიციული მიმართვით ამერიკელი ხალხისადმი "ქვეყნის მდგომარეობის შესახებ", პრეზიდენტ ბუშმა განაცხადა, რომ ერაყის დიქტატორი ლიდერი სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად ემზადებოდა, რაც, როგორც მოგვიანებით გამორიკვა, სადაზვერვო უწყების მცდარ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული.

ამ ინფორმაციის თანახმად, სადამ ჰუსეინმა ბირთვული იარაღის შექმნის მიზნით ურანის ყიდვა სცადა ნიგერში.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები კონგრესში აცხადებენ, რომ ბუშის ადმინისტრაციამ განზრახ გააზვიადა ერაყიდან მომდინარე მუქარა, რათა ამით ბაღდადის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება გაემართლებინა.

გრეგ ტილმენმა, რომელიც სექტემბერში გადადგა სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვისა და კვლევის ბიუროში დაკავებული თანამდებობიდან, ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი ღრმა რწმენით პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ამერიკელ ხალხს ერაყიდან მომდინარე სამხედრო მუქარის შესახებ.

ზემოხსენებულთან დაკავშირებით თავის მართლება უხდება პრეზიდენტ ბუშსაც, რომელიც აფრიკის ხუთ ქვეყანაში მოგზაურობს. ოთხშაბათს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ ოდნავადაც კი არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ომი დაიწყო ერაყთან, და რომ ადრე თუ გვიან მაინც დადასტურდება სადამ ჰუსეინის მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის ფაქტი.

კრიტიკის ქარცეცხლშია მოქცეული ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერიც. პარლამენტარები ახსნა-განმარტებას სთხოვენ მას იმასთან დაკავშირებით, თუ რითაა გამართლებული ანტიერაყულ კოალიციაში ბრიტანეთის მონაწილეობა.
ოთხშაბათს ლონდონში ბლერმა უარყო მისდამი წაყენებული ბრალდება, რომ მან თითქოს შეცდომაში შეიყვანა ბრიტანელი კანონმდებლები, როცა დოსიე გამოაქვეყნა გასულ წელს ერაყის მასობრივი განადგურების შესახებ.

ამდენად, პოლემიკა იმის თაობაზე, თუ რამდენად იყო გამართლებული ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება, გრძელდება. ამასობაში ერაყში არ წყდება თავდასხმები კოალიციის ძალებზე.
XS
SM
MD
LG