Accessibility links

logo-print

პოლიტიკური ვნებათაღელვა ენგურის ორივე მხარეს


კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის მოთხოვნით თბილისში 9 დღის განმავლობაში მიმდინარე აფხაზეთიდან ლტოლვილთა საპროტესტო აქციას ხუთშაბათს აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება გამოეხმაურა.

10 ივლისს დახურულ კარს მიღმა გამართულ საგანგებო სესიაზე დევნილობაში მყოფი უზენაესი საბჭო გაემიჯნა სოჭში მიღებულ ინიციატივებს და საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების კურსზე უარის თქმა მოსთხოვა. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა არ ცხრება ენგურის მეორე მხარეს, სადაც აფხაზური საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა "ამცახარას" ყრილობაზე ასევე რადიკალური ლოზუნგები გაისმოდა.


დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლება და თამაზ ნადარეიშვილი 12 წლის განმავლობაში ამტკიცებენ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკური გზით აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უპერსპექტივოა. მაგრამ დევნილთა ლიდერი არასოდეს ისე მწვავედ არ ყოფილა დაპირისპირებული საქართველოს ცენტრალურ ხელისიუფლებასთან, როგორც ამჟამად არის.

მის ასეთ რადიკალზიმს თავისი მიზეზები აქვს: პირველია - დაპირისპირება კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულ ემზარ კვიციანთან, რომელმაც ნადარეიშვილს აფხაზეთის დაკარგვა დააბრალა, ხოლო მეორე - სოჭში მიღწეული შეთანხმება აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენისა და ლტოლვილთა გალის რაიონში დაბრუნების შესახებ, რასაც სრულიად რეალური პირი უჩანს, მით უფრო, რომ სოჭის სულისკვეთების მხარდაჭერით თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოვიდა.
ბუნებრივია, თუ პროცესები კონფლიქტის ზონაში სოჭის სულისკვეთებით განვითარდა, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უზენაესი საბჭო და მისი მომხრე ელიტა დაკარგავს ფუნქციასაც და რეალურ გავლენასაც ლტოლვილებზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ უპირისპირდებიან სამშვიდობო მოწესრიგების პროცესს, რომ რეალური შედეგი არ უნახავთ. ამიტომაც იყო, რომ 9 დღის განმავლობაში აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს შენობასთან შეკრებილი მოშიმშილე დევნილები, ძირითადად, ყოფილი მებრძოლები, რომლებსაც არაერთხელ გამოუხატავთ ღია მხარდაჭერა თამაზ ნადარეიშვილისთვის, ყველაზე რადიკალურ მოთხოვნებს აყენებდნენ და იმუქრებოდნენ სარკინიგზო მაგისტრალის აფეთქებითაც კი, თუ სოჭის შეთანხმების რეალიზება დაიწყებოდა. შემდგომ კი პროცესები ნაცნობი სცენარით განვითარდა: ხუთშბათს საგანგებო სესიაზე შეკრებილმა დევნილმა უზენაესმა საბჭომ მოშიმშილეებს მხარი დაუჭირა და ღიად დაუპირისპირდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "საქართველომ უნდა დასვას საკითხი, მისცეს შეფასება იმას, რაც ხდებოდა ათი წლის განმავლობაში, როგორც უპერსპექტივო, და მოითხოვოს სამშვიდობო მოწესრიგების მანდატისა და ფორმატის შეცვლა."[სტილი დაცულია]

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ვნებები ბობოქრობს ენგურის მეორე მხარესაც, სადაც ხუთშაბათს გავლენიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა "ამცახარას" ყრილობა გაიმართა. როგორც ჩვენთან საუბარში საინფორმაციო-სააგენტო "აფსნი-პრესის" ჟურნალისტმა ზურაბ არღუნმა განაცხადა, აფხაზი ომის ვეტერანები კვლავ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში შექმნილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობას განიხილავენ.

[ზურაბ არღუნის ხმა] "ისინი განიხილავენ ყოვლისმომცველ საკითხს- აფხაზეთში შექმნილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას. და მეორე საკითხი,რომელიც მათ გამოიტანეს განსახილველად, შეეხება აფხაზეთის უსაფრთხოებას და მის წინაშე მდგარ მუქარებს."[სტილი დაცულია]

ნიშანდობლივია, რომ "ამცახარა" აფხაზთა ლიდერ ვლადისლავ არძინბას ღიად მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც სეპარატისტთა პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ სოჭის მოლაპარაკებაში მიიღო მონაწილეობა და დასთანხმდა პუტინ-შევარდნაძის სამკომპონენტიან სამშვიდობო ინიციციატივას. მაშინ აფხაზმა ვეტერანებმა მიაღწიეს მინისტრთა კაბინეტის გადაყენებას.

ასე რომ, ჩანს სტატუს-კვო აფხაზეთში აკმაყოფილებს ომის პარტიის ორივე განაყოფს - თბილისშიც და სოხუმშიც.
XS
SM
MD
LG