Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიწირავს თუ არა შეუსრულებელი ბიუჯეტი აღმასრულებელ ხელისუფლებას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში მორიგი სახელისუფლებო კრიზისი მწიფდება: პარლამენტი არ ეთანხმება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მომზადებულ სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების პროექტს და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გეგმავს.

სავარაუდოდ, პარლამენტში მთავრობის წევრთა იმპიჩმენტის დასაყენებლად აუცილებელი ხმების მოგროვება არ გაჭირდება. შეიწირავს თუ არა შეუსრულებელი ბიუჯეტი აღმასრულებელ ხელისუფლებას?


პარლამენტი მთავრობის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება: 9 ივლისს ახალი მემარჯვენეების მიერ გახმოვანებულ განცხადებას, რომ ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო აუცილებლად უნდა დადგეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, პარლამენტში ბევრი მხარდამჭერი აღმოაჩნდა. შეგახსენებთ აღმასრულებელი ხელისუფლების შეურიგებელი ოპონენტის, მემარჯვენეების, არგუმენტებს მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით. დავით კოღუაშვილის განცხადებით:
[დავით კოღუაშვილის ხმა] " ეკონომიკური გუნდისა და მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას იმისგან დამოუკიდებლად, სეკვესტრი განხორციელდება თუ არა. იმიტომ, რომ ეს იყო მათი ამბიციური გეგმები, მათ მიერ შემოთავაზებული არარეალისტური ბიუჯეტი, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით. სეკვესტრის პარალელურად, საბიუჯეტო შემოსავლები 15 აგვისტომდე უნდა გაიზარდოს 19 მილიონით - ეს არის არარეალისტური."
ბიუჯეტის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნას ეთანხმება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა სიორიძე, რომელიც, ახალი მემარჯვენეებისგან განსხვავებით, აცხადებს რომ ბიუჯეტის შესრულება შესაძლებელი იყო. მისივე პროგნოზით, თუ არ გაიზარდა საბიუჯეტო შემოსავლები, რიგით მეორე სეკვესტრიც გარდაუვალი იქნება.
შეგახსენებთ: ამ მოწვევის პარლამენტში არაერთხელ დამდგარა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი, მაგრამ ხელმოწერების მოგროვების პროცესი წარმატებულად არც ერთხელ არ დასრულებულა. არადა, საქართველოს კონსტიტუცია მთვრობის წევრების გადაყენების საკმაოდ რთულ პროცედურას აწესებს. უპირველესად, ბიუჯეტის შეუსრულებლობა მინისტრის ან მინისტრთა ჯგუფის გადაყენების მიზეზად არ შეიძლება იქცეს. უნდობლობის გამოცხადებისთვის მინისტრმა ან კონსტიტუცია უნდა დაარღვიოს, ან სამშობლოს უღალატოს, ან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინოს. ეს ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტუროს უზენაესმა სასამართლომ. შემდეგ კი პარლამენტი ხმების უმრავლესობით უნდობლობას გამოუცხადებს მინისტრს.
ფაქტია, ეს პროცედურა დროში ისე შეიძლება გაიწელოს, რომ კონკრეტული მინისტრის თუ მინისტრთა ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა ამ მოწვევის პარლამენტმა ვეღარც კი მოასწროს. შესაბამისად, მთავრობის გადაყენება-არ გადაყენების თვალსაზრისით გადამწყვეტი მაინც პრეზიდენტის პოზიცია იქნება: პარლამენტთან ურთიერთობის მორიგი გართულების თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტმა, შესაძლოა, თავად დაითხოვოს რამდენიმე მინისტრი.
და კიდევ ერთი: ფაქტია, საპარლამენტო ოპოზიციის პირველი სამიზნე სახელმწიფო მინისტრია, რომელიც სახელისუფლებო ბლოკს ხელმძღვანელობს. იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში ავთანდილ ჯორბენაძე საკუთარ ადგილს პარლამენტში ხედავს, ანუ პირადად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, მას საკუთარი სურვილით მოუწევს სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან წასვლა. ხოლო თუ ავთანდილ ჯორნებაძე მაინც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გეგმავს მოღვაწეობას, საპარლამენტო ოპოზიცია მაქსიმალურად ეცდება პრეზიდენტზე ზეწოლას, რათა მან სახელმწიფო მინისტრი დაითხოვოს.
XS
SM
MD
LG