Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მოსკოვში გახშირდა ტერორისტული თავდასხმები, და გაზეთი "მოსკოუ ნიუსი" საგულისხმოდ მიიჩნევს იმ ფაქტს,




რომ ტერორისტული აფეთქებები რატომღაც არჩევნების მოახლოებას ემთხვევა რუსეთში. ამ "სავალალო ტრადიციას", აღნიშნავს გაზეთი, "1996 წლის ზაფხულში მიეცა დასაბამი, როცა ხუთი დღით ადრე, ვიდრე პრეზიდენტი ბორის იელცინი გამოაცხადებდა, რომ გადაწყვიტა კენჭი იყაროს მოახლოებულ არჩევნებში, მოსკოვის მეტროში აფეთქება მოხდა. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"პოლიტიკური ფრაქციები კრემლში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გამოთქვამდნენ ვარაუდებს, თუ ვინ უნდა მდგარიყო ამ აფეთქების უკან, თუმცა ბოლოს მაინც ჩეჩნეთის ომს დაუკავშირეს მოსკოვის მეტროში მომხდარი ტრაგედია. მას შემდეგ, რაც იმავე ზაფხულს კიდევ ორი აფეთქება მოხდა მოსკოვში, რაც ჩეჩნებს დაბრალდა ოფიციალურად, მანამდე მომხდარი და ყველა მომავალი აფეთქებაც უკვე ჩეჩნეთის ომთან იქნა დაკავშირებული. ხოლო ამ ვერსიის დამადასტურებელი უტყუარი სამხილით არავინ დაინტერესებულა. ხელისუფლებას არ დასჭირებია რაიმე მტკიცებულების მოშველიება მრავალი რუსის დასარწმუნებლად იმაში, რომ ჩეჩნეთია ყველა ბოროტების სათავე, ზუსტად ისევე, მრავალმა ამერიკელმა რომ მიიღო მთავრობის ვერსია სადამ ჰუსეინსა და "ალ-ყაიდას" შორის არსებული კავშირის შესახებ. ჩეჩენმა მეამბოხეებმა კატეგორიულად უარყვეს 1996-სა და 1999 წლებში მომხდარ აფეთქებებში თავიანთი მონაწილეობა. ალბათ შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ხსენებული აფეთქებები სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მოახლოებული ეროვნული არჩევნებისთვის ემზადებოდნენ. და აი დღეს, როცა ასეთივე არჩევნები კარზეა მომდგარი, მოსკოვში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის".

"მოსკოვი ტერორიზმთან თანაარსებობას ეგუება", - წერს გაზეთი "ფრანკფურტერ რუნდშაუ" და დასძენს, რომ ხუთშაბათს მომხდარმა აფეთქებამ მოსკოვის ცენტრში, რასაც უშიშროების ფედერალური სამსახურის მაიორის, გეოგრი ტროფიმოვის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რუსეთი, როგორც ადამიანის უფლებათა მოძრაობის თვალსაჩინო აქტივისტმა სერგეი კოვალიოვმა მოსწრებულად შენიშნა, ჩეჩნეთის ომის პალესტინიზაციის პრობლემას დაუპირისპირდა. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"მოსკოვი თანადათანობით ეგუება ტერორს. მრავალი შენობის შესასვლელთან გუშაგობაა დაწესებული. უშიშროების საგანგებო ზომებია მიღებული რუსეთის მრავალ ქალაქში. როგორც რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" მიერ ათ ივლისს მომხდარი აფეთქების შემდეგ ჩატარებულმა მსმენელთა დაკითხვამ ცხადყო, იმ 3119 ადამიანიდან, ვინც რადიოში დარეკა, 53-მა პროცენტმა თქვა, რომ ტერორის შეწყვეტა ჩეჩენ მეამბოხეებთან მოლაპარაკების გზითაა მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი. ხოლო ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის ორი მესამედი რუსეთში ჩეჩენ მეამბოხეებთან მოლაპარაკების მომხრეა".

"პუტინისა და ალაჰის ქალიშვილები", - ასე მოიხსენიებს ჩეჩენ ტერორისტ ქალებს გაზეთი "ზიოდდოიჩე ცაიტუნგი". შავ სამოსელში გამოწყობილ ქვრივ მანდილოსანთა ტერორმა დაგვანახა, წერს გაზეთი, თუ რაოდენ მოშლილია ჩეჩნეთში ფასეულობათა ტრადიციული სისტემა, რომელიც სტალინური დეპორტაციის უმძიმეს პერიოდშიც კი არ დავიწყნიათ ჩეჩნებს. დამკვიდრებული ადათ-წესის მიხედვით, ქალები ემორჩილებიან მამაკაცებს, რომლებიც მათ იცავენ, სამაგიეროდ ქალები არ ომობენ. გაზეთი განაგრძობს:

"საუბედუროდ დღეს ეს ძველი სისტემა აღარ მოქმედებს; მამაკაცებს უკვე აღარ ძალუძს თავიანთი ცოლების, ქალიშვილებისა და დების დაცვა. შედეგად ფეხს იკიდებს რადიკალური ისლამი, რომელიც, პირველ რიგში, ახალგაზრდობას იზიდავს. მართალია შურისძიების გრძნობა მარტო ისლამისტებს როდი ამოძრავებს, და მაინც, იმას, ვინც თავს იფეთქებს, რაღაცისა უნდა სწამდეს. სწორედ ამით სარგებლობენ ექსტრემიზმის მქადაგებლები. თუმცა ჩეჩნეთის ომის მიზეზი სეპარატიზმი იყო, და არა ისლამი, ხოლო რადიკალური იდეების დამკვიდრება ჩეჩნეთში მხოლოდ რუსი სამხედროების ბარბაროსობის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მომავალში, შავ სამოსელში გამოწყობილი ობლები დაიწყებენ თავის აფთქებას. კრემლი, თქმა არ უნდა, საერთაშორისო ტერორისტებად მონათლავს მათ. მაგრამ ამგვარი ახსნა არ იქნება საკმარისი. შავებში გამოწყობილი ქვრივები არა მარტო ისლამისტი რადიკალების ქალიშვილები, არამედ პრეზიდენტების: ბორის ელცინისა და ვლადიმირ პუტინის ნამოქმედარის ნაყოფებიც არიან".
XS
SM
MD
LG