Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მეტეოროლოგიური სააგენტო ამინდის ცვლილების შესახებ იუწყება


გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ბოლო კვირის მანძილზე უჩვეულო ამინდი აღრიცხა მსოფლიოს მრავალ კუთხეში, რაც სააგენტოს თანამშრომლების შეფასებით, მსოფლიოში მიმდინარე კლიმატურ ცვლილებებზე მიუთითებს.

საერთოდ, კლიმატური ცვლილებები საკმაოდ პოპულარული თემაა, რომლის შესაბაც ბევრი გამოთქვამს თავის მოსაზრებებს - უფრო ხშირად შეშფოთებას წყალდიდობებისა თუ ქარიშხლების გახშირების, ან საზაფხულო ტემპერატურის მატების გამო. არადა, სამეცნიერო წრეებში დღემდე ვერ შეთანხმებულან, შეიძლება თუ არა ლაპარაკი "გლობალურ დათბობაზე". გაეროს ექსპერტების განმარტებით, ამათუიმ რეგიონში უჩვეულო ამინდის - სარეკორდო სიცხის, სიცივის, ნალექების დონის დაფიქსირებაში ახალი არაფერია. სიახლე მხოლოდ ის არის, რომ დროთა განმავლობაში სულ უფრო იმატებს ასეთი რეკორდების რიცხვი. ავიღოთ თუნდაც გასული თვე, ივნისი: "ივნისში სამხრეთ და აღმოსავლეთ საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატებოდა, რაც არანორმალურად მაღალია - 6 გრადუსით აღემატებოდა ნორმას. იგივე მოხდა შვეიცარიასა და ჩრდილოეთ იტალიაში. შვეიცარიაში ეს 250 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი ზაფხული იყო", აღნიშნა ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან, ჩარლზ რეკნაგელთან საუბარში გაეროს მეტეოროლოგიური სააგენტოს თანამშრომელმა, კენ დევიდსონმა. მისივე თქმით
"სიცხის ტალღა მოედო ინდოეთის ერთ ისეთ რეგიონს, რომელიც მაღალი სინოტივით გამოირჩევა. 45-დან 49 გრადუსამდე სიცხემ, რაც ნორმის 2-დან 5 გრადუსამდე გადაჭარბებას ნიშნავს, უმძიმესი პირობები შექმნა. სიკვდილის ბევრი, 1400 შემთხვევა აღირიცხა". თუ ამჟამინდელი ტენდენცია გაგრძელდა, 2003 წელი, შესაძლოა, ისტორიაში შევიდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელი - ისევე როგორც 2002, 2001 და 1998. ეს კი დაადასტურებს, რომ მსოფლიოში სულ უფრო იზრდება საშუალო ტემპერატურა - ყოველ შემთხვევაში, იმატებს მას შემდეგ, რაც 1861 წელს მეტეოროლოგები შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებას შეუდგნენ.
ასე, რომ მეცნიერთა კამათი გლობალური დათბობის თემაზე ახლა, გაეროს მეტეოროლოგიური სააგენტოს საანგარიშო მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, ალბათ, ახალ იმპულსს შეიძენს. კამათში მონაწილეთაგან ზოგი ფიქრობს, რომ უჩვეულო, ექსტრემალური ამინდი კლიმატისთვის დამახასიათებელი ცვლილებების შემადგენელი ნაწილია, მაშინ, როცა ზოგი მკვლევრის შეფასებით, საქმე ეხება გლობალური კლიმატის ფუნდამენტურ ცვლილებას. ამ საკითხს, როგორც ცნობილია, არც პოლიტიკური და ეკონომიკური განზომილებები აკლია - გლობალურ დათბობას (თუ მის არსებობას ვაღიარებთ) სამრეწველო ემისიები და ადამიანის მიერ გარემოს დაბინძურების სხვა ფორმები იწვევს. ასეთი დაბინძურების მასშტაბების შემცირება კი ძვირი ჯდება. 1997 წელს იაპონიის ქალაქ კიოტოში გაეროს ფორუმზე ხელმოწერილი ოქმი მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოუწოდებს სამრეწველო ემისიების შემცირებისაკენ, მაგრამ ოქმი დღემდე არ არის რატიფიცირებული რამდენიმე მსხვილ სახელმწიფოში, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და რუსეთში. რა გავლენას მოახდენს გაეროს მეტეოროლოგიური სააგენტოს ანგარიში ემისიების შესახებ უთანხმოებაზე, ალბათ, მალე გაირკვევა. ერთი რამ კი ცხადია: სარეკორდო სიცხე, სიცივე, ნალექების დონე, საერთოდ - ექსტრემალური ამინდი სულ უფრო ხშირად აღირიცხება და ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. ეს გავლენაა გვალვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, რომლებიც ზოგჯერ მილიონობით დოლარის მატერიალურ ზარალს იწვევს და სიცოცხლის ფასად უჯდება ასობით ადამიანს.


XS
SM
MD
LG