Accessibility links

logo-print

მეათე სტუდია 495


ძვირფასო რადიომსმენელებო.

გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 495-ე გამოშვებას. დღეს შევეცდებით, პასუხი გავცეთ შეკითხვას, სად ვეძებოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; შემოგთავაზებთ მასალას რელიგიური იზოლაციონიზმისა და რელიგიური შეუწყნარებლობის შესახებ; მოგითხრობთ საქართველოთი უცხოელი სტუდენტების დაინტერესებაზე; რადიოსადგურ "მწვანე ტალღის" ხელმძღვანელი მაკა ჯახუა გვესაუბრება ბაკურიანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე რადიოსადგურების საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ; პროგრამას დავასრულებთ ინტერვიუთი შეერთებულ შტატებში მომუშავე ქართველ მეცნიერთან, პროფესორ დავით მჭედლიძესთან.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


სად ვეძებოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე?

ბიძინა რამიშვილი:
საქართველოსთვის გამიზნული ჯეიმს ბეიკერის საარჩევნო რეცეპტი გულისხმობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ისეთი პიროვნების შერჩევას, რომელიც პოლიტიკურად არააქტიური, ყველასათვის ცნობილი და მისაღები ფიგურა იქნება. ამასთან, როგორც ცნობილია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია დანიშნავს. დავით პაიჭაძე შეეცადა, გაერკვია, ვინ ეგულებათ საქართველოს პოლიტიკურ სუბიექტებს ხსენებული პოსტის შესაფერ კანდიდატად. მოუსმინეთ დავით პაიჭაძეს.

დავით პაიჭაძე:
ამთავითვე უნდა ითქვას, რომ პოლიტიკოსები კონკრეტულ პირებს არ ასახელებენ, თუმცა აღწერენ გარემოს, საიდანაც ისურვებდნენ, ან არ ისურვებდნენ ცენტრალური საარცევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატის გამოჩენას. ასე მაგალითად, "გაერთიანებული დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა, გიორგი გაბაშვილმა მითხრა, რომ მათ პარტიას კანდიდატი არ ეყოლება - არავის დაასახელებენ და გამოთქვა იმედი, რომ ეუთო კანდიდატურის შერჩევისას დაეკითხება პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და, უბრალოდ, ავტორიტეტულ პიროვნებებს საქართველოში. გაბაშვილის აზრით, შესაძლებელია არა მარტო ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის მოინახოს ღირსეული თავმჯდომარე, არამედ უფრო დაბალი რანგის კომისიებისთვისაც. [გაბაშვილის ხმა]: "ასეთი ადამიანების პოვნა შესაძლებელია: საამისო რესურსი არის არასამთავრობო ორგანიზაციებში, მეცნიერთა შორის, რესურსია სხვადასხვა სფეროში დასაქმებული გავლენიანი ადამიანები, რომელტაც პატივს სცემენ და რომელთა პატიოსნებაში ფართო საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება".

გაერთიანებული დემოკრატების გენერალური მდივანი ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე არ ისურვებდა არათუ რომელიმე პარტიის წევრის, არამედ იმ უპარტიო პიროვნების ხილვას, რომელსაც საჯაროდ გამოუხატავს თავისი პოლიტიკური სიმპათიები.

ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი და თბილისის საკრებულოს მდივანი, ზურაბ ჟვანია, პირიქით, ეჭვით ეკიდება არასამთავრობო ორგანიზაციების წიაღიდან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევას. [ჟვანიას ხმა]: "არაფრით არ შეიძლება იმ არასამთავრობოების ნდობა, რომლებიც პარტიების შექმნილია. ძალიან ცოტაა მიუკერძოებელი არასამთვარობო ორგანიზაცია. უნდა დაინიშნოს, ალბათ, პედაგოგების, მეცნიერების, ინტელიგენციის რიგებიდან. ძალიან ძნელი მოსანახი იქნება; კანდიდატი აუცილებლად ნეიტრალური უნდა იყოს. ვინ? - ჩვენ არ გვიფიქრია".

ბლოკ "ახალი საქართველოსთვისა" და საქართველოს პარლამენტის წევრი, არმაზ ახვლედიანი ამბობს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტი არც ისე მნიშვნელოვანია, რომ ვნებათაღელვისა და საყოველთაო განხილვის საგანი გახდეს. ახვლედიანი ფიქრობს, რომ შესაფერი კანდიდატის მონახვა ძნელი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი არ მოისურვებს ამ თანამდებობის დაკავებას. [ახვლედიანის ხმა]: "ალბათ, ეს პიროვნება შეირჩევა კულტურის მოღვაწეთაგან, შემოქმედებითი ინტელიგენციიდან, რომელიც საზოგადოებისთვის ძირითადად მისაღები იქნება. ვფიქრობ, ეს იქნება უფრო სიმბოლური ფიგურა და არა რეალური ფუნქციების მქონე; მის პიროვნებაზე მთლიანად არ იქნება დამოკიდებული, როგორ იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისია".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, დავით ბერძენიშვილის აზრით, ყველაზე სანდო და კვალიფიციური ადამიანები, რომელთაც შეეძლებათ ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს უხელმძღვანელონ, დღეს რეალურ არასამთავრობო სექტორში მუშაობენ. საზოგადოება "სამართლიანი არჩევნები", ამბობს დავით ბერძენიშვილი, ერთ-ერთი ინსტიტუტი უნდა იყოს, რომელიც ეუთოს წინაშე რეკომენდაციას გაუწევს კანდიდატებს: ჩამოთვლილ თანამდებობებზე ხალხის შერჩევის სხვა მექანიზმი არ ჩანს. ბერძენიშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეუთოს მიერ დანიშნული თავმჯდომარე დამოუკიდებელი და დემოკრატიულ ღირებულებათა მატარებელი ფიგურა იქნება.

რაც შეეხება თავმჯდომარის პოსტის მნიშვნელობას, დავით ბერძენიშვილს მნიშვნელოვნად უფრო სხვა რამ მიაჩნია [ბერძენიშვილის ხმა]: "თავისთავად, საარჩევნო პროცესი იქნება თვისებრივად განსხვავებული. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები განაჩენს გამოუტანს შევარდნაძე-აბაშიძის ხელისუფლებას. ამიტომ, ჩვენი ინტერესია, იყოს ნამდვილად ნეიტრალური ფიგურა. ეუთოს ინტერესიც ასეთი იქნება".

მოკლედ, პოლიტიკური პარტიები, ეტყობა, მართლაც შეთანხმდნენ, რომ არ ჩაერევიან ეუთოს გადაწყვეტილებაში. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ ამას ჯერ არ აკეთებენ.



რელიგიური იზოლაციონიზმიდან რელიგიურ შეუწყნარებლობამდე

ბიძინა რამიშვილი:
26 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰაიმში ჩატარდა ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მე-12 ასამბლეის სხდომა, სადაც ევროპის პროტესტანტული, მართლმადიდებელი და კათოლიკური რელიგიის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ევროპის ეს რელიგიური ოჯახი 1997 წელს დატოვა, რასაც, ზუსტად ერთი წლის შემდეგ მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან საკუთრი ნებით გამოსვლაც დაემატა. ეს ფაქტი მხედველობიდან არ გამორჩენიათ ნორვეგიაში შეკრებილ საეკლესიო პირებს, რომლებმაც გადაწყვიტეს სპეციალური წერილით მიმართონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს. მანამდე კი ასამბლეიდან ჩამოსული ერთადერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი, დეკანოზი ბასილ კობახიძე კვლავ ლაპარაკობს რელიგიური იზოლაციონიზმის პოლიტიკაზე, რაც პირადირ კავშირშია საქართველოში ფეხმოკიდებულ რელიგიურ შეუწყნარებლობასთან.


კობა ლიკლიკაძე:
ევროპის ეკლესიათა კონფერენციამ, რომელიც საერთო ევროპულ ეკომენურ გაერთიანებას წარმოადგენს, აქტიური მოღვაწეობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაიწყო და მის რიგებში დღეისთვის 130-ზე მეტი ეკლესია და რელიგიური ორგანიზაციაა გაერთიანებული.

საქართველოს მართლამადიდებელი ეკლესია ამ კონფერენციაში 1962 წლიდან მოანწილეობდა, ან იმ დროიდან, როდესაც ქვეყანა საბჭოთა კავშირში იყო ინტეგრირებული და იზოლირებული იყო ევროპული სივრციდან. ხოლო საქართველოს ამჟამინდელი კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 80- იან წლებში, მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს თავმჯდომარეობდა. მაგრამ თითქოს პარადოქსია, რომ როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და ევროპული პოლიტიკური სტრუქტურებისკენ დაადგა გზას, 1997 წლის 20 მაისს, საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია გამოეყო ევროპულ ეკლესიათა კონფერენციას, რომელსაც ევროპელი თეოლოგები "ევროსაბჭოს რელიგიურ ექკივალენტს" უწოდებენ.

მაგრამ ასე არ თვლის, საქართველოს საპატრიარქო, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი დავით შარშენიძე, რომელიც სინოდის 5 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას ორაგნიზაციების ეკლეზიოლოგიური მისწრაფებებით ხსნის.

[დავით შარაშენიძის ხმა] "ეს ნიშნავს იმას, რომ ეს აღარ იყო ფორუმის სახის ორგანიზაციები, სადაც შეიძლებოდა, ვთქვათ, თეოლოგიური დიალოგების გამართვა და ძიება იმ გზებისა, რომელიც მიიყვანდა ქრისტიანულ ერთობამდე. არამედ ეს იყო უკვე ორგანიზაციები, რომლებსაც ჰქონდათ პრეტენზია ეკლეზიოლოგიურ საკითხებზე. ანუ, რაღაც ზეეკლესიის მაგვარ სტრუქტურაზე."

ასეთ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის განმარტებით, ზეეკლესიურ სტრუქტურაში მონაწილეობაზე საქართველოს მონაწილეობაზე უარი მხოლოდ ბულგარეთის ეკლესიამ თქვა. დანარჩენმა - მართლმადიდებელი, ლუთერანული, ბაპტისტური, კათოლიკური, სომხურ გრეგორიანული თუ სხვა ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლებმა 26 ივნისიდან-5 ივლისის ჩათვლით ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმში, მე-12 ასამბლეაზე მოიყარეს თავი.

"განკითხვის დღეს მე და თქვენ არავინ გვკითხავს: როგორი სიწმინდით ვინახავდით მარხვას, ლოცვაში რამდენჯერ განვერთხმებოდით მიწაზე, რამდენი წიგნი დავწერეთ, რამდენჯერ გამოვედით საერთაშორისო კონფერენციაზე. ჩვენ ამას გვკითხავენ: დააპურე მშიერი? დაარწყულე მწყურვალი? შეიფარე უცხო? შემოსე შიშველი? მიხედე სნეულსა დ აპტიმარს? ქრისტეს სიყვარული სხვა ადმიანების მიმართ სიყვარულში ვლინდება. სხვაგვარად არა," ამ სიტყვებით მიმართა ევროპულ ეკლესიათა კონფერენციის დელეგატებს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა.

დეკანოზ ბასილ კობახიძის განმარტებით, რომელიც ერთადერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი იყო საქართველოდან, თეოლოგიური საკითხების გარდა, ასამბლეის მთავარი თემები იყო სამართლიანობა, ადამიანის უფლებები, მიგრაცია, ბუნების დაცვა, კონფლიქტები, ადამიანებით ვაჭრობა და გაფართოებული ევროპა, საიდანაც ქართულმა მართმადიდებელმა ეკლესიამ ფეხი ამოიკვეთა, რასაც დეკანოზი ბასილ კობახიძე მიუტევებელ შეცდომად თვლის.

[ბასილ კობახიძის ხმა] "როდესაც მოსახლეობის 98 პროცენტია მართლმადიდებებია და ყველა ეკლესიურად ცხოვრობს თანამედროვე პერიოდში, და მაშინ, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია გამოდის, ეს ნიშნავს, რომ მთელი ერი თითქმის გამოდის და მთელი ერი რჩება იზოლირებული საერთო-ევროპული ქრისტიანული ცხოვრებისაგან. ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკური ზეწოლა ასეთი ანტიევროპული ღირებულებების დასანარგად ჩვენს მორწმუნე მრევლში."

ნეგატიურად აფასებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ასეთ იზოლაციონისტურ კურსს ინტელიგენციის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. თუმცა ხმამაღლა ძალიან ცოტა თუ ბედავს ტრადიციულად ყველაზე გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტის გადაწყვეტილების გაკრიტიკებას. თუმცა, თავის დროზე საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა, რომელთა შორის ცნობილი ენათმეცნიერი, პროფესორი მზექალა შანიძეც გახლდათ, სცადეს დაერწმუნებინათ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ამ გადაწყვეტილების სიმცდარეში.

[მზექალა შანიძის ხმა] "თითქოს ქართველობამ, მართლმადიდებლობამ ყველასაგან უნდა მოიწყვიტოს თავი და ჩვენ ვართ ერთადერთი დედამიწის ზურგზე. ეს მართლაც დამღუპველი პოზიცია არის. და, მართლა, ამის უკან ისეთი სიბნელე დგას, რომ პირველ რიგში თუ ეს არ მოვსპეთ, რაღაცნაირად, ყველაფერში(პოლიტიკაში, რელიგიაში, საქმიანობაში), რომ აი, მარტო ჩვენ ვართ, - ძალიან ცუდი რამ მოგველის."

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ევროპულ ეკლესიათა წიაღში დაბრუნების მოსურნეა ევროპის ეკლესიათა კონფერენცია, რომელიც ამზადებს შესაბამის მიმართვას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სახელზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ, ერთი ასეთი თხოვნა, რომელიც საქართველოს პატრიარქს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს თესალონიკის სიმპოზიუმის მონაწილეებმა 3 ივნისს გამოუგზავნეს, უპასუხოდ დარჩა.

ბიძინა რამიშვილი:
სამაგიეროდ საქართველოს საპატრიარქო დაუყოვნებლივ გამოეხმაურა დეკანოზ ბასილ კობახიძის საჯარო გამოსვლებს. როგორც პარასკევს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა გიორგი ანდრიაძემ განაცხადა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თვითნებური მოქმედებისა და გამოთქული შენიშვნების გამო, აპირებს საეკლესიო უფლებამოსილება შეუწყვიტოს დეკანოზ ბასილ კობახიძეს.


უცხოელი სტუდენტები საქართველოთი ინტერესდებიან

ბიძინა რამიშვილი:
იმის მიუხედავად, რომ უცხოური მედიით გავრცელებული ცნობები არც თუ კარგ რეპუტაციას უქმნის საქართველოს, იზრდება იმ ახალგაზრდა უცხოელთა რაოდენობა, ვინც თავის პროფესიულ საქმიანობას საქართველოს უკავშირებს. ივლისის შუა რიცხვებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობას დაიწყებს უკვე ტრადიციად ქცეული საზაფხულო სკოლა, სადაც უცხოელ სტუდენტებს არა მხოლოდ ქართული ენის, არამედ საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესწავლის საშუალებნა ექნებათ. დღეს კი თამარ ჩიქოვანი ორ უცხოელ სტუდენტზე გიამბობთ, ვინც თავისი სადიპლომო ნამუშევრის თემად საქართველო აირჩია.

თამარ ჩიქოვანი:
ჯუდითა ზოჯა იტალიელია. ის ვენეციის უნივერსიტეტში სწავლობს, თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხშირად უწევს თბილისში ჩამოსვლა. არც არის გასაკვირი - ჯუდითამ თავის სადიპლომო ნამუშევრის თემად 60-70 წლების საქართველოს საზოგადოების ისტორია აირჩია. მასალების მოგროვებამდე აუცილებლად ჩათვალა ქართული ენის სწავლა. ახლა, ამ ეტაპზე უკვე მასალების ძიებითაა დაკავებული:

[ჯუდითა ზოჯას ხმა] " ვიპოვე, მაგალითად, ჟურნალები "საქართველოს მოამბე" და "ოქროს საწმისი" და ხვალ უნდა წავიდე კანცელარიაში, სადაც შევხვდები პეტრე მამრაძეს. მითხრა, რომ შეიძლება ვიპოვო მასალა კანცელარიაში".

კითხვაზე, თუ რატომ აირჩია კვლევისთვის მაინცდამაინც 60-70 წლები, ჯუდითი ამბობს, რომ სტუდენტები, ჩვეულებრივ, ერიდებიან უახლესი ისტორიის კვლევას და უპირატესობას უკვე კარგად ისტორიის უძველეს ეპოქებს ანიჭებენ - ლიტერატურაც მეტია, რაც დისპლომის წერას აადვილებს, მაგრამ მან სპეციალურად აირჩია საქართველოს ისტორიის ის მონაკვეთი, რომელიც თავად საქართველოშიც კი ნაკლებად არის შესწავლილი. ჯუდითი საქართველოში დისიდენტური მოძრაობის სათავეებს იკვლევს. მისი თქმით:

[ჯუდით ზოჯას ხმა] " მაგალითად, ჰელსინკის ჯგუფი დასაწყისში ადამიანის უფლებებს იცავდა, მაგრამ მალე გახდა ეროვნული მოძრაობა. საინტერესოა, როგორ განვითრდა ეს პროცესი."

შენიშნვაზე, რომ ეროვნული მოძრაობის ისტორიის კვლევისთვის არანაკლებ საინტერესოა 70-80 წლები, როცა დისიდენტური მოძრაობა საქართველოში მრავალფეროვანი გახდა, ჯუდითი მპასუხობს:

[ჯუდით ზოჯას ხმა] " მერე უფრო აქტიური იყო, მაგრამ მე მაინტერესებს, როგორი იყო დასაწყისში. ახლა უნდა დავწერო სადიპლომო დისერტაცია. უნივერსიტეტის შემდეგ თუ გავაგრძელებ მაგისტრატურას, რა თქმა უნდა, შემიძლია გავაგრძელო ამ მასალის ძიება."

ჯუდითის თქმით, მისი მშობლები მშვიდად ეკიდებიან შვილის თვეების განმავლობაში თბილისში ყოფნას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უცხოელთა გატაცებების შესახებ იტალირი პრესაც წერს. თავად თავს თბილისში კარგად გრძნობს. ერთადერთი, უდენობის პირობებში ცხოვრება პრობლემებს უქმნის. ახლაც, ერთერთ ბნელ ქუჩაში წაიქცა და ხელი იტკინა.

სინტა დეპონდტსო ჰოლანდიელია. ის პარიზში სწავლობს და საერთაშორისო ურთიერთობებს ეუფლება. თავდაპირველად, რუსეთის თანამედროვე ისტორიით იყო დაინტერესებული, რის გამოც საკმაოდ კარგად შეისწავლა რუსული ენა. მერე - ქართული ფილმები ნახა და მიხვდა, რომ საქართველო აბსოლუტურად განსხვავებული ქვეყანაა. შესაბამისად აირჩია სადიპლომო ნამუშევრის თემაც - რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება. სინტაც ჯუდითის მსგავსად საკვლევი მასალის ნაკლებობაზე საუბრობს:

[ სინტა დეპონდტსოს ხმა] " ეს პოლიტიკა და ურთიერთობა რუსეთთან ძალიან სპეციფიურია. წუგნი არ არის ბევრი. ახლა ვმუშაობ - სტატიას ვკითხულობ, ველაპარაკები პოლიტიკოსებს და მეცნიერებს."

სინტა თბილისიდან ერთ კვირაში გაემგზავრება. ჯუდითი კი ოქტომბრამდე აქ დარჩება.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ბაკურიანის კონფერენცია რადიოთანამშრომლობის შესახებ

ბიძინა რამიშვილი:
მიმდინარე კვირაში ბაკურიანში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მთელი რიგი, მათ შორის სამხრეთი კავკასიის ქვეყნების, რადიოსადგურების წარმომდადგენლები მონაწილეობდნენ. ჩვენი რადიოს თანამშრომელი ნინო გელაშვილი პრაღიდან ტელეფონით დაუკავშირდა ბაკურიანში კონფერენციის ორგანიზატორს, რადიოსადგურ "მწვანე ტალღის" ხელმძღვანელს, მაკა ჯახუას.

იხ. აუდიოვერსია.

ბიძინა რამიშვილი:
ბაკურიანში გამართული კონფერენციისა და სხვადასხვა ქვეყნების რადიოსადგურების თანამშრომლობის შესახებ გვესაუბრებოდა რადიოსადგურ "მწვანე ტალღის" ხელმძღვანელი მაკა ჯახუა, რომელსაც ნინო გელაშვილი დაუკავშირდა პრაღიდან.


ინტერვიუ დავით ჭელიძესთან

ბიძინა რამიშვილი:
დღეს "მეათე სტუდიის" სტუმარია ქართველი მეცნიერი, ამერიკაში მოღვაწე ინჟინერი, დავით ჭელიძე. მას მარიამ ჭიაურელი დაუკავშირდა ტელეფონით.

იხ. აუდიოვერსია.

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ ინტერვიუ ქართველი მეცნიერთან, ამერიკაში მოღვაწე ინჟინერ დავით ჭელიძესთან. მას მარიამ ჭიაურელი ესაუბრებოდა.

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ნინო გელაშვილმა და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.
XS
SM
MD
LG