Accessibility links

logo-print

მორიგი ორთქლის გამოშვება უშიშროების საბჭოზე


ლტოლვილების საპროტესტო აქციის მოთხოვნები და აფხაზეთის დევნილობაში მყოფი უზენაესი საბჭოს დადგენილება გაეროს მე-7 მუხლის ამოქმედების შესახებ პარასკევს გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს დღის წესრიგის მთავარ თემად იქცა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ძალოვანი მინისტრი, რომელსაც დევნილთა რადიკალური განწყობა გადაედო, უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყების წინ კონფლიქტთა გადაწყვეტის ძალისმიერი მეთოდის სასარგებლო განცხადებებით გამოვიდა. თუმცა შემდეგ ყველაფერი "ორთქლის გამოშვებით" დასრულდა.

პროცესი, რომელიც საქართველოში განვითარდა, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრების მიერ 10 დღის წინ დაწყებული საპროტესტო აქციის შედეგად, აღმავალი ხაზით წარიმართა და ქვეყნის ყველაზე მაღალ ადმინისტრაციულ ინსტანციას, სახელმწიფო კანცელარიას, მიაღწია. შესაბამისად, პარასკევ დილას უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოსულ სამინისტროთა ხელმძღვანელებს, განსაკუთრებით ე.წ. ძალოვან მინისტრებს, მძლავრად აჩნდათ მთელი იმ ათდღიანი ვნებათაღელვის კვალი.

თუმცა მათი შეფასებები ომისა და მშვიდობის საკითხში კვლავაც დიამეტრულად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან: მაგალითად, საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გენერალმა ავთანდილ იოსელიანმა მხარი დაუჭირა თამაზ ნადარეიშვილის მოთხოვნებს და განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში გადამწყვეტი მოქმედების დრო დადგა.

[ავთანდილ იოსელიანის ხმა] "მე მიმაჩნია, რომ ჩვენ დროულად უნდა ჩავერიოთ საქმეებში, რათა ჩვენი პოზიციები განვამტკიცოთ."

[შეკითხვა] "რას გულისხმობთ?"

[ავთანდილ იოსელიანის ხმა] "პირველ რიგში, მშვიდობიან მეთოდებს. მაგრამ ერთი რამე დაიმახსოვრეთ: ჩვენ გვიწერია ჩვენს დებულებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ახლა, თქვენ ჭკვიანი გოგონები ხართ და, ვეღარ უნდა მიხვდეთ?"

უფრო პესიმისტურად გამოიყურებოდა სხდომაზე მოსული საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელსაც, სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის შეუსრულებლობის გამო, დაფინანსება თვალსა და ხელს შუა 7 მილიონი ლარით შეუმცირეს. სწორედ ამიტომ დავით თევზაძე შეკითხვებს კიდევ უფრო ორაზროვნად პასუხობდა:

[შეკითხვა] "ქვეყანა არის თუ არა ომისთვის მზად?"

[დავით თევზაძის ხმა] "ქვეყანას გააჩნია."
[შეკითხვა] "ჩვენი ქვეყანა?"
[დავით თევზაძის ხმა] "ჩვენი ქვეყანა არის ძაან მშვიდობიანი ქვეყანა."


უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ კი ჩვეული პირდაპირობით განაცხადა, რომ ქვეყანას საომარი გეგმის ამოქმედების რესურსები არა აქვს.

[ვალერი ხაბურძანიას ხმა] "ქვეყანას რესურსები არა აქვს და ამის შესახებ იცის აფხაზეთის ხელმძღვანელობამაც."

შესაბამისად, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა მთელ ამ ვნებათაღელვას და სხდომის ყველა დამსწრე დააკამყოფილა, მათ შორის, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობა.

[ლონდერ ცაავას ხმა] "საქართველოს ხელისუფლება, უშიშროების საბჭოს სახელითა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიმართავს ყველა ამ ორგანიზაციას გაეროს მე-7 თავის ამოქმედების თაობაზე."

თუმცა აქ აუცილებლობა მოითხოვს აღინიშნოს შემდეგი გარემოება:
პროცედურულად, უშიშროების საბჭოს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, სპეციალური მიმართვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს, ხოლო პარლამენტმა იგი უნდა დაამოწმოს. მსგავსი ხასიათის მიმართვა კი საქართველოს პარლამენტს უკვე ორჯერ აქვს მიღებული.
XS
SM
MD
LG