Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ომისშემდგომი ვითარება ერაყში, და რუსეთში მიმდინარე მოვლენები, -





ამ ორ საკითხს დაეთმობა უცხოეთის პრესის დღევანდელი მიმოხილვა. როგორც გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ საომარ მოქმედებათა დამთავრებიდან ორი თვის შემდეგ ესოდენ არასტაბილური და სახიფათო ვითარება შეიქმნებოდა ერაყში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა-ბრიტანეთის დროებითმა ადმინისტრაციამ პოლ ბრემერის ხელმძღვანელობით გარკვეულ პროგრესს მიაღწია, განრისხებული ერაყელები საოკუპაციო ძალებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ძალზედ ნელი ტემპით ხდება ქვეყანაში სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის აღდგენა, აგრეთვე მთავრობასა და პოლიციის ხელმძღვანელ თანამდებობებზე ერაყელების დაბრუნება. გაზეთი დასძენს:

"ახლა, პირველ რიგში, ომით გაპარტახებული ერაყის აღდგენის რეალისტური და ქმედითი გეგმის შემუშავებაა საჭირო. ხოლო თეთრი სახლის ადმინისტრაციამ უნდა აცნობოს ამერიკელ ხალხს, რომ ერაყის აღდგენას კიდევ მრავალი თვე დასჭირდება და შესაძლოა კიდევ არაერთი ამერიკელის სიცოცხლე შეეწიროს. სასწრაფოდ უნდა მომზადდეს ახალი კონსტიტუციის პროექტი, რათა ქვეყანაში მცხოვრები შიიტების უმრავლესობას, აგრეთვე უმცირესობით წარმოდგენილ სუნიტებსა და ქურთებს აღარ ჰქონდეთ იმის შიში, რომ მათს ადგილს მომავალ მთავრობაში უცხოელები დაიკავებენ".

გაზეთ "ქრისჩიენ საიანს მონიტორის" მიმომხილველი ჰელენ კობენი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა გაეროს უნდა გადააბაროს ომისშემდგომ ერაყში ქვეყნის მართვის სადავეები. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"მას შემდეგ, რაც დროებითი ადმინისტრაციის ფუნქციებს გაერო გადაიბარებს, ერაყში მყისვე შეიცვლება ვითარება. ჯერ ერთი, გაეროს ადმინისტრაციას ექნება ლეგალური სტატუსი, რაც ესოდენ აკლია ერაყში შეერთერული შტატების ყოფნას. გარდა ამისა გაეროს, სამშვიდობო ძალებისა და ვითარების სტაბილიზაციისათვის საჭირო სხვა რესურსების მიზიდვა შეულია ერაყში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან."

საფრანგეთის გაზეთი "მონდი" შეერთებულ შტატებში რვა ივლისს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს უკეთებს კომენტარს და წერს, რომ ამერიკელების 67 პროცენტს კვლავინდებურად მიაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ვაშინგტონმა, როცა ომი დაიწყო ერაყის წინააღმდეგ. გაზეთი განაგრძობს:

"მაგრამ, პრეზიდენტ ბუშის პოპულარობა მკვეთრად დაეცა, რაც ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების შემდგომი ყოფნით, აგრეთვე შეერთებულ შტატებში შექმნილი არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობით უნდა იყოს გამოწვეული. ჯორჯ ბუშის პოპულარობა ომის დამთავრების შემდეგ 14 პროცენტით შემცირდა და დღეს, მოსახლეობის მხოლოდ 60 პროცენტი აფასებს დადებითად პრეზიდენტის მოღვაწეობას თეთრ სახლში."

"დიდი რეკეტი რუსული ბიზნესის მიმართ", - ასეა დასათაურებული ვრცელი კომენტარი გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში". ნავთობის მაგნატი - მიხაილ ხოდორკოვსკი, მრავალი ექსპერტის აზრით, ყველაზე მდიდარი ადამიანია რუსეთში. და ასეთ ადამიანს გართულებები შეექმნა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობაში - აღნიშნავს გაზეთი და სტატიაში განაგრძობს:

"გასულ კვირაში ხოდორკოვსკის დაკითხვა მოუწყეს პროკურატურაში მისი ერთ-ერთი მოადგილის საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით. ასეთი რამ ხდება, და არა მარტო რუსეთში. დასავლეთში ძალზედ გავლენიანი ადამიანებისთვისაც დაუდიათ ხელმობრკილი. თუმცა ხოდორკოვსკის შემთხვევაში მართლმსაჯულების მეშვეობით ერთგვარ გამოძალვაზე შეიძლება უფრო ლაპარაკი, და არა კანონის უზენაესობაზე. თავად ხოდორკოვსკი პრეზიდენტ პუტინის გუნდში სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის ძალაუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლაზე ლაპარაკობს. კრემლში მოღვაწეობის პირველსავე დღეებში ბატონმა პუტინმა კანონის დიქტატურა გამოაცხადა თავის ძირითად პრინციპად, ხოლო სულ მალე, პროკურატურისა და უშიშროების ფედერალური სამსახურის მეშვეობით აიძულა თავისი მოწინააღმდეგეები ბერეზოვსკი და გუსინსკი - რუსეთიდან წასულიყვნენ."

"პუტინის სნეული სახელმწიფო", - ასე მოიხსენიებს დღევანდელ რუსეთს გაზეთი "ფრანკფურტერ რუნდშაუ". სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"ვლადიმირ პუტინი გამარჯვებული გამოვიდა საპრეზიდენტო არჩევნებში და უწინარესად იმ დაპირების წყალობით, რომ სწრაფად დაამყარებდა წესრიგს ჩეჩნეთში. ეს უნდა ყოფილიყო იმპერიული წესრიგი, რომელსაც ჩეჩნები უნდა დამორჩილებოდნენ. ბატონმა პუტინმა და მისმა მრჩევლებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს ჩეჩენი ხალხის პოტენციალი - სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლონ დამოუკიდებლობისთვის. შედეგად, ვითარება ჩიხში მოექცა. ფედერალური ჯარის ბარბაროსობა დაღუპულთა ნათესავებს, მათ შორის ქალებს უბიძგებს - თვითმკვლელი ტერორისტების რიგებს შეუერთდნენ."
XS
SM
MD
LG