Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო ვნებები აზერბაიჯანში: მამა-შვილი ალიევები პრეზიდენტობას ესწრაფიან


დავით პაიჭაძე, პრაღა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ვაჟის, ილჰამის გადაწყვეტილებამ,

ამა წლის ოქტომბერში კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე, წარმოშვა ვერსიებისა და ვარაუდების მთელი წყება, თუ რა საიდუმლო პოლიტიკური კომბინაცია ჩაიფიქრა ამჯერად სნეულმა პატრიარქმა უახლოეს გარემოცვასთან ერთად. ილჰამ ალიევის ნომინირების შესაძლო მოტივებს ბაქოში დეტალურად განიხილავენ, პოლიტიკის ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანის ლიდერი უკვე მზადაა, ხორცი შეასხას გეგმას მემკვიდრეობის გადაცემის შესახებ.

15 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, თავად არჩევნების საკითხი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება: ერთთვიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ, რომელსაც ამძაფრებდა პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის გაუარესებული ჯანმრთელობა, მმართველმა "ახალი აზერბაიჯანის" პარტიამ 23 ივნისს ქვეყნის მოქმედი ლიდერი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. ამას თითქოს წერტილი უნდა დაესვა გავრცელებული ხმებისთვის, რომ ჰეიდარ ალიევი პოსტს მისი 41 წლის ვაჟის, ილჰამის სასარგებლოდ დათმობდა. მაგრამ ცოტა ხნის წინ ნახჭევანის მოქალაქეთა ჯგუფმა {ალიევის ოჯახი წარმოშობით ნახჭევანიდანაა} ილჰამიც პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

ოპოზიციური ლიდერებისა და პოლიტიკის ანალიტიკოსთა გასაკვირად, აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მამაცა და შვილიც კანდიდატებად დაარეგისტრირა, თუმცა ილჰამმა განაცხადა, რომ ხმას მამას მისცემს და მის საარჩევნო კამპანიასაც შეუერთდება.

ჰეიდარ ალიევს კომენტარი არ გაუკეთებია ვაჟის ნომინირებისათვის, მაგრამ პრეზიდენტის თანაშემწემ, რამიზ მეჰდიევმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ათამდე კანდიდატთან შედარებით, "მმართველი პარტიის ორი კანდიდატი" ნორმიდან გადახრად არ უნდა ჩაითვალოს.

ანლიტიკოსმა და ყოფილმა პარლამენტარმა, ნაზიმ იმანოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, მეჰდიევმა რაც უნდა თქვას, აზერბაიჯანის მმართველი ოჯახი მსოფლიო პრეცედენტის ავტორი გახდაო [იმანოვის ხმა]: "რამდენადაც ვიცი, მსოფლიოში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მამა და შვილი ერთდროულად არიან დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატებად, რაც თავისებურად ახასიათებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ბატონ ალიევს და მთელ მის ოჯახსაც".

იმანოვის აზრით, ილჰამის დასახელება პრეზიდენტობის კანდიდატად ჰეიდარ ალიევის "დაზღვევის პოლისია" იმ შემთხვევისათვის, თუ ისედაც სუსტი ჯანმრთელობის გაუარესება აიძულებს პრეზიდენტს, დატოვოს პოსტი. ნაზიმ იმანოვი არ იზიარებს პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ზოგიერთი გაზეთის დამცინავ დამოკიდებულებას მამა-შვილის კანდიდატობის მიმართ, თითქოს ეს მმართველი ელიტის უმწეობის ნიშანი იყოს. იმანოვის აზრით, ჰეიდარ ალიევს საკუთარი ჯანმრთელობა საშუალებას რომ აძლევდეს, მესამე ვადით მარტო იყრიდა კენჭს. ყოფილი პარლამენტარი ეჭვობს, ალიევი ჯანმრთელად რომ იყოს, საკუთარი ვაჟის კანდიდატურას არ წამოაყენებდა [იმანოვის ხმა რუსულად].

ილჰამს დიდხანს ზრდიდნენ მამამისის მემკვიდრედ, თუმცა აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ყოველთვის უარყოფდნენ, რომ ჰეიდარ ალიევს შეეძლო განეხილა ხელისუფლების გადაცემის მონარქიული წესი. არადა, საბჭოთა პოლიტბიუროს ყოფილი წევრმა თავად მოუმზადა ნიადაგი მისი ვაჟის აღმასვლას ხელისუფლებაში: განაწესა აზერბაიჯანის ნავთობის ეროვნული კომპანიის ვიცე-პრეზიდენტად, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად, პარტია "ახალი აზერბაიჯანის" თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და, ბოლოს, ევროსაბჭოში აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელად. ბაქოელი ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ილჰამი მხოლოდ ჰეიდარ ალიევის ჩაგონებით გახდა პრეზიდენტობის კანდიდატი.
XS
SM
MD
LG