Accessibility links

logo-print

50 წლის "პლეიბოი" რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში


დავით პაიჭაძე, პრაღა წელს სრულდება 50 წელი ჟურნალ "პლეიბოი"-ს დაარსებიდან. ამერიკული პოპ-კულტურის ეს ნიმუში გულთბილად მიიღეს აღმოსავლეთ ევროპაშიც.

სლოვენიასა და ბულგარეთში "პლეიბოი" ყოველთვიურ გამოცემათა ლიდერია; პირველთა შორისაა პოლონეთში, უნგრეთში, რუსეთში, რუმინეთსა და ხორვატიაში. საერთაშორისო გამოცემები "პლეიბოი"-ს დამაარსებლის, ჰიუ ჰეფნერის კორპორატიულ ფილოსოფიას საკუთარ, ასე ვთქვათ, ადგილობრივ მიდგომებსაც უთავსებენ. კომუნისტური პროპაგანდის მიერ ოდესღაც "დასავლური გახრწნილების" ნიმუშად შერაცხილ "პლეიბოი"-ს დღეს უცვლელი მკითხველი ჰყავს მთელ აღმოსავლეთ ევროპაში.


"პლეიბოი", ტრადიციულად, მამაკაცების ჟურნალად ითვლება, თუმცა, ვთქვათ, იმავე ბულგარეთში მისი მკითხველების ნახევარს ქალები შეადგენენ. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველთვიურად 3 მილიონი ეგზემპლარი იყიდება. "პლეიბოის" 18 საერთაშორისო გამოცემას კი დაახლოებით 4,5 მილიონი ადამიანი კითხულობს.

აღმავლობის ხანაში - გასული საუკუნის 60-ან და 70-ან წლებში - "პლეიბოის" სარედაქციო ფორმულას რადიკალურად მიიჩნევდნენ. არადა, ის გულისხმობდა რეალური პრობლემების გაშუქებას, ამასთან, სექსისა და სექსუალობის შესახებ ღია ლაპარაკსაც. ჰიუ ჰეფნერს, ჟურნალის დამფუძნებელს ამ პრინციპმა სიმდიდრე და წარმატება მოუტანა. ერთხელ მან თქვა: "რევოლუციონერობას არასოდეს ვაპირებდი. მქონდა განზრახვა, შემექმნა ჟურნალი ძირითადად მამაკაცებისთვის, ოღონდ ჟურნალი სექსით. სწორედ ეს იქცა რევოლუციურ იდეად".

"პლეიბოი"-ს გამოცემებს აღმოსავლეთ ევროპაში დღეს უაღრესად გაჯერებულ მედია ბაზარზე უწევთ კონკურენცია. ჟურნალები ე.წ. ცხოვრების სტილის შესახებ მრავლადაა და წარმატების ის რეცეპტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს, ყოველთვის არ ერგება ადგილობრივ კონტექსტს.

ანტონ გეორგიევი ბულგარული "პლეიბოი"-ს მთავარი რედაქტორი და რადიო თავისუფლების ყოფილი რედაქტორია. ჟურნალის წარმატებას ის გლობალურ და ლოკალურ შინაარსთა შერწყმას მიაწერს [გეორგიევის ხმა]:

"ბულგარეთში დღეს "ცხოვრების სტილის" შესახებ 15 ჟურნალი გამოდის. ქვეყანაში, სადაც არც ცხოვრებაა და არც სტილი არსებობს, 15 ე.წ. "lifestyle" ჟურნალია. "პლეიბოი" ამ თამაშებში არ მონაწილეობს. ჩვენ ვცდილობთ, ბულგარულ "პლეიბოი"-ში 90% ბულგარული მასალა იყოს. მე ვფიქრობ, ბულგარელებს ბულგარული ამბები აინტერესებთ. რასაკვირველია, იმის ჩვენებაც გიზიდავს, რაც მსოფლიოში ხდება, მაგრამ ბულგარელ კაცებს აინტერესებთ ბულგარელი ქალები. მათ სურთ, იკითხონ ინტერვიუები ცნობილ ბულგარელებთან, გაეცნონ ბულგარელთა მიერ და შესახებ დაწერილ კომენტარებს. აი, ამის გაკეთებას ვცდილობთ".

რუსულ ენაზე "პლეიბოი" ყოველთვიურად 105 ათასი ცალი იბეჭდება. მისმა მთავარმა რედაქტორმა, მაქსიმ მასლაკოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჟურნალი ერთგულია ორიგინალური "პლეიბოი"-ს პრინციპისა, იყოს ერთდროულად აზრიანიც და გასართობიც, თუმცა, მისი აზრით, განსხვავდება კიდეც ორიგინალისაგან [მასლაკოვის ხმა]:

"უწინარესად, ესაა რუსული ფოტოები. მათ ბუნებრიობა გამოარჩევთ. ამერიკული "პლეიბოისგან" განსხვავებით, რომელშიც ბევრი სილიკონის ლამაზმანია, რუსული "პლეიბოი" სხვა თემას ავითარებს, რაც რუს კაცებს მოსწონთ. გოგონები უფრო მიმზიდველი და ბუნებრივები არიან, ფოტოებიც, მეჩვენება, უფრო თანამედროვე და მოდურია. თვითქება არ მინდა, მაგრამ გადაშალეთ ეს ორი ჟურნალი და რაღაც განსხვავებას მაინც დაინახავთ".

მასლაკოვი ამბობს, რომ "პლეიბოი"-ს ძალიან იშვიათად ეუბნებიან უარს მიწვევაზე. ეს მოხდა, როცა მიხეილ გორბაჩოვს სთხოვეს ინტერვიუ. "შესაძლოა, კომფორტულად ვერ გრძნობდა თავს. მართალია, რეფორმატორია, მაგრამ ძველი სკოლა გაიარა, კომუნისტია და, ალბათ, გარკვეული უმსჯელობები აქვს "პლეიბოის" მიმართ", ამბობს მასლაკოვი. "ვფიქრობ, მისი აზრი სწორედ ახლაა ღირებული. ჩვენ ძალიან დავუმადლებდით, თუ მობრძანდებოდა და კომენტარს გაუკეთებდა არსებულ ვითარებას. ის ერთი იმათგანია, ვინც შექმნა ქაოსი, რომელმაც სახე იცვალა და იქცა იმად, რასაც გორბაჩოვი, ალბათ, არ მოელოდა. ძალიან მაინტერესებს, რას იტყოდა დღეს".
XS
SM
MD
LG