Accessibility links

მთავრობა პარლამენტში სეკვესტრის პროექტით მიდის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ამ დღეებში საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო ხელისუფლებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტით, ანუ მარტივად, სეკვესტრით შევა.

მანამდე კი აღმასრულებელი ხელისუფლება, უფრო სწორად კი, ფინანსთა სამინისტრო თანხების მოკვეცის გრაფიკს და იმ მუხლების სიას ადგენდა, რომელთაც სეკვესტრის "მსახვრალი ხელი" უნდა შეეხოს.

135 მილიონიანი კორექტირება უაღრესად მტკივნეული განსახორციელებელი იქნება, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ "შემცირებულთა" ნუსხასაც, რომელშიც პრაქტიკულად ყველა უწყება მოყვა. სეკვესტრის შემდგომ საქართველოს პარლამენტი მილიონ-ნახევარ ლარს, კანცელარია კი 1 მილიონს მოისაკლისებს. შემცირება, ძირითადად, კომუნალური მომსახურების ხარჯებს შეეხება ან საკანონმდებლო უწყება და კანცელარია, შესაძლოა, სატელეფონო მომსახურების ან შუქის და წყლის გარეშე დარჩეს.

5 მილიონი ლარით შემცირდება პრეზიდენტის საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2003 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას 11 მილიონი ლარით განისაზღვრა და რომელმაც მთავრობას მრეწველების მხარდაჭერა მოაპოვებინა.

ყველაზე დიდ ვნებათაღელვას იწვევს ძალოვანთა დაფინანსების შემცირება, რომელიც, ცვლილების პროექტის თანახმად, 20 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. ძალოვანი უწყებები, რომლებიც მუდმივად ფინანსების ნაკლებობას განიცდიან, ამგვარ სეკვესტრს აღფრთოვანებით ნამდვილად ვერ შეხვდებოდნენ და, ამ მხრივ, არც პარლამენტარები დააკლებენ კრიტიკას ფინანსთა სამინისტროს.

77 პროცენტით, ანუ მილიონ-ნახევრით, შეუმცირდება ბიუჯეტი კულტურის სამინისტროს. მილიონ 800 ათასით შეუმცირდება ხარჯები ისედაც "მსოფლიოში ყველაზე ღატაკ" დიპლომატიურ კორპუსს.

ყველაზე მეტი პრობლემა პარლამენტში მთავრობას მაჟორიტარების მხრიდან შეხვდება, რადგან, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ტრანსფერტები რეგიონებზე 8 მილიონი ლარით უნდა მოიკვეცოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მაჟორიტარების პარლამენტში ყოფნის ძირითადი მოტივაცია სწორედ თავისი რაიონებისათვის თანხების "გახერხებაა", ადვილი წარმოსადგენია მათი რეაქცია სეკვესტრზე იმ პირობებში, როდესაც არჩევნებია კარზე მომდგარი და ეს სახსრები სწორედ მათ საარჩევნო კამპანიებს მოაკლდება.

მთავრობას მათ "შემოსარიგებლად" დაპირებების ახალი ციკლის ჩატარება მოუწევს ან, სანაცვლოდ, მაჟორიტარებს საკუთარი ბლოკის ფრთებქვეშ უნდა შესთავაზოს ადგილი, რაც ძნელი წარმოსადგენია, თუ სახელისუფლებო ბლოკის პოლიტიკურ სიჭრელეს და მათი ლიდერების ამბიციებს გავითვალისწინებთ.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ შევარდნაძესთან გამართულ ოპოზიციის შეხვედრაზე პრეზიდენტმა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესრულებაში დახმარება სთხოვა და ამ თხოვნის ძირითადი ნაწილი სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებას ეხებოდა, მაინც ძნელი წარმოსადგენია აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სეკვესტრის პროექტის ადვილად გატანა შეძლოს პარლამენტში. თუმცა ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს კანონმდებლობით მინიჭებული უფლების გამოყენება მოუწევს და იმის გამო, რომ სეკვესტრი მთლიანი ბიუჯეტის 10 პროცენტზე ნაკლებია, თავად საფინანსო უწყება აიღებს პასუხიმგებლობას თავის თავზე და პარლამენტის დასტურის გარეშე "შეკრეჭს" ბიუჯეტს. მაგრამ ამით ფონდის რჩევის პოლიტიკურ ნაწილს გაუწევს იგნორირებას, რადგან მისიის სამახსოვრო ჩანაწერი ამ პროცედურის საკანონმდებლო ხელისუფლებაში გატარებას ითვალისწინებს.

არჩევნების წინ სეკვესტრი, როგორც არაპოპულარული ნაბიჯი, ბევრმა გამბედაობად ჩაუთვალა მთავრობას, თუმცა არა გვგონია, ბიუჯეტის შემოსავლების 84 მილიონით და ხარჯების 39 მილიონით გარღვევა ხელისუფლების მხრიდან რაიმე დიდი ვაჟკაცობა და მისასალმებელი საქციელი იყოს.

ფონდის რეკომენდაციითვე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების 38 მილიონ 300 ათასი ლარით გაზრდის ვალდებულებაც აქვს აღებული, რაც, სავარაუდოდ, ვერ შესრულდება, რადგან საგადასახადო ადმინისტრირების იმ დონით, რაც ამჟამად საქართველოშია, არსებული გეგმის შესრულებაც სათუოა.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ, 135 მილიონიანი შემცირების მიუხედავად, მთავრობას წელსვე მოუწევს სეკვესტრი-2-ის ჩატარება, რადგან, მისი პროგნოზით, ბიუჯეტს საბაჟოს, საგადასახო დეპარტამენტების, სოციალური უზრუნველყოფის ფონდისა და არასაგადასახადო შემოსავლების კუთხით, უკეთეს შემთხვევაში, 35 მილიონი ლარი, ხოლო, უარეს შემთხვევაში, 50 მილიონი დააკლდება.

სავალუტო ფონდის სამახსოვრო ჩანაწერში შემოსავლების 38 მილიონი ლარით გაზრდის ძირითად წყაროდ საგადასახადო შემოსავლების 23 მილიონით, საბიუჯეტო ორგანიზაციების სპეცსახსრების მობილიზებით კი 15 მილიონით გაზრდაა დასახელებული. ამასთან, ფონდი საგადასახადო ბაზის ზრდას ახალი გადასახადის, კერძოდ, მობილური ტელეფონების აქციზური გადასახადით დაბეგვრასა და ბაზრობებისა და სათამაშო ბიზნესიდან ადმინისტრირების გაუმჯობესებით ვარაუდობს. საბიუჯეტო ოფისს არც ეს პერსპექტივა ხიბლავს და მას არარეალურს უწოდებს.

საერთოდ, ფონდის რეკომენდაციები ექსპერტებს მეტისმეტად ლიბერალურად მიაჩნიათ და ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში წმინდა პოლიტიკურ გათვლასთან აქვთ საქმე. იმის გამო, რომ შეუსრულებელი რეკომენდაციებით თავად ხელისუფლებამ ვერ მისცა სავალუტო ფონდს პროგრამის დაფინანსების აღდგენის საბაბი, მათ მიერ 15 აგვისტომდე მიცემული ვადა და ის შენიშვნები, რისი რეალიზაციაც აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ამ პერიოდამდე უნდა მოასწროს, წმინდა ადმინისტრაციული ღონისძიებებია და მისი შესრულება სავსებით შესაძლებელია. გაცილებით რთული იქნება იმ ვალდებულებების რეალიზაცია, რაც წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ რეკომენდაციების ლიბერალიზმი ფონდის მხრიდან მორიგ კომპრომისზე წასვლის ნიშანია, რათა შემოდგომით პარიზის კლუბში დაგეგმილი მოლაპარაკებისას ქართული მხარე ჭირვეულ კრედიტორებთან მარტო არ დარჩეს და ვალების რესტრუქტურიზაცია ისეთი პარტნიორის დახმარებით მოახერხოს, როგორიც საერთაშორისო სავალუტო ფონდია.
XS
SM
MD
LG