Accessibility links

გამოუცხადებს თუ არა საქართველოს აღორძინების კავშირი ბოიკოტს საპარლამენტო არჩევნებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სავარაუდოდ, 15 ივლისს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება.

მანამდე კი პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი უშედეგოდ ცდილობს ოპოზიციურ ფრაქციებს შორის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციისთვის გამოყოფილი 9 ადგილის განაწილება, შესაძლოა, იმ საკითხად იქცეს, რომელიც უნდობლობას თავად ოპოზიციას შორის კიდევ უფრო გააღვივებს.


პარლამენტის რიგგარეშე სხდომამდე სამი დღით ადრე კვლავაც გაურკვეველია, რა პრინციპით აპირებს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიცია იმ 9 ადგილის გადანაწილებას, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, ოპოზიციისთვის გამოიყო. უფრო ზუსტად, ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის პრინციპი გარკვეულია - მხოლოდ პარიტეტი, ანუ თითო წარმომადგენლის მივლინება, მაშინ, როცა ოპოზიციის მეორე ნაწილი ამ პრინციპს უსამართლოს უწოდებს და, ასე ვთქვათ, დიფერენცირების პოზიციიდან გამოდის. კერძოდ, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების ორი გამარჯვებული - საქართველოს აღორძინების კავშირი და მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" გაუგებარს უწოდებს მიდგომას, როცა ყველა პარტიას მხოლოდ ერთი წარმომადგენლის ყოლის უფლება ექნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მეტიც - გასულ კვირას აღორძინების ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარიტეტის პრინციპით დაკომპლექტების წესს, აღორძინების კავშირი საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში.
პარტიის მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არ მიღების გადაწყვეტილება მხოლოდ ამ პარტიის წევრთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ამჯერად საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს: იმ შემთხვევაში, თუ აღორძინება უარს იტყვის არჩევნეში მონაწილეობაზე, დიდი შანსია, რომ საპარლამენტო არჩევნები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საერთოდ არ გაიმართოს. ეს კი საკმაოდ დიდ ჩრდილს მიაყენებს საქართველოს, რაც არ უნდა დემოკრატიულად და ღიად ჩატარდეს არჩევნები სხვა რეგიონებში.
არანაკლებ პრინციპული პოზიცია უკავიათ მრეწველებს, რომლებიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ორ ადგილს ითხოვენ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ოპოზიცია დამოუკიდებლად ვერანაიარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. შესაბამისად, როგორ გადანაწილდება ოპოზიციისთვის განკუთვნილი ადგილები - ეს მხოლოდ ე.წ. თემატური უმრავლესობის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული. რას გადაწყვეტს უმრავლესობა - მხარი დაუჭიროს ნაციონალებს, გაერთიანებულ დემოკრატებს, ახლებს და ტრადიციონალისტებს თუ აღორძინებასა და მრეწველებს - ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ე.წ. თემატურ უმრავლესობას მხარდამჭერები სჭირდება ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხის გადასაწყვეტად. შესაბამისად, დარჩენილი სამი დღე უთუოდ კულუარული შეხვედრებით იქნება დატვირთული.
XS
SM
MD
LG