Accessibility links

logo-print

გასულ კვირაში, კერძოდ კი, 9 ივლისს, პრესა აქტიურად გამოეხმაურა საარჩევნო


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასულ კვირაში, კერძოდ კი, 9 ივლისს, პრესა აქტიურად გამოეხმაურა საარჩევნო პრობლემებთან დაკავშირებულ შეხვედრას,

რომელიც საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის გაიმართა წინა დღეს.

გაზეთ "24 საათის" თქმით, "შეხვედრა შედგა. შედგა მას შემდეგ, რაც აშშ, ჯეიმს ბეიკიერისა და ელიზაბეთ ჯოუნსის სახით, უშუალოდ ჩაერია ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთობის საკითხებში. ოპოზიცია, "ლეიბორისტებისა" და "აღორძინების" გამოკლებით, გუშინ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ერთ მაგიდასთან დაჯდა. სწორედ ეს სადემონსტრაციო მომენტი გახლდათ მთავარი დატვირთვა გუშინდელი შეხვედრისა, რომელმაც, მხარეების განცხადებით, "უჩვეულო ურთიერთგაგების პირობებში ჩაიარა."

გაზეთი "ახალი თაობა" აღნიშნავს, რომ "სქემა, რომელიც ბეიკერმა დატოვა, ხელისუფლებასაც აკმაყოფილებს და ოპოზიციასაც".

გაზეთი წერს: "შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ, თუმცა სადავო საკითხები მაინც რჩება. ბეიკერის სქემის მიხედვით, ცსკ-ში 9 წევრი ოპოზიციას ეყოლება, ხუთი კი - ხელისუფლებას, თითო ოპოზიციურ პარტიას თითო წევრი, რასაც მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძე არ ეთანხმება და ცსკ-ში ორ წარმომადგენელს ითხოვს".

"მთავარი გაზეთი" კი აღნიშნავს, რომ "ლეიბორისტები", როგორც პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განმარტა, ცერემონიული ხასიათის შეხვედრაზე მისვლას და ამ ჟესტის გამო მომხრეების "შოკირებას" მოერიდნენ. მისივე თქმით, ეს ბეიკერის დოკუმენტის იგნორირებას არ ნიშნავს. აღორძინებამ კი შევარდნაძესთან კონსულტაციებზე მისული ოპოზიცია ხელისუფლებასთან ალიანსში დაადანაშაულა".

შემდეგ გაზეთი წერს: "ერთ-ერთი ვერსიით, გარკვეული უთანხმოება სუფევს თავად სახელისუფლებო ბლოკშიც, თუმცა ამერიკული რეკომენდაციების გამო შიდა პარტიულ დაპირისპირებას "ახალი საქართველოს" ლიდერები კატეგორიულად უარყოფენ".
ოპოზიციისა და პრეზიდენტის ისტორიული შერიგების შემდეგ პოლიტიკოსები პარლამენტში საარჩევნო კოდექსის მიღების პრობლემას ვერ ხედავენ. რამდენად გრძელვადიანი აღმოჩნდება თანხმობა, ძნელი სათქმელია, თუმცა შევარდნაძის კრიტიკაში გაწაფული დეპუტატები გუშინ არჩევნებთან დაკავშირებით ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: "ფაქტია, რომ პრეზიდენტმა მიიღო ჯეიმს ბეიკერის რეკომენდაცია და, ვფიქრობ, ეს ქართველი საზოგადოების სერიოზული გამარჯვებაა".

ზურაბ ჟვანიას იმედი აქვს, რომ ოპოზიციის კვოტების გადანაწილება უპრობლემოდ მოხდება. მისი აზრით, "თუ რომელიმე პარტიამ მიღწეული შეთანხმების ჩაშლა არ მოინდომა, პროცესი ყოველგვარი უთანხმოების გარეშე უნდა დასრულდეს".

ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ გააშუქა პრესამ ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი. 10 ივლისის გაზეთი "24 საათი" წერს: "ვიზიტის მიზანი იყო, რომ დელეგაცია გარკვეულიყო, როგორი მდგომარეობაა საქართველოში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. მომავალი საპარლამენტო არჩევნები, სამართალდამცავ ორგანოთა რეფორმა და კანონთა აღსრულება, კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლა - ეს სამი ძირითადი საკითხი წარმოადგენდა ევროსაბჭოს ინტერესთა სფეროს".

"ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის ვიზიტის შემდეგ ევროსაბჭოს აინტერესებდა საქართველოს ხელისუფლების და ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულება ბეიკერის დოკუმენტისადმი".

"ევროსაბჭოს ელჩების პრესასთან შეხვედრისას შვეიცარიის ელჩმა ევროსაბჭოში ჟან კლოდ ჟოზეფმა განაცხადა, რომ ნავარაუდევია ევროსაბჭოსა და ეუთოს დამკვირვებლებისგან შემდგარი ერთობლივი ჯგუფების გამოგზავნა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე".

"ევროსაბჭოს ელჩების თვალს არ გამოჰპარვია, რომ ამ ეტაპზე პარტიების ყურადღება მთლიანად ცესკო-ს დაკომპლექტებისკენ არის მიპყრობილი".

10 ივლისის "მთავარი გაზეთის" ცნობით, "ჟურნალისტებთან შეხვედრისას ჟან კლოდ ჟოზეფმა განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პრობლემის მოგვარებაში ვერ დაგვეხმარება". გაზეთი წერს: "ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებმა გარკვევით თქვეს, რომ ევროსაბჭოს დამკვირვებლები არჩევნების შედეგების შეჯამებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. სამაგიეროდ, აქ ისეთ გამოცდილ ადამიანებს გამოგზავნიან, რომლებიც პარალელური გადათვლის გარეშეც მიხვდებიან, ყალბდება თუ არა არჩევნები.

ევროსაბჭოს ელჩები იმედოვნებენ, რომ ქართული მხარე მათ პროკურატურის შესახებ კანონპროექტსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ექსპერტიზისთვის გადაუგზავნის. ალბათ, ბოლოს და ბოლოს, დაიწყება თანამშრომლობა ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტთან, რომლის მიერ საქართველოში გამოგზავნილი რეკომენდაციების დასტა "სამარისებურ სიჩუმეში" მოხვდა. საქართველოს მთავრობის დაპირებებს ევროსაბჭოსთვის ფასი მხოლოდ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ დაედება".

როგორ გააშუქა პრესამ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია, რომელიც ხუთშაბათს, მეომართა კავშირის წევრების შიმშილობის მე-9 დღეს, გაიმართა? 11 ივლისის გაზეთი "24 საათი" აღნიშნავს, რომ "31 ივლისის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი ყველას აუჯანყდა: საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტს, საერთაშორისო ორგანიზაციებს".

გაზეთის მიხედვით, "რიგგარეშე სესიაზე ერთხმად მიღებული დადგენილება პრეზიდენტ შევარდნაძისგან მოითხოვს, რომ კონფლიქტის ზონიდან სასწრაფოდ იქნეს გაყვანილი რუსეთის სამშვიდობო ძალები, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კი დაისვას საკითხი აფხაზეთში მშვიდობის ძალით დამყარების შესახებ.

დევნილი ხელისუფლების ლიდერი უკმაყოფილებას გამოხატავს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიმართაც, რომელმაც არ მოახდინა რომის სტატუტის რატიფიცირება და "ამის გამო ჰააგის ტრიბუნალი საგამოძიებო ქმედებებს ვერ იწყებს".

დადგენილებაში სერიოზული პრეტენზიებია გამოთქმული, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების ( გაერო, ეუთო, ევროსაბჭო) მისამართით და მნიშვნელოვანწილად სწორედ მათ "დამსახურებად" არის მიჩნეული, რომ "კონფლიქტის დარეგულირების პროცესი ჩიხშია შესული და მან სრული კრახი განიცადა".

"ხელისუფლებისგან გამიჯვნისა და მის მიმართ ოპოზიციური კურსის დასადასტურებლად, ნადარეიშვილი აცხადებს, რომ არ შევა სახელისუფლებო ბლოკში და 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველ ძალასთან ერთად არ გამოვა".

როგორც ჩვენი მსმენელისთვის უკვე ცნობილია, 11 ივლისს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ, პრეზიდენტ შევარდნაძის თავმჯდომარეობით, მხარი დაუჭირა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 10 ივლისის საგანგებო სესიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებებია გამოთქმული 12 ივლისის "მთავარ გაზეთში", სადაც ვკითხულობთ: "ექსპერტთა აზრით, ამ დროის განმავლობაში, როცა პრაქტიკულად კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა, მართლაც, გარკვეული შანსი არსებობს, რომ გაერომ ქართულ-აფხაზური პრობლემის მოწესრიგება საკუთარი წესდების მე-7 თავის ქვეშ მოაქციოს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გაერო აფხაზების წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს. იმისთვის, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღონ, გაეროს ბიუროკრატიული სტრუქტურიდან გამომდინარე, დაახლოებით კიდევ 10 წელი დასჭირდება. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესში ბოლო დროს ამერიკელთა გააქტიურებასაც თუ გავითვალისწინებთ, მაშინ შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ გაეროს როლი ამ მიმართულებით შესუსტდეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთს გაეროში ვეტოს უფლება აქვს, რაც ამ კონფლიქტის მოგვარების ყველა მცდელობას საფუძველშივე ეჭვის ქვეშ აყენებს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც აშშ-მა ერაყში ოპერაცია გაეროს გვერდის ავლით ჩაატარა".
XS
SM
MD
LG