Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს ბეიკერის ვიზიტის შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ


ჯეიმს ბეიკერის ვიზიტის შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,

საქართველოს ხელისუფლებაც და ოპოზიციის ძირითადი სპექტრიც დასავლური ფასეულობების მიმართ ერთგულებას კვლავაც ინარჩუნებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც დიდი სურვილი აქვს გაათავისუფლოს საზოგადოება საბჭოთა მენტალიტეტისგან. რამდენად გულწრფელია ან, სხვაგვარად რომ თქვათ, რამდენად უანგაროა აქ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია, ჯერ არავინ იცის. ფაქტია, რომ დეკლარირებულ კურსს "დასავლეთისკენ" საზოგადოების მენტალიტეტი მაინცდამაინც არ შეუცვლია - ყოველ შემთხვევაში, კულტურის მიმართ დამოკიდებულებაში. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მათ შორის, ის ხალხი, ვინც ხელისუფლებაშია ან ოპოზიციაში, კვლავაც დარწმუნებულია, რომ ხელოვნებამ უნდა "აღზარდოს" ადამიანი, "კეთილშობილი" გახადოს, მისი სულიერება განამტკიცოს. შემოქმედებით ინტელიგენციას საქართველოში კვლავაც "ერის სინდისს" უწოდებენ, ამიტომაც პოლიტიკოსები, განსაკუთრებით არჩევნების წინ, აგრძელებენ კულტურის მუშაკებზე "ნადირობას" - პოლიტიკოსებსაც სჯერათ, რომ ამ ადამიანებს საზოგადოების მანიპულაცია კარგად გამოსდით, რადგან ხალხი ჯერ კიდევ სოციალისტური რეალიზმის იდეებით ცხოვრობს და დარწმუნებულია, რომ ხელოვნება - თავად ცხოვრებაა, ხელოვანი კი "აღმზრდელი", "ერის სინდისი".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრაზე ჩვენი ინტელიგენციის ერთმა ჯგუფმა მშვენივრად "შეითვისა" ეს ეპითეტი. ინტელიგენციამ იცის, რომ ხალხს მისი სჯერა... და არ ცდება - საზოგადოების უმრავლესობა შემოქმედს კვლავ მოძღვრის როლში აღიქვამს. და, ცოტა არ იყოს, დაბნეულია, როცა ხელოვანი მას თანაშემოქმედებისთვის, ერთობლივი განსჯისთვის "ეპატიჟება", არაფერს ასწავლის, პირიქით, "იქით" ეკითხება მას.

აჟიოტაჟი, რომელიც ამ დღეებში შეიქმნა თბილისში ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ალექსანდრე ქორიძის დოკუმენტური ფილმის "მონასტრის" გამო, იმის დადასტურებაა სწორედ, რომ ჩვენს მაყურებელს არ მოსწონს, როცა ხელოვანი მას სრულ თავისუფლებას აძლევს, საშუალებას უქმნის გაეცნოს ფაქტებს და თავად გააკეთოს დასკვნები. თუმცა "ჩვენს მაყურებელსო" როცა ვამბობთ, შეიძლება ვცდებით კიდეც. "მონასტრის" პრემიერამ თბილისის კინოს სახლში მშვენივრად ჩაიარა. იქ არავის უფიქრია, რომ ამ დოკუმენტური კინოჩანახატის ავტორი, რომელმაც შავნაბადას მონასტრის მკვიდრთა ყოველდღიური ყოფა ასახა, ამ მონასტრის მოძღვრის ან, საერთოდ, ეკლესიის წინააღმდეგაა განწყობილი. პანიკა მოგვიანებით ატყდა - ჯერ პრესაში დაიბეჭდა წერილები, 37 წლის სტილში, შემდეგ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ პროგრამით გამოცხადებული "მონასტრის" ჩვენება გადაიფიქრა. ჩვენთან საუბარში ფილმის რეჟისორმა აღნიშნა, რომ ახლა უკვე არა აქვს იმედი, რომ შავნაბადას მონასტერზე გადაღებულ ფილმს რომელიმე სატელევიზიო არხი აჩვენებს. ალექსანდრე ქორიძე გაკვირვებულია: თავის დოკუმენტურ ფილმში მას არაფერი მოუგონია, მონასტრის მკვიდრნი ფარული კამერით არ გადაუღია - ასახა მხოლოდ ფაქტები, რომლის ინტერპრეტაცია მაყურებელს ანდო... მაგრამ მაყურებელმა ამ ფაქტებში რაღაც "მიღმა ტექსტი" დაინახა, მრევლმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი თუნდაც მონასტრის წინამძღვრის, აი, ამ ქადაგების მოსმენის დროს ფილმში


[ხმა: ფილმი "მონასტერი"]

არადა, ამ ქადაგებაში არაფერია განსაკუთრებული. ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებას მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის ცოდვად მიიჩნევდა. მამა შიო კი არა მარტო ქადაგებს, არამედ ლექსებსაც წერს და უამრავ ინვალიდს, სულით ავადმყოფს, მაწანწალას ეხმარება - მოჰყავს მონასტერში, აპურებს, ამუშავებს. ეს ყველაფერი თავისთავად მშვენიერი მასალაა სასულიერო პირის "იდეალიზირებული პორტრეტისთვის". მაგრამ ალექსანდრე ქორიძე ამას არ აკეთებს. მისი კამერა გულგრილი დამკვირვებელია მხოლოდ - მაყურებელს კი დააფიქრებს იმაზე, რაც თავის დროზე ლუის ბუნუელმა გვითხრა "ვირიდიანაში" - მარგინალური ჯგუფების მოვლა-პატრონობა მაშინაც კი, თუ ადამიანი ამას უანგაროდ აკეთებს, მართლაც ჰუმანური აქტია თუ ამპარტავნობა? ეშველება ამ ხალხს, როცა მონასტერში დაიწყებენ ცხოვრებას, თუ ისევ და ისევ მანიპულაციის მსხვერპლად მოგვევლინებიან, მარიონეტებად გადაიქცევიან? რეჟისორი მხოლოდ კითხვას სვამს, მაგრამ მას არც ეს აპატიეს. არ აპატიეს ფილმის ფინალი, როცა მწყემსთან საუბარში მონასტრის ერთი მკვიდრი ამბობს, რომ მათმა მეგობარმა დატოვა აქაურობა.
[ხმა: ფილმი "მონასტერი"]

ჩვენი საზოგადოება ვერ მიეჩვია ასეთ დოკუმენტურ კინოს. საზოგადოება, რომელსაც განუწყვეტლივ არწმუნებენ, რომ ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ფარული შეთქმულებების, მოლაპარაკებების, დაკვეთების შედეგია, შიშველი ფაქტებისა და გულგრილი კამერის მიღმა ავტორის ეგრეთ წოდებულ "პოზიციას" დაეძებს... და თუ შავნაბადას მონასტრის ასეთმა ჩვენებამ აღაშფოთა ზოგიერთი მაყურებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ფილმში თავისი თავი დაინახა და შერცხვა...რატომღაც შერცხვა... "რატომღაც" იმიტომ, რომ "მონასტრის" პრემიერის შემდეგ ზოგიერთმა მაყურებელმა სულ სხვანაირად აღიქვა ფილმი - სურვილიც კი გაუჩნდა დასწრებოდა მამა შიოს ქადაგებას... ხოლო როცა მხატვრული ნაწარმოები რადიკალურად განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ეს იმას ნიშნავს, რომ მხატვრული ნაწარმოები - "მხატვრული ნაწარმოებია" და არა ქადაგება, სოცრეალისტური მეთოდით.

არ არის გამორიცხული, ზოგიერთ ჩვენს მაყურებელს ასეთივე რეაქცია ჰქონდეს საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის, ნინო კირთაძის, დოკუმენტურ ფილმზე
"უთხარი ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ", რომლის პირველი ჩვენება ნოემბერშია დაგეგმილი საფრანგეთის, გერმანიისა და ბელგიის ერთობლივი ტელეკომპანიის, "არტეს", ეთერში. ამ კვირაში ნინო კირთაძე თბილისში იმყოფებოდა. რადიო "თავისუფლება" ესაუბრა მას ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე, რომელიც სამეგრელოშია გადაღებული და მიცვალებულის დაკრძალვის რიტუალებს ასახავს. ალექსანდრე ქორიძის მსგავსად, ნინო კირთაძეც აღნიშნავს, რომ ეს სურათი არ არის პუბლიცისტიკა, რომ იგი არ ქილიკობს ფილმში და არავის აყენებს შეურაცხყოფას. პირიქით, პატივს სცემს ამ ადამიანებს და, უბრალოდ, მაყურებელთან ერთად ცდილობს ჩასწვდეს სინამდვილეს. ნინო კირთაძის თქმით:

[ნინო კირთაძის ხმა]: "მე მგონი, თავიდან იყო დიდი გამოცანა, მერე კი გინდა, გაიგო, სად მიდის ეს ყველაფერი...ბოლოს ისმება კითხვა, ხომ არ არის ამაში რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ჩანს...რაც უფრო ღრმაა, გაცილებით უფრო ადამიანური, სერიოზული, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს... რომ მოაშორო ეს კიტჩი... ამის უკან შეიძლება დევს სხვა, რაზეც აშენდა ეს კიტჩი."

როგორ აღიქვამს დასავლეთი ამ ნახევრადთეატრალიზებულ რიტუალებს: იცინებს? გაუკვირდება? აღშფოთდება, რომ ამას - სულის გამოძახებას, მიცვალებულთან საუბარს, პომპეზურ სასაფლაოებს - ადგილი აქვს ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში დამკვიდრებას ცდილობს? რომ ყველაფერი ეს ოცდამეერთე საუკუნეში ხდება? ამ კითხვაზე ნინო კირთაძემ ასე გვიპასუხა:

[ნინო კირთაძის ხმა]: "ამ წუთას ნახა ორი სხვადასხვა არხის დირექტორმა და უშუალო თანაშემწეებმა. იქ იმდენად დიდი ტაბუა და სულგამოცლილი ეს დამოკიდებულება...აი, მაგალითად, ადამიანმა ადამიანთან როგორ უნდა იცხოვროს, რომ არც ერთხელ არ დააკაროს ხელი, ხო? აი, ასეთი ურთიერთობაა საყვარელი ადამიანის წასვლასთან დაკავშირებით. მაგრამ, ამავე დროს, რომ ნახეს, თითქოს ენანებოდათ, რომ ამას ვერ ბედავენ."

ასევე აღიქვამს თუ არა საქართველო საფრანგეთში გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს საქართველოზე... საეჭვოა. დოკუმენტური კინოს რეფორმა ჩვენში ჯერ არ განხორციელებულა. საქართველოში ჯერ შეუძლებელია გააკეთო ის, რაც ამერიკელმა რეჟისორმა მაიკლ მურმა გაბედა თავის ფილმში "ბოულინგი კოლუმბინისათვის"... რომელიც, მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში "ანტიამერიკულ ფილმად" მონათლეს, წლევანდელი "ოსკარით" დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ესაა სწორედ "დასავლური მენტალიტეტი", რომელსაც ჩვენში ჯერჯერობით, ძირითადად, მხოლოდ სიტყვით უჭერენ მხარს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG