Accessibility links

უკრაინაში დარჩენილი ქართველი სამხედრო მეზღვაურები არაოფიციალურ მძევლებად იქცნენ


როგორც მოსალოდნელი იყო,

ბიუჯეტის სეკვესტრში მოყოლილი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა კვირის ბოლოს ნამდვილი ობსტრუქცია მოუწყვეს თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში მისულ ფინანსთა მინისტრს, რომელმაც უკან არ დაიხია და უნიფორმიან კოლეგებს რამდენიმე, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო ფინანსურ ოპერაციაზე მიუთითა. ამ ხმაურსა და მძვინვარებაში არავის გახსენებია უკრაინაში სამი წლის წინ გასარემონტებლად გაგზავნილი სამხედრო კატარღა და მისი ეკიპაჟის წევრები, რომლებიც, საქართველოს ხელისუფლების საფინანსო პოლიტიკის გამო, ფაქტობრივად, მძევლებად იქცნენ.

7 ივლისი ქვეყნის კალენდარში საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების დღეა. სამხედრო მეზღვაურთა პროფესიული დღესასწაული კი, ტრადიციისამებრ, საქართველოს საზღვაო ჭიშკრად წოდებულ ქალაქ ფოთში საზეიმო პროგრამით აღინიშნება ხოლმე: ამ დღეს მრავალრიცხოვანი ამალით მხარდამშვენებული საქართველოს თავდაცვის მინისტრი იბარებს სამხედრო-საზღვაო ძალების აღლუმს, აჯილდოებს სამხედრო სწავლების წარჩინებულ მეზღვაურებს, რომლებსაც აუცილებლად შეახსენებს, რომ ისინი ყველაზე ვაჟკაცური, საპატიო და დასაფასებელი პროფესიის წარმომადგენლები არიან. ხოლო მოგვიანებით, პროგრამის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, იწყება ე.წ. მესამე განყოფილება, რომელსაც დასავლურ ყაიდაზე მოკრძალებულად ალაფურშეტს უწოდებენ და რომელზეც ისმება უამრავი ადამიანის თუ მოვლენის სადღეგრძელო: მათ შორის, 10 წლის წინ აფხაზეთის სანაპიროსთან გამართული პირველი საზღვაო ბრძოლისა, როდესაც ქართულმა შეიარაღებულმა სეინერმა "განთიადმა" სეპარატისტების სამხედრო კატარღა ჩაძირა; ფოთის სანაპიროსთან 2001 წლის ივნისში ნატოს ეგიდით ჩატარებული პირველი მრავალეროვნული სწავლებისა ან, ვთქვათ, ქართველი საზღვაო-ქვეითების მიერ შარშან ბარისახოში ჩატარებული სპეცოპერაციის სადღეგრძელოები.

მაგრამ საკმარისია ვინმემ ახსენოს სიტყვა ბალაკლავა, რომ საერთო ჟრიამულში მწუხარება ისადგურებს.

საქმე ისაა, რომ უკრაინის ქალაქ ბალაკლავაში უკვე მესამე წელია სარემონტოდ იმყოფება ქართული საბრძოლო კატარღა, რომლის ეკიპაჟის წევრები უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ და, ფაქტობრივად, მდგომარეობის მძევლებად იქცნენ. თუ რატომ, ამის შესახებ გვიამბობს გაზეთ "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც ივლისის დასაწყისში ქართველ მეზღვაურებთან ერთად უკრაინაში გამართულ საზღვაო მანევრებს ესწრებოდა და შესაძლებლობა ჰქონდა, მოეპოვებინა ინფორმაცია ქართული ეკიპაჟის შესახებ.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] "პრინციპში, მას სარემონტო ჰქონდა ძრავები, მაგრამ ფოთის პორტიდან გასვლის მომენტში იგი შეეჯახა ბუქსირს და მისი მარჯვენა ბორტი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. დღეისათვის უკვე, მესამე წელზე მეტია, ადგილზე იმყოფება ეკიპაჟის სამი წევრი, რომლებიც უყურებენ ამ ხომალდს. მაგრამ მათი მდგომარეობა, მართლაც, საგანგაშოა, რადგან ხელფასები გვიან ჩასდით. გარდა ამისა, ბალაკლავაში, ნავსადგურთან, სადაც კატარღა აყენია, ადგილობრივი მმართველობა აღარ უშვებს ეკიპაჟს ბორტზე და აკრძალული აქვთ მათ როგორც წყლის მოხმარება, ასევე ელექტროენერგიის. და აიძულებენ ყველანაირად, რომ საქართველოს მთავრობამ დაფაროს ეს ვალი."

არადა, ეს ვალი, რის გულისთვისაც სამი წლის განმავლობაში ეკიპაჟის სამი წევრი ბალაკლავას მძევლებად იქცნენ, სულ რაღაც 100 000 დოლარს შეადგენს. ამას ემატება ნავსადგურში დგომის ყოველდღიური გადასახადი, რაც ისევ ქართველ გადამხდელებს დააწვებათ კისერზე.

ახლა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, თუ რა სკანდალი ელოდება ქვეყანას, საკუთარ ოჯახს მოწყვეტილმა და, ფაქტობრივად, უცხო მიწაზე შინაურ პატიმრობაში მყოფმა სამმა სამხედრო მეზღვაურმა ერთ მშვენიერ დღეს შიმშილობა რომ გამოაცხადოს უკრაინაში ან თავშესაფარი მოითხოვოს?
ცხადია, ენა არავის მოუბრუნდება, რომ ვინმემ მათ სამხედრო ფიცის დარღვევაში დასდოს ბრალი, რადგან არც ერთ ფიცში არ წერია, რომ სამხედრო პირი უცხო ქვეყანაში გაუშვა, მოსწყვიტო ოჯახს და თანაც პატიმრის მდგომარეობაში ამყოფო.

ნიშანდობლივია, რომ პარასკევს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე პარლამენტში შინაგანი ჯარების სარდალმა გენერალმა გიორგი შერვაშიძემ განაცხადა, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში პანკისის ხეობაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს თურმე, ასევე, საერთოდ არ მიუღიათ სამივლინებო თანხა.

და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც სამხედრო უწყებების პირველი პირების საზღვარგარეთული მივლინებები ყოველთვის ასი პროცენტით ფინანსდება და რატომღაც არც ერთი გენერალი არ უშვებს შანსს ხელიდან, რომ მოიკლოს ეს ფუფუნება უფრო საჭირო საქმის სასარგებლოდ. ჩვენ შევეცდებით უახლოეს ხანში მოვიპოვოთ ზუსტი ინფორმაცია, თუ წლის განმავლობაში სად დაბრძანდებიან მივლინებებში ქართველი გენერლები და რა ფასად უჯდება ეს ქვეყნის ბიუჯეტს.

მანამდე კი კიდევ ერთი პარადოქსული ვითარების შესახებ, რომელმაც სამხედრო ძალებში შექმნილი ფინანსური კრიზისის ფონზე მიიპყრო ჩემი თანამოსაუბრის ყურადღება. უკრაინულ მანევრებზე მყოფმა ჟურნალისტმა ირაკლი ალადაშვილმა აღმოაჩინა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ჟანგი არა მხოლოდ ქართულ სამხედრო კატარღას ედება:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] "საინტერესო მომენტია - ბალაკლავაში, სადაც დგას "ბათუმი"[ასე ეწოდება ზემოხსენებულ კატარღას. - კ.ლ.], ათიოდე კილომეტრში არის შვეულმფრენთა სარემონტო ქარხანა "ომეგა". ეს არის სევასტოპოლში, სადაც 7 შვეულმფრენი, მერამდენე წელია, ასევე იჟანგება ღია ცის ქვეშ. იმიტომ რომ არ ხდება გადახდა მათი რემონტის ფულის. ეს თანხა აღწევს, დაახლოებით, 1.8 მილიონ დოლარს. ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ ამ შვიდი შვეულმფრენიდან სამი არის საბრძოლო მი-24 ტიპის, ანუ ის სამი, რომელთა გარდა ჩვენ აღარაფერი დაგვრჩა."

სამაგიეროდ, დაგვრჩა აღმასრულებელი ხელისუფლება სრული შემადგენლობით, უჯაროდ დარჩენილი გენერლები და მათი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელსაც კვლავინდებურად სჯერა, რომ არმია ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია.
XS
SM
MD
LG