Accessibility links

logo-print

სეკვესტრით მთავრობა საკუთარ უუნარობას აკანონებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრი ბოლო წლების ქართული ეკონომიკური ცხოვრების აუცილებელ ატრიბუტად იქცა.

წლის მთავარი ეკონომიკური კანონის პერმანენტული კორექტირება იმ სამწუხარო ტრადიციად დამკვიდრდა, რომლის გარდაუვალობის წინაშეც სულ ცოტა ხნის წინ უკვე დავდექით და რომელიც თავისი შინაარსით ხელისუფლების უუნარობის ლეგიტიმაციის მაუწყებელია.

სახელმწიფო ბიუჯეტი თავისი არსით, როგორც წესი, ქვეყნის ეკონომიკის სარკეს წარმოადგენს, ხოლო მისი შესრულების მაჩვენებელი ამ ქვეყნის ხელისუფლების პროფესიონალიზმისა და სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხის ინდიკატორია. თუ ამ პოსტულატს კრიტერიუმად ავიღებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მისი მთავრობის შესახებ მაინცდამაინც პოზიტიური წარმოდგენა არ უნდა შეგვექმნას.

სეკვესტრი, ბუნებრივია, არ გახლავთ წმინდა ქართული მოვლენა, თუმცა იმას, რაც საბიუჯეტო სფეროში ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხდება, ალბათ, ძნელად თუ მოეძებნება ანალოგი.

ყოველი წლის დასაწყისში მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია საბიუჯეტო გეგმის ფორმირებასა და მის აღსრულებაზე, საკანონმდებლო ხელისუფლებაში განხილვისას ირწმუნება, რომ ამ წლის კანონი ბიუჯეტის შესახებ გარდამტეხი გახლავთ და ამჯერად მაინც ის (ბიუჯეტი) "განწირულია" შესასრულებლად. თავად საპარლამენტო ვაჭრობას ამ კანონთან დაკავშირებით ძნელია განხილვა უწოდო. საერთოდ, სახელმწიფო ბიუჯეტი, თავისი არსით, ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური დოკუმენტი გახლავთ, მით უფრო, საქართველოში, სადაც პოლიტიკური მოტივაცია ყოველთვის პრევალირებს ეკონომიკურ ლოგიკაზე. შესაბამისად, ბიუჯეტის დაგეგმვაც ხშირად პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით ხდება და სწორედ ამიტომ საქართველომ ვერა და ვერ მიაღწია იმას, რომ მთავარი ეკონომიკური კანონი რეალურ პარამეტრებზე დააფუძნოს, რათა მისი აღსრულება შესაძლებელი გახდეს და წლის განმავლობაში მისი "შეკრეჭით" სეკვესტრის სინდრომი არ დაამკვიდროს ქვეყანაში.

2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისას ხელისუფლება ამ დოკუმენტს ლამის ეპოქალურ პროექტად და ამბიციურ ბიუჯეტად გვაჩვენებდა. ამ პროცესში აღმასრულებელ ხელისუფლებას არც საკანონმდებლო ჩამორჩა, რომლის წარმომადგენლებმა ისედაც არარეალისტური გეგმის კიდევ უფრო გაზრდა მოითხოვეს და, საბოლოოდ, პოლიტიკური გარიგებების საფასურად, შეძლეს კიდეც ორიოდ ათეული მილიონი ლარის წამატება.

ბიუჯეტის ზედმეტი პოლიტიზირების, მისი "ჰაერით გაბერვისა" და ილუზორული პარამეტრების გამო, ყოველი წლის დასაწყისში მეტ-ნაკლებად საქმეში ჩახედულ ექსპერტს ამა თუ იმ სიზუსტით შეუძლია გათვალოს, თუ რამდენი მილიონით გაირღვევა საბიუჯეტო კანონი. სამწუხაროდ, ეს პროგნოზები სრულდება, ხოლო პასუხისმგებლობის ხარისხი შეუსრულებელ კანონზე, თანაც მთავარ ეკონომიკურ კანონზე, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. თუმცა რა პასუხისმგებლობაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ბიუჯეტის გარღვევაში დამნაშავეა ხელისუფლების ორივე შტო.

რაც შეეხება "სეკვესტრის სინდრომის" წლევანდელ გამოვლინებას, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში იყო პროგნოზირებადი, მას ხელისუფლება, პარლამენტის დასტურისა თუ მის გარეშე, მაინც განახორციელებს, ეს გარდაუვალი პროცედურაა, რადგან, მარტივი ეკონომიკური ლოგიკით, როდესაც შემოსავლები არ არსებობს, შესაბამისად, ხარჯებიც პროპორციულად უნდა შევამციროთ, ანუ "საბანი სადამდეც გაგვწვდება, იქამდე უნდა დავიფაროთ". თუმცა სეკვესტრი, ანუ ხელისუფლების მმართველობითი ფუნქციის სრული კრახი, ვერაფერი შეღავათია მოსახლეობისათვის, რომლის ისედაც მწირი შემოსავლები და ის საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც სახელმწიფომ უნდა იტვირთოს, ამ სახელმწიფოს ჩინოვნიკური აპარატის უსუსურობის გამო, პირდაპირპროპორციულად "შეიკრიჭება".
XS
SM
MD
LG