Accessibility links

logo-print

ვნებათაღელვა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით გრძელდება


პარლამენტის რიგგარეშე სესიის დაწყებამდე ორი დღით ადრე ჯერ კიდევ გაურკვეველია,

შეძლებს თუ არა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ეგრეთ წოდებული ბეიკერის მოდელის დამტკიცებას. შეგახსენებთ, რომ ამ მოდელით სახელისუფლებო ბლოკი კომისიაში ხუთ წევრს ნიშნავს, ოპოზიცია კი ცხრას. საპარლამენტო ოპოზიციაში პარიტეტული პრინციპის წინააღმდეგ კვლავ აღორძინება და მრეწველები გამოდიან. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, ისინი, ძირითადად, კომისიების დაკომპლექტების იმ წესს აპროტესტებენ, რომლითაც მათ საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრების შეყვანის პერსპექტივა ამთავითვე ეკარგებათ.

ბეიკერის გეგმის შესაბამისად, ოპოზიციური პარტიებიდან საარჩევნო ადმინისტრაციებში თითო წევრის შეყვანას შეძლებენ პარტიები, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში შვიდპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს, თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში ოთხპროცენტიანი ბარიერი გადალახეს და, ბოლოს, თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტი დელეგატი გაიყვანეს. ოპოზიციისათვის გათვალისწინებული ცხრაკაციანი კვოტის ამგვარი პარიტეტით დაკომპლექტებას განსაკუთრებით ის პარტიები ეწინააღმდეგებიან, რომელთაც დამოუკიდებელი საქართველოს მემატიანეებად მიაჩნიათ თავი და, შესაბამისად, აუტსაიდერობას არ აღიარებენ.

[მამუკა გიორგაძის ხმა] "თუკი თბილისის არჩევნების მიხედვით ოთხპროცენტგადალახულ პარტიას უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, საპარლამენტო არჩევნების მიხედვით ოთხპროცენტგადალახულ პარტიას არ უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი? თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმასთან დაკავშირებით, ვინ არის ოპოზიცია და როგორ არის ოპოზიცია, სახალხო პარტიას თავისი მრავალწლიანი აქვს იმის უფლება და პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადგილზე ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები და სად იყო ეს პარტიები. თუნდაც ზუსტად ამ დღეებში ოცი წელი შესრულდა, როდესაც ჩვენ დაგვიჭირეს გეორგიევსკის ტრაქტატის, ასე ვთქვათ, აღნიშვნის საწინააღმდეგო მანიფესტაციის მოწყობასთან დაკავშირებით."[სტილი დაცულია]

სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე კომისიების დაკომპლექტების წესის განსაზღვრამდე ოპოზიციის არსისა და სუბიექტების დაკონკრეტებას მოითხოვს. თუმცა რატომღაც მხედველობის მიღმა რჩება, რომ სახალხო პარტია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გახლეჩით შექმნილი პარტიაა და, შესაბამისად, არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს. ახალი ფრაქციის საფუძველზე ახალი პარტიის შექმნის ერთ-ერთი პირველი პრეცედენტი სწორედ სახალხომ შექმნა წინა მოწვევის პარლამენტში. აქვე ვიტყვით, რომ სახალხო პარტიის თავსატეხი დღეისათვის მხოლოდ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი როდია: საინფორმაციო საშუალებებმა პარტიის ლიდერის მამუკა გიორგაძის სახელი 18 წლის თეონა ბაგრატიონის გატაცების ფაქტს დაუკავშირეს. გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებლების აყვანის მომენტში ბინაში ჩხრეკისას აღმოაჩინეს მამუკა გიორგაძის პარტბილეთიც.

[მამუკა გიორგაძის ხმა] "ეს არის, ელემენტარულად, 98 წელს გამოცემული საარჩევნო კალენდარი, რომელიც ჩვენი პარტიის რამდენიმე რაიონულმა ორგანიზაციამ გაავრცელა თავის დროზე, 98 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, ისიც რამდენიმე რაიონში გავრცელდა მხოლოდ და მხოლოდ და მსგავსი ათეული ათასობით რიგდება ყველა პარტიის მხრიდან არჩევნების დროს. "

ნიმუში, რომელიც სახალხო პარტიის ლიდერმა წარმოადგინა, მართლაც, 1999 წლის კალენდარია, რომლის მეორე გვერდზე მამუკა გიორგაძის ფოტო და რეკვიზიტებია მითითებული.
სახალხო პარტია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს და ცილისმწამებლურ კამპანიას პირდაპირ უკავშირებს კარსმომდგარ საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში, სახალხოს შანსები პრაქტიკულად ნულის ტოლია. ამის მიუხედავად, სახალხოს საარჩევნო კომისიებში ერთი წევრის გაყვანის პრეტენზია აქვს, ისევე, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიას, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არც კი აპირებს. საარჩევნო ადმინისტრაციებში პარიტეტის პრინციპით მონაწილეობას ითხოვენ ასევე სახალხო ფრონტი, ნაციონალისტები და მანანა არჩვაძე-გამსახურდიას "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო". მათგან განსხვავებით, ამ დროისათვის საკმაოდ მაღალრეიტინგიანი "ლეიბორისტული" პარტია, რომელსაც, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმით, ერგება ერთი ადგილი, პოპულისტურად აცხადებს, რომ მზადაა თავისი წევრის ადგილი სხვა რომელიმე პარტიას დაუთმოს. ეს ასეც რომ მოხდეს, თეორიულადაც გამორიცხულია, რომ ამ ადგილის ვიზირება ლეიობორისტულმა პარტიამ არასაპარლამენტო ოპოზიციისათვის ისურვოს.
XS
SM
MD
LG