Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


დღეს ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, "ოქროს საუკუნის" პირველი ნაწილში ლადო გრიგოლიას გავიხსენებთ

- გამოჩენილ გრაფიკოსს, მოქანდაკეს აგვისტოში 100 წელი შეუსრულდებოდა. 14 ივლისი - ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა. პროგრამის მეორე ნახევარში შევეცდებით ავხსნათ, თუ რატომ შეიძლებოდა არ ჰყვარებოდა სტალინს გენიალური ქართველი მწერალი.

"კომპიუტერისა და ინტერნეტის ეპოქაში წიგნის მიმართ ინტერესი ქრება!"- ამ მოსაზრებას ავტორი არა ჰყავს, ეს, უბრალოდ, გავრცელებული "დებულებაა", რომელსაც წიგნის მოყვარულები თითქოს ებრძვიან კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ებრძვიან ჩვენშიც. თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოში მოდის თაობა, რომელიც ახლა უკვე მშვენივრად ერკვევა კომპიუტერული პროგრამების ნიუანსებში, მაგრამ წიგნს იშვიათად კიდებს ხელს. ამ ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს, რომ ლამაზ ქართულ შრიფტებს, რომელსაც ხშირად იყენებს მუშაობის, ან უბრალოდ, მეგობრული მიმოწერის დროს, სახელგანთმული ავტორები ჰყავს. ერთ-ერთი - ლადო გრიგოლიაა, მხატვარი, რომელსაც აგვისტოში ასი წელი შეუსრულდებოდა, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, რომელმაც წიგნი შეიძლება ითქვას "სანახაობად" აქცია... და ამ მიზნის მისაღწევად არა ილუსტრაციები, სურათები გამოიყენა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ქართული შრიფტის სილამაზეს დაეყრდნო - ასოები გადააქცია "სანახაობად". თანაც, 30-იან, 40-იან წლებში, როცა სანახაობა, ეგრეთ წოდებული "სუფთა ფორმა’ ქართულ საბჭოთა კულტურაში თითქმის მთლიანად იდეოლოგიით შეიცვალა. დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებას, ამ შემთხვევაში, წიგნის გაფორმებას, იმხანად გარკვეული უპირატესობა ჰქონდა - მხატვარს, რომელიც წიგნის ყდას, ფორზაცს, ტიტულსა და კონტრტიტულს აფორმებდა, ფორმალიზმში ვერავინ დაადანაშაულებდა... და ლადო გრიგოლიამ მშვენივრად გამოიყენა ეს შანსი - მიმართა ქართული ჭედური ხატების ტრადიციას, მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე საუკუნის კალიგრაფია თანამედროვე გრაფიკის ენას დაუმორჩილა ისე, რომ თავის საუკეთესო ნამუშევრებში; "ვეფხისტყაოსნის" საიუბილეო გამოცემაში, აკაკი წერეთლის თხზულებათა კრებულში, პუშკინის "ევგენი ონეგინის" გაფორმებაში, თავიდან აიცილა სტალინის ეპოქის ქართული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი გადაჭარბებული სტილიზაცია, სიმძიმე და გადატვირთულობა. უბრალოება, სისადავე - ლადო გრიგოლიას სტიქიაა. რაოდენ ლამაზიც, რაოდენ სურათოვანი, თუ "სანახაობრივიც" არ უნდა იყოს მისი შრიფტი, გრიგოლიას თავსართები, თავსამკაული ასოები ყოველთვის ადვილად იკითხება. მისი მოწაფეები ამბობენ, რომ ლადო გრიგოლია არავის უმალავდა ამ სიმკაცრისა და გამომხატველობის საიდუმლოს. მხატვარმა ფუნდამენტური ნაშრომი გამოაქვეყნა სახელწოდებით "ქართული კონსტრუქციული და გრაფიკული შრიფტი", რომელიც თბილისის სამხატვრო აკადემიაში შრიფტის სწავლების დისციპლინას დაედო საფუძვლად. ის ადამიანები - მხატვრები, პროგრამისტები, რომლებიც დღეს ახალი, ლაკონური, თანამედროვე ქართული შრიფტის შექმნაზე მუშაობენ, ძირითადად იაკობ ნიკოლაძისა და იოსებ შარლემანის მოწაფის, ლადო გრიგოლიას მემკვიდრეობას ეყრდნობიან.

ლადო გრიგოლია 1977 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გაფორმება დაასრულა. ენციკლოპედიაში სიტყვას "კომპიუტერი" ასეთი განმარტება აქვს: "უცხოურ, ძირითადად ინგლისურენოვან ლიტერატურაში გავრცელებული ტერმინი, აღნიშნავს მოწყობილობას, რომელიც ავტომატურად მუშაობს წინასწარ შედგენილი პროგრამით ან ბრძანებათა თანმიმდევრობით."

[მუსიკა]

1951 წლის ივლისში ქართველი ხალხი ვაჟა-ფშაველას დაბადების დღის აღნიშვნისთვის ემზადებოდა. კინოთეატრებში კონსტანტინე პიპინაშვილის "აკაკის აკვანს" უჩვენებდნენ, ფილმს, რომელშიც სპარტაკ ბაღაშვილმა ერთდროულად სამი როლი ითამაშა - ესტატე მეწისქვილე, გამზრდელი ვაჟა-ფშაველა. პიპინაშვილს არასდროს უთქვამს, თუ რატომ გააერთიანა ეს სახეები და რატომ ანდო დიდი ქართველი მწერლის როლი მაინც და მაინც ბაღაშვილს, რომელსაც ზუსტად ათი წლის წინ საქართველოს ცეკას მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის ბრძანებით "ჩამოართვეს" გიორგი სააკაძის როლი მიხეილ ჭიაურელის ამავე სახელწოდების ფილმში. კონორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის მოგონებით კანდიდ ჩარკვიანს მოგვიანებით უთქვამს:

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] "მე ვიხსენიო ქართული ხელოვნება იმისგან, რომ სპარტაკ ბაღაშვილს ეთამაშა ეს როლიო... როგორო, მაშინ ის უკვე ფსიქიატრულ საავადმყოფოში იყო, და როგორ შეიძლება გიორგი სააკაძე ეთამაშაო".

კანდიდ ჩარკვიანმა არ დაუშვა, რომ სპარტაკ ბაღაშვილს გიორგი სააკაძის როლი ეთააშა, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია კონსტანტინე პიპინაშვილისთვის, როცა ბაღაშვილი ვაჟა-ფშაველას როლზე დაამტკიცეს. ეს იყო 1947 წელს. ხელისუფლება, როგორც ჩანს აპირებდა საზოგადოებაში გარკვეული სტერეოტიპის დამკვიდრებას; ვაჟა-ფშაველა უნდა ყოფილიყო "გიჟი", "ჩამორჩენილი" - ზუსტად ისეთი, როგორც 1951 წელს, ერთ-ერთ პარტიულ კონფერენციაზე დაახასიათა პოეტი იგივე კანდიდ ჩარკვიანმა, ვაჟა-ფშაველას დაბადების 90 წლის იუბილემდე ერთი კვირით ადრე:

[კანდიდ ჩარკვიანის ციტატა]: "ვაჟა-ფშაველა ფშავის ვიწრო ხეობაში ჩაიკეტა და შეგნებულად შეზღუდა თავისი თემატიკა მთიელ ქართველთა და მათ მეზობელ მთიელ ტომთა სისხლისმღვრელი შინაომებითა და მითოლოგიური შინაომებით... არამარტო იმ დიდი სოციალური ბრძოლის ამოცანები, რომელიც საქართველოში მის დროს ბობოქრობდა, არამედ ქართველი ხალხის საერთოეროვნული ამოცანებიც ჯეროვნად არ ასახულა ვაჟა-ფშაველას პოეტურ შემოქმედებაში"

და თუ კანდიდ ჩარკვიანი სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ "გიორგი სააკაძე" - სპარტაკ ბაღაშვილისგან "იხსნა", ვაჟა-ფშაველაზე თავდასხმა მოგვიანებით მან სახალსოდ მოინანია და აღიარა, რომ ეს სიტყვა მან სტალინის უშუალო დავალებით წაიკითხა. თუმცა საზოგადოება ამას ისედაც კარგად მიხვდა. საქართველოს ცეკას ყოფილი მდივნის მონანიებამდე ვაჟას შემოქმედებაზე თავდასხმის ფაქტს აკაკი ბაქრაძე გამოეხმაურა:

[აკაკი ბაქრაძის ციტატა]: "თავისი ინიციატივით ამას ჩარკვიანი ვერ გაბედავდა. ყველამ ჩინებულად იცის, მოსკოვის ნებართვის თვითნიერ, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკას მდივანი საპირფარეშოშიც ვერ შევა და ჩარკვიანი ვით გარისკავდა ვაჟას გაკრიტიკებას? აშკარაა, "ვაჟას პრობლემა" ვიღაც სხვამ გამოიტანა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მოსკოვის მითითებით მოხდა"

რა არ მოწონდა სტალინს ვაჟას შემოქმედებაში? ცხადია, არა მარტო დიალექტიზმებით დამძიმებული ენა, როგორც მიიჩნევენ ზოგიერთები. სტალინმა ხომ ვაჟა-ფშაველას წინააღმდეგ ასეთი "არაპირდაპირი" გალაშქრება გაბედა სწორედ მაშინ, როცა სერიოზული პრობლემები შეექმნა ჩრდილოკავკასიაში, როცა საკუთარი მიწიდან აყარა ასიათასობით მთიელი ხალხი და, რაც მთავარია, როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კოსმოპოლიტიზმს გამოუცხადა ბრძოლა. "ალუდა ქეთელაურის" ავტორი "ხალხთა მამაში" საეჭვო ასოციაციას ქმნიდა. არატოლერანატობის მომძლავრების ეპოქაში უბრალოდ სახიფათო იყო მწერალი, რომელსაც ყოველთვის ახსოვდა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის "აღარ არის იუდეველი, აღარც წარმართი, აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი". მოგვიანებით, მწერალი თეიმურაზ მაღლაფერიძე ვაჟა-ფშაველას მიმართ სტალინის დამოკიდებულებას გაიხსენებს და დასძენს:

[თეიმურაზ მაღლაფერიძის ციტატა]: "ასე შეიკრა წრე: მიმძლავრებულ იოჰან ვოლფგანგ გოეთეს გვერდში ამოუდგა მიმძლავრებული ვაჟა-ფშაველა. ასე შეეწირა ორი ბუმბერაზი პროლეტარიატის შიშველ ინტერესებს, უფრო ზუსტად, მათი ბელადების უტილიტარიზმს, უგემოვნობასა და, თუ გნებავთ, უზნეობას. მაგრამ საქმე ისაა, რომ ვაჟა და გოეთე მარადი, ღვთივკურთხეული თანამგზავრები იქნებიან კაცობრიობის უკვდავი სულისა, ხოლო ფანატიკოსი, სალახანა, მოძალადე დოქტრინიორები აგერ, ჩვენს თვალწინ იძირებიანდავიწყების მღვრიე ქაოსში."

საინტერესოა, რომ ბელადმა, გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, თავად ვერ გაბედა დიდი ქართველი მწერლის წინააღმდეგ გალაშქრება. იგი, როგორც ჩანს, გრძნობდა, რომ ქართველი ხალხი ამას ვერ გაიგებდა და არ აპატიებდა. ამიტომაცაა, რომ დღევანდელი ქართველი სტალინისტებიც კანდიდ ჩარკვიანის "ლაშქრობას" ვაჟა-ფშაველას წინააღმდეგ, ისევ საქართველოს ცეკას მაშინდელი მდივნის პირადი ინიციატივით ხსნიან. ეს ბუნებრივია. დღევანდელი ქართველი სტალინისტებიც ხომ - ქართველები არიან. ვაჟა კი ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას თქმით

[ნანა ჩაჩუას ხმა]: "ვაჟა არის ქართული ცნობიერება, და არა მარტო ქართული ცნობიერება, არამედ ქართული ეთნოფსიქოლოგიური მოცემულობა. ვაჟა არის თითოეული ქართველი. ილია არ არის თითოეული ქართველი. ილია არის განსაკუთრებული, ცნობიერებაზე აქცენტირებული, ასე ფიროსმანიც, განსაკუთრებული... ვაჟა თითოეული ქართველია."
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG