Accessibility links

logo-print

საქართველოში სიღარიბის დონე იზრდება


"ახალი ევროპის" დღევანდელ გამოშვებაში სიღარიბეზე ვისაუბრებთ. საინტერესოა, რომ საქართველოში, რომელიც დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ ილტვის და რომლის ხელისუფლებაც ამგვარი აგიტაციით კვებავს მოსახლეობას,

ბოლო ათწლეულის მანძილზე სიღარიბის დონე სულ უფრო მატულობს. გაეროს საუკუნის სამიტზე - 2000 წლის გენერალურ ასამბლეაზე მომავალი 15 წლის უმნიშვნელოვანეს სამ ამოცანას შორის მსოფლიოს ლიდერებმა სიღარიბის აღმოფხვრა დასახეს. 2015 წლამდე ამ მიზნის მიღწევა ფანტასტიკურად ჟღერს, რასაც მსოფლიოს ქვეყნების განვითარების შესახებ გაეროს წლევანდელი ანგარიშიც ადასტურებს. 1990 წლიდან ღარიბდებოდა აღმოსავლეთი ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც.
სიღარიბის ზრდა საქართველოში პირდაპირ უკავშირდება წარმოების დონის დაცემასა და შესაბამისად დასაქმების პრობლემას. საზოგადოდ, სიღარიბე ქალაქების მოსახლეობაში უფროა ფესვგადგმული, ვიდრე პროვინციებში. სხვა საქმეა, რომ თავად საქართველოს რეგიონები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან სიღარიბის დონით. მსოფლიო ბანკის კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე შეძლებული რაიონები აჭარა და სამეგრელოა, ყველაზე ღარიბი კი გურია და იმერეთი. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ სამეგრელოს მოსახლეობის თითქმის ხუთი პროცენტი უკიდურეს სღარიბეში ცხოვრობს. იმერეთში ეს მაჩვენებელი სამჯერ მაღალია.

საქართველოს მოსახლოების ღარიბ ნაწილს ახასიათებს კიდევ ერთი თვისება: აქ ღარიბი მოსახლეობის მხოლოდ ორი პროცენტი იმყოფება სიღარიბეში მთელი წლის მანძილზე. მათი 80 პროცენტი ახერხებს პერიოდულად დაძლიოს გაჭირვება. ხანგრძლივ სიღარიბეს უპირველესად ოჯახის უფროსების დაუსაქმებლობასთან აკავშირებენ. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ ქრონიკული სიღარიბის შემთხვევათა ნახევარი საქართველოში იმერეთის რეგიონში აღინიშნება, ერთი მეხუთედი კი თბილისში.

ყველაზე ეფექტიანი იარაღი სიღარიბის დაძლევისთვის ეკონომიკური ზრდაა, თუმცა ამანაც შეიძლება ვერ მოახდინოს სასიკეთო ზეგავლენა მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილზე, თუკი თან არ დაერთო მინიმალური პირობები. რომელთა შორის უმთავრესი არის ხელისუფლების უნარი აკრიფოს გადასახადი და შემდეგ ეს საბიუჯეტო შემოსავლები მთელს მოსახლეობაზე გაანაწილოს. ამის გარეშე სიღარიბის დაძლევის პერსპექტივა საქართველოში ნაკლებად წარმოსადგენია. მსოფლიო ბანკის ექსპერტთა თანახმად, ეკონომიკური ზრდა შეიძლება იმაზე უფრო ეფექტიანი საშუალება აღმოჩნდეს სიღარიბესთან ბრძოლაში, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მაგალითად, წლიურმა 5-6 პროცენტიანმა ზრდამ 5 წელიწადში შეიძლება სიღარიბის დონე არსებულთან შედარებით ნახევრამდე შეამციროს. მეორე ფაქტორი, რაც ეკონომიკური ზრდის ფონზე ასევე ხელს უშლის სიღარიბის დაძლევას, არის შემოსავლების არათანაბარი განაწილება. საქართველოში მოსახლეობის სხვადასხვა ფენების შემოსავლებს შორის სხვაობა ძალიან დიდია. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისა და მეორე მცირე ნაწილის შემოსავლებს შორის. მესამე ფაქტორი, რაც ეკონომიკურ ზრდას მთელი მოსახლეობისთვის საგრძნობს ვერ გახდის, არის რეგიონების ეკონომიკური მდგომარეობის უთანასწორობა, რის დაძლევასაც დიდი დრო დასჭირდება. თუკი საქმე აქამდე მივიდა, მსოფლიო ბანკის ექსპერტები რეგიონებს შორის განსხვავების აღმოსაფხვრელად საგანგებო რეგიონული ინვესტიციების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ძნელია საქართველოში დაადგინო მოსახლეობის რეალური შემოსავლების რაოდენობა, რადგან ხშირად აღრიცხულ შემოსავლებს აღურიცხავი სჭარბობს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აქტუალურია მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც რესტორნებსა და სასტუმროებშია დასაქმებული, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებების მომსახურე პერსონალისთვის, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული პაციენტების მიერ გადახდილ გასამრჯელოზე. აღურიცხავი შემოსავლების, ანუ ქრთამით მიღებული შემოსავლების წილი დიდია სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავეების ბიუჯეტშიც.

ასეთი მდგომარეობის წყალობით საქართველო მოხვდა გაეროს მიერ დასახელებულ იმ 54 ქვეყანას შორის, რომელიც ბოლო ათწლეულის მანძილზე, როცა ერთნი მსოფლიოს უმეტესი ნაწილის ნელ პროგრესზე ლაპარაკობენ, გაღატაკდა. ამ 54 ქვეყნიდან 17 აღმოსავლეთი ევროპის სახელმწიფო და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრია. მათ შორის სამხრეთი კავკასიის სამივე ქვეყანა, ბულგარეთი, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, მოდლავეთი, რუმინეთი, უკრაინა და რუსეთიც.

გაეროს განვითარების პროგრამის დირექტორის მოადგილე ჟან ფაბრი განსაკუთრებით საყურადღებოდ მსოფლიოს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის განსხვავების ზრდას მიიჩნევს. ფაბრმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა:

[ფაბრის ხმა]
"ბოლო წლების ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა განვითარებამ ძლიერ შეუწყო ხელი მსოფლიოს კეთილდღეობის ამაღლებას. მაგრამ იმავდროულად, ბევრი ქვეყანა ბოლო 10 წლის მანძილზე ძალიან ჩამოქვეითდა. ამის დაშვება ჩვენ არ შეგვიძლია, თუკი გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არც ისე დიდი ხნის წინ მსოფლიოს ლიდერებმა დასახეს რამდენიმე ამოცანა, რომლის განხორციელებაც 2015 წლისთვის უნდა მოხდეს".

ჟან ფაბრი სხვა ცვლილებებთან ერთად გულისხმობდა იმასაც, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე დაეცა 21-ი ქვეყნის განვითარების ინდექსი. ეს გახლავთ სხვადასხვა მონაცემებით შედგენილი კოეფიციენტი და მოიცავს: სიცოცხლის ხანგრძლიობის, მოსახლეობის განათლებულობის, წერა-კითხვის გავრცელებისა და შემოსავლების დონის მაჩვენებლებს.

ყოფილი საბჭოთა ქვეყნების შესახებ ჟან ფაბრმა განაცხადა:

[ფაბრის ხმა]
"რამდენიმე ქვეყანაში კატასტროფული დაცემის მოწმენი ვართ, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს ვგულისხმობ, სადაც სიღარიბე მკვეთრად იზრდება. ფაქტობრივად, მთელს ყოფილ საბჭოთა რეგიონში სიღარიბის დონე გასამმაგდა და ის რეგიონის მოსახლეობის 20 პროცენტს, ანუ 100 მილიონ ადამიანს შეეხო. რამდენიმე ქვეყანაში ეცემა განვითარების ინდექსი. ზოგიერთმა ქვეყანამ მსოფლიოს ნაკლებად განვითარებული ქვეყნების დონეს მიაღწია. ერთ ადგილას გაიყინა, ან რეგრესს განიცდის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი. ყველაზე მეტად ეს ყველაფერი შეეხო უკრაინას, თურქმენეთს, საქართველოს, მოლდავეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს".

გაეროს ისევე, როგორც ბევრ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა და ინტიტუტს უამრავი რჩევა აქვს მომზადებული საქართველოსთვის. რჩევები-რჩევებად, მაგრამ არჩევანი ისევ ჩვენზეა.
XS
SM
MD
LG