Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩამოაგდებენ თუ არა რუსი გენერლები ამერიკულ თვითმფრინავებს საქართველოს საჰაერო სივრცეში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ჩანს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ე.წ. ცივი ომის ახალი ეტაპი იწყება. მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს 15 ივლისს "ნეზავისიმაია გაზეტას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია,

რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის, "ავაქსის", გამოჩენის საპასუხოდ, რუსეთის გენერალიტეტი აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო სისტემის ეს-300-ის განთავსებას გეგმავს. მსმენელს შევახსენებთ, რომ საზენიტო- სარაკეტო სისტემა ეს-300 გამოიყენება ბალისტიკური რაკეტების, სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავების გასანადგურებლად. ჩამოაგდებენ თუ არა რუსი გენერლები ამერიკულ თვითმფრინავებს საქართველოს საჰაერო სივრცეში?


საქართველოში ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის, "ავაქსის", გამოჩენამ რუსეთის მხრიდან მკვეთრი განცხადებები გამოიწვია. "რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით, "ავაქსის" ფრენები რუსეთის სახელმწიფო საზღვრების სიახლოვეს არ შეეფერება რუსეთისა და ნატოს ურთიერთობის ხარისხს," - წერს "ნეზავისიმაია გაზეტა", რომლის ცნობითაც, რუსეთის სადაზვერვო სამსახურის უფროსს ვალენტინ კორაბელნიკოვს დაევალა, გაააქტიუროს სადაზვერვო საქმიანობა საქართველოში.
რუსი სამხედროების განმარტებით, რუსეთ-საქართველოს საზღვრის სიახლოვეს ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავების ფრენები ჩრდილოატლანტიკურ ალიანს საშუალებას აძლევს, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის აეროდრომების ფუნქციონირების შესახებ, უთვალთვალოს რუსეთის ჯარების გადაადგილებას, სამხედრო-საზღვაო აქტიურობას შავ და კასპიის ზღვებში. ანუ რუსეთი შეშფოთებას ვერ მალავს საქართველოს საჰაერო სივრცეში ნატოს მზვერავი თვითმფრინავების გამოჩენასთან დაკავშირებით. გამოსავალი კი რუსულმა მხარემ მარტივი მოძებნა - აფხაზეთში საზენიტო- სარაკეტო დანადგარის, ეს-300-ის, დამონტაჟება, რაც, მათი გამოთვლებით, ამერიკულ თვითმფრინავებს ამ რეგიონში გამოჩენის სურვილს დაუკარგავს.
რამდენად რეალურია, რომ რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცეში ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდება სცადოს? - ასეთ ვერსიასთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმარების მთავარი სამმართველოს უფროსი კახა კაციტაძე აცხადებს:
[ კახა კაციტაძის ხმა] " ის განცხადება, რაც იყო "ნეზავისიმაია გაზეტაში", ის ადამიანები, ვინც მათ უკან დგანან - მე ერთადერთი რამ შემიძლია ვურჩიო - როგორც გამიგია, ბეხტერევის სახელობის შესანიშნავი ფსიქიატრიული კლინიკაა მოსკოვში და მიმართონ მათ. სხვა კომენტარის გაკეთებას მე არ ვაპირებ."[სტილი დაცულია]
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის თქმით, რუსული მხარე ჯერ კიდევ მანამდე ცდილობდა აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო დანადგარების შეტანას, სანამ საქართველოში "ავაქსი" გამოჩნდებოდა:
[ირაკლი ბათიაშვილის ხმა]"ელემენტარულად, რუსეთის სამშვიდობო ჯარს არა აქვს უფლება, შემოიტანოს, რადგან არსებობს ნუსხა, დადგენილი დსთ-ს თავდაცვის საბჭოში, რისი შემოტანის უფლება აქვთ."
თუმცა, მისივე აღიარებით, რუსეთის მხარეს არაფრად უღირს საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. და თუ რუსეთი არღვევს ეუთოს სტამბულის სამიტის გადაწყვეტილებებს, მას წინ არაფერი დაუდგება, დაარღვიოს დსთ-ს სამიტის შეთანხმებაც:
[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] " რუსებისგან არაფერი გამორიცხული არ არის. სტამბულის შეთანხმებას ისიც ეწინააღმდეგება, რომ ამდენი ხანი ახალქალაქის და ბათუმის ბაზებზე შეთანხმება არ არის მიღწეული. და ისიც ეწინააღმდეგება, რომ გუდაუთის ბაზა გაყვანილი არ ჰყავთ, დახურული არ არის. მათგან ყველაფერი მოსალოდნელია."
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა მაინც შეიტანა და დაამონტაჟა აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო დანადგარი ეს-300, საქართველოს კვლავ საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვა მოუწევს, რუსეთის თვითნებობის აღსაკვეთად:
[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] " ასე რომ, ძალიან საშიში სიტუაციაა. აქ ბევრი რამე არის დამოკიდებული ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევაზე, ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებულ ძალისხმევაზე, რომ რამენაირად არ დავუშვათ, ეს შემოიტანონ."
15 ივლისს, საღამოს სააგენტო "ინტერფაქსმა" გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრის დაგეგმილი არა აქვს აფხაზეთში ეს-300 სისტემის საზენიტო-სარაკეტო დანადგარის განთავსება. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ბევრ სხვა რამესაც ასევე უარყოფდა, - მაგალითად, სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში რაიმე მონაწილეობას, - საეჭვოა, ამ უარყოფამ ოფიციალური თბილისი დაამშვიდოს.


XS
SM
MD
LG