Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატენსას დელეგაციის გასაიდუმლოებული ვიზიტის დეტალები


საქართველოში მეორე დღეა იმყოფება ატენსას (ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს) დელეგაციის ოთხკაციანი ჯგუფი,





რომელიც საქართველოს გარემოსა და ბუნების დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებას აწარმოებს. როგორც ცნობილია, ატენსამ უკვე დააფინანსა საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე პროექტი, რომლის ფარგლებში ბევრი საშიში რადიაციული წყარო იქნა მოძებნილი და გაუვნებელყოფილი. მიმდინარე ვიზიტის დროს კი, წინასწარი ინფორმაციით, იგეგმება ახალი ხელშეკრულების ხელმოწერა, ოღონდ ამჯერად დღის წესრიგში დგება რადიაციული წყაროების აღმოჩენა საქართველოს მთიან რაიონებში და, მათ შორის, პანკისის ხეობაში, სადაც ეს სამუშაოები არასდროს ჩატარებულა.

ორი წლის წინ წალენჯიხის რაიონში მდებარე ბარბალეშის ხეობაში აღმოჩენილმა რადიაციულმა წყარომ, რომელსაც "სტრონციუმ 90"-ის შემცველი სააკუმულატორო ბატარეა გამოყოფდა, ატომური ენერგიის საერთაშორისო საააგენტოსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის საქმიან თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი. მაშინ ატენსას წარმომადგენლებმა, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ურთულეს მეტეოპირობებში შეძლეს რადიაციული წყაროს ევაკუაცია სპეციალური სარკოფაგებით და შემოწმება ჩაუტარეს იმ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებსაც რადიაციის კერასთან ჰქონდათ კონტაქტი. შემდეგ ჩამოიტანეს სპეციალური აღჭურვილობა ქართველი ქიმიკოსებისთვის და საქართველოს 6 რაიონში გადაიღეს აეროფოტოები. ამ სამუშაოთა მოცულობა მთლიანად ატენსამ დააფინანსა და ეს ხარჯთაღრიცხვა გასაიდუმლოებულია, ისევე როგორც იმ უცხოელი სპეციალისტების ვინაობა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული წყაროების აღმოჩენისა და ლოკალიზების სამუშაოებს აწარმოებენ. როგორც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაია კაპანაძემ რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, ამჯერად საიდუმლოების დაცვის რეჟიმი ერთიორად გავრცელდება ქართველ ლიკვიდატორთა ჯგუფზე, რომელიც, ატენსასა და საქართველოს ხელისუფლების შეთანხმებით, პანკისის ხეობასა და აფხაზეთის მიმდებარე მთიან ტერიტორიაზე რადიაციული წყაროების აღმოჩენაზე იმუშავებს.

[მაია კაპანაძი სხმა] "ვინაიდან ასეთ ადგილებში ვერტმფრენები ვერ შედიან, ვერ შედიან იმიტომ, რომ დაბალ სიმაღლეზე უნდა იფრინონ, რომ ეს დააფიქსირონ, თუა სადმე, ამიტომ ეს ჩვენი ტყიანი ხეობები და მთიანი მხარე, ოროგრაფია არ აძლევს ამის საშუალებას. უბრალოდ, შეიძლება საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს პილოტი, ამიტომ ეს უნდა შემოწმდეს ხელით."[სტილი დაცულია]

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ატენსას დაინტერესება პანკისის ხეობით ირიბათაც არ უკავშირდება იმ საფრთხეთა შესწავლას, რაზეც გასულ წელს დასავლეთის პრესა წერდა. როგორც ცნობილია, თავის დროზე ბრიტანულ გაზეთ "სანდი ტაიმსში" გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ნათქვამი იყო, რომ სწორედ პანკისის ხეობაში არსებულ "ტერორისტულ აკადემიაში" გაიარეს მომზადება იმ ავღანელმა ტერორისტებმა, რომლებიც ბრიტანეთის მეტროში ქიმიურ თავდასხმას გეგმავდნენ. ბრიტანული სპეცსამსახურების ინფორმაციით, რასაც ჟურნალისტები ეყრდნობოდნენ, სწორედ ამგვარ ბანაკებში მყოფ დაქირავებულ მებრძოლებს შეასწავლიდნენ მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას.


ნიშანდობლივია, რომ, ატენსას გარდა, საქართველოს ამერიკამაც აღმოუჩინა დახმარება რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით. შარშან ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ექსპერტებმა სპეციალური სამუშაოები შირაქის სამხედრო აეროდრომსა და თელავის საავიაციო ბაზაზე ჩაატარეს. ჯგუფის ხელმძღვანელმა მაიორმა მაიკლ სკოულზმა მაშინ რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში განაცხადა, რომ არსებობს ზეპირი ინფორმაცია დამარხული ბირთვული ნარჩენების შესახებ. თანაც სამხედრო ობიექტები უშუალოდ ესაზღვრებიან პანკისის ხეობას, სადაც იმხანად რამდენიმე საერთაშორისო ტერორისტი აფარებდა თავს. სპეციალური ლაბორატორიული შემოწმებით, შირაქის აეროდრომზე რადიაციული ნივთიერებები არ აღმოჩნდა. გამონაკლისი იყო თელავის სამხედრო ნაწილი, სადაც რამდენიმე რადიაციული წყაროს არსებობა დაფიქსირდა.

თუმცა რადიაციულ საფრთხეთა აღმოჩენა ჯერ კიდევ არ იძლევა თავის დამშვიდების საშუალებას, მით უფრო, რომ მათზე საქართველოში ორგვარი მოთხოვნილება შეინიშნება: საყოფაცხოვრებო, როგორც სტრონციუმის შემთხვევაში იყო, როცა სვანეთის მოსახლეობა მას გასათბობად იყენებდა, და კომერციული - სამხედრო პროკურატურა ჯერაც უიმედოდ დაეძებს ცეზიუმის კაფსულებს, რომლებიც შარშან ვაზიანის სამხედრო ტერიტორიაზე არსებული სარკოფაგიდან მოიპარეს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG