Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გააქტიურდა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხი?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი შეიძლება ითქვას, რომ 16 ივლისმა აფხაზეთის კონფლიქტის ნიშნით ჩაიარა: ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო მორიგი დადგენილება აფხაზეთის საკითხის შესახებ.

ამავე დღეს მოსკოვში აფხაზეთის კონფლიქტის ირგვლივ შექმნილი ვითარება განიხილეს საქართველოსა და რუსეთის უშიშროების საბჭოების მდივნებმა თედო ჯაფარიძემ და ვლადიმირ რუშაილომ. ასევე 16 ივლისს ბერლინში, შლაინინგის პროცესის ფარგლებში, მუშაობა განაგრძო ქართულ-აფხაზურმა მე-11 შეხვედრამ. ვინ რა წვლილი შეიტანა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში?



აფხაზეთიდან დევნილთა საპროტესტო აქციის ფონზე, 16 ივლისს საქართველოს პარლამენტმა, 147 მომხრით ერთის წინააღმდეგ, აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მიიღო დადგენილება, რომლითაც სრულად არის დაკმაყოფილებული ყოფილი ”იმელის” შენობასთან მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილეთა მოთხოვნები. კერძოდ, მთავრობას მიეცა რეკომენდაცია, მიმართოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს გაეროს წესდების მე-7 მუხლის ამოქმედების თხოვნით; განაგრძოს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდის დამადასტურებელ მასალებზე რეაგირებისთვის; გადადგას შესაბამისი ნაბიჯები კონფლიქტის ზონაში მიმდინარე სამშვიდობო ფორმატის შესაცვლელად და მოამზადოს კონკრეტული წინადადებები მის ტრანსფორმაციასა და ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებით.
შეიძლება ითქვას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო პარლამენტისა და უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესრულება : გავრცელებული ცნობებით, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე, პრეზიდენტ შევარდნაძის დავალებით, კიევსა და მოსკოვში გაემგზავრა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული ახალი დეტალების ირგვლივ მოლაპარაკების გასამართად. სააგენტო ”კავკაზ-პრესის” ცნობით, იგი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას, რომელიც, როგორც გახსოვთ, ამჟამად დსთ-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ. 16 ივლისს თედო ჯაფარიძე გაემგზავრა მოსკოვში, სადაც მოლაპარაკება გამართა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან სერგეი რუშაილოსთან. თედო ჯაფარიძის განცხადებით, აფხაზეთის კონფლიქტი - ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია, რომელიც ამ ეტაპზე ქართულ-რუსული ურთიერთობის დაბალ დონეზე მიანიშნებს.
ბერლინში კი, შლაინინგის პროცესის ფარგლებში, რიგით მე-11 ქართულ-აფხაზური შეხვედრა-დიალოგი მიმდინარეობს. შეგახსენებთ: ქართველებისა და აფხაზების შეხვედრები გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის “ბედგოფის ცენტრისა” და ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის ”შერიგების რესურსების” ხელშეწყობით იმართება. პროექტის კოორდინატორის პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, ამჯერად ამ არაფორმალური შეხვედრის მიზანია იმ ეკონომიკურ პროექტებზე საუბარი, რომლებმაც, შესაძლოა, ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას შეუწყოს ხელი. მისი აზრით, პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება აფხაზეთში გაეროს წესდების მე-7 მუხლის ამოქმედების შესახებ მხოლოდ შეკრავს აფხაზურ საზოგადოებას სოხუმის დღევანდელი ხელისუფლების ირგვლივ:
[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ” რა თქმა უნდა, ეს დაძაბავს ურთიერთობას აფხაზეთში და, შესაბამისად, ამას აფხაზები გამოიყენებენ რიტორიკისა და პროპაგანდისთვის ქართველების წინააღმდეგ, გამოიყენებენ იმისათვის, რომ ამტკიცონ, თითქოს ქართველები აგრესიას ახორციელებდნენ აფხაზების მიმართ.”
მისივე აზრით, სამწუხაროა, რომ პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა: ქართველებისთვის აფხაზეთის დაბრუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონფლიქტის მოგვარება.
XS
SM
MD
LG