Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტართა უპრეცედენტო შიმშილობა იუსტიციის სამინისტროში


ოთხშაბათ დილიდან იუსტიციის მინისტრის მისაღებში შიმშილობა დაიწყო საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა, რომლებიც იუსტიციის მინისტრისგან რამდენიმე რაიონული

სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას ითხოვენ. მიუხედავდ იმისა, რომ საქართველოში პროტესტის ეს ფორმა ერთობ გავრცელებულია, შეიძლება ითქვას, რომ დეპუტატთა მხრიდან ასეთი მასობრივი შიმშილობის ფაქტი უპრეცედენტო მოვლენაა. თანაც ძალზე საინტერესოა აღინიშნოს, რომ მოშიმშილე კანონმდებელთა შორის ერთ-ერთი, კოტე კემულარია, თავად არის ყოფილი იუსტიციის მინისტრი. რას ითხოვენ მოშიმშილე დეპუტატები და როგორ ვითარდებოდა მოვლენები იუსტიციის სამინისტროში?


იუსტიციის მინისტრის მისაღებში შიმშილობა საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალების” ექვსმა წევრმა - კობა დავითაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, აკაკი ბობოხიძემ, ლადო ჭიპაშვილმა, ზვიად ძიძიგურმა და კოტე კემულარიამ - იუსტიციის მინისტრ როლანდ გილიგაშვილთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ დაიწყო. მართალია, კოტე კემულარიას, ყოფილ იუსტიციის მინისტრს, მოგვიანებით თანაფრაქციელი გოჩა ჯოჯუა ჩაენაცვლა, მაგრამ დეპუტატების მოთხოვნა უცვლელი დარჩა. მოშიმშილე კანონმდებლები ითხოვენ სისრულეში იქნეს მოყვანილი აბაშის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 147 ათასი ლარის ოდენობის საპენსიო დავალიანება უნდა დაურიგდეთ სამტრედიის რაიონის პენსიონერებს. სულ კი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, საპენსიო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, 8 რაიონში მოიგეს სასამართლო პროცესი, რაც, ჯამში, სახელმწიფო საპენსიო ფონდს მილიონ ორასი ათასი ლარის გადახდას აკისრებს. ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომ მოაწყვეს ასეთი უპრეცედენტო საპროტესტო აქცია პარლამენტარებმა იუსტიციის სამინისტროში და არა საპენსიო ფონდის შენობაში, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა გვიპასუხა:

[კობა დავითაშვილის ხმა] “კანონში პირდაპირ წერია, რომ აღსრულებისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რასაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს საპენსიო ფონდი, ეძლევა ერთი თვის ვადა. ჩვენ გვითხრეს, რომ კი, ჩვენ გავუგზავნეთ გაფრთხილება ერთთვიანი ვადის თაობაზე, ერთი თვის თავზე, როდესაც მოვაკითხეთ დღეს, გვეუბნებიან, რომ იცით, ჩვენ ერთთვიანი გაფრთხილების ვადა კი არ გავაგზავნეთ, არამედ სამთვიანი. გუშინ კი სასწრაფოდ, გუშინდელი რიცხვით, დღეს მოაქვს საპენსიო ფონდს მთაწმინდა-კრწანისის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც შეჩერებულია სააღსრულებლო გადაწყვეტილება აბაშის რაიონის სასამართლოსი სამტრედიის საკითხზე, რაც აბსოლუტური ნონსენსია, იმიტომ რომ კანონი ამას არ ითვალისწინებს.”[სტილი დაცულია]

თავის მხრივ, დეპუტატებს კანონმდებლობის არცოდნაში ადანაშაულებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა, რომელიც ისედაც საალყო მდგომარეობაში იმყოფება, ამ ბოლო ხანებში ციხეებიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის გამო. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელმა პირმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი წკრიალაშვილმა რადიო “თავისუფლებას” განუცხადა, დეპუტატების პროტესტი იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და ერთადერთ მიზანს, მოახლოებული არჩევნების წინ მოსახლეობის თვალში პოლიტიკური ქულების დაგროვებას, ემსახურებაო.

[გიორგი წკრიალაშვილის ხმა] “უმთავრესი გახლავთ ის, რომ მთაწმინდა-კრწანისის სასამართლომ ეს აღსრულება საერთოდ შეაჩერა თავისი გუშინდელი გადაწყვეტილებით. ჩვენ გუშინ მივიღეთ წარმოებაში ეს სააღსრულებლო ფურცელი და არანაირი სამართლებრივი ბერკეტი ჩვენ რაიმე შემდგომი მოქმედებების განხორციელებისა არ გაგვაჩნია. ნუ, როგორც იუსტიციის სამინისტროს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის წინასაარჩევნო პოლიტიკური აქცია. გასაგებია, რა მიზნებს ატარებს ეს აქცია. ამას არც ფარავენ.”

მოშიმშილე დეპუტატები, მართლაც, არ მალავენ, რომ ისინი შიმშილობენ სწორედ იმ ათასობით პენსიონერის სახელით, რომლებმაც თავიანთი კუთვნილი თანხების მიღება სამართლებრივი გზით სცადეს, მაგრამ კიდევ ერთხელ მწარედ მოტყუვდნენ. პარლამენტარ კობა დავითაშვილის თქმით:

[კობა დავითაშვილის ხმა] “ეს არის, ეტყობა, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ გამოცხადებული პროგრამის რეალიზაცია, რომ 2008 წლამდე გაისტუმრებენ პენსიონერებს ამ სახით. და, მართლაც, გაისტუმრებენ, ოღონდ იმ ქვეყნად.”

ნიშანდობლივია, რომ იმ ფონზე, როდესაც პენსიონერების დავალიანების თანხებთან დაკავშირებით ვნებათაღელვა პიკს აღწევს, დაუდგენელმა პირებმა სამტრედიის “აგრომრეწვბანკიდან” სამშაბათ საღამოს პენსიონერების კუთვნილი 80 ათასი ლარი გაიტაცეს.
და ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა მიმდინარე წლის განმავლობაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG