Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მთავრობამ ჟურნალისტის მკვლელობა აღიარა


დავით პაიჭაძე, თბილისი ირანის დედაქალაქ თეირანში ირანული წარმოშობის კანადელი ჟურნალისტი ქალის სიკვდილმა დაძაბა ირანისა და კანადის ურთიერთობა. რამდენიმე დღის წინ ირანის მთავრობა აცხადებდა,

რომ ფოტოჟურნალისტი ზაჰრა ყაზემი ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა და მხოლოდ 16 ივლისს აღიარა, რომ ყაზემის სიკვდილი ცემამ გამოიწვია. ამ ინციდენტზე უფრო ვრცლად დავით პაიჭაძე მოგითხრობთ.

გასულ ოთხშაბათს, თეირანსა და ოტავას შორის ჟურნალისტი ქალის სიკვდილით გამოწვეული რამდენიმე დღის დაძაბულობის შემდეგ ირანის ვიცე-პრეზიდენტმა, მოჰამად ალი აბთაჰიმ განაცხადა, რომ ზაჰრა ყაზემი ცემის შედეგად გარდაიცვალა. ვიცე-პრეზიდენტმა ირანელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის თანახმად, ქალი გარდაიცვალა ტვინში სისხლის ჩაქცევით, რაც ცემით იყო გამოწვეული".

ზაჰრა ყაზემი თავისუფალი ჟურნალისტი იყო. მას ორმაგი - კანადისა და ირანის მოქალაქეობა ჰქონდა და მონრეალში ცხოვრობდა. ირანის დედაქალაქში 54 წლის ყაზემი ივნისის ბოლოს დააპატიმრეს, როცა ის თეირანის ცნობილ, ევინის ციხეს უღებდა სურათებს. ამ ციხეში ბევრი პოლიტიკური დისიდენტი ზის. უშიშროების ძალებმა ეჭვი მიიტანეს, რომ ქალი ჯაშუში იყო. დაკითხვის შემდეგ, გასულ კვირაში ყაზემი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თეირანი მის სიკვდილს ჯერ ტვინში სისხლის ჩაქცევას მიაწერდა, ცემის უხსენებლად. მაგრამ კანადიდან დიპლომატიური ზეწოლის შემდეგ ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ დაავალა მთავრობას, კვირის ბოლომდე გამოეკვლიათ ყაზემის სიკვდილი და მოუწოდა კულტურის, დაზვერვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, დაეწყოთ "სწრაფი და ყოველმხრივი გამოძიება გაურკვევლობის გასაფანტად".

ზაჰრა ყაზემის ნათესავები და მეგობრები ირწმუნებიან, რომ ის მკვლელობის მსხვერპლი გახდა. ისინი ამბობენ, უშიშროების ოფიცერთა მიერ ყაზემი ისე სასტიკად იყო ნაცემი, რომ საავადმყოფოში წაყვანამდე კომაში ჩავარდაო.

ჟურნალისტის ვაჟმა, სტეფან ჰაშემიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ციხის გადაღებისას დედამისი მარტო მუშაობდა და დაპატიმრების შემდეგ, არ მისცეს უფლება, დაკავშირებოდა ნათესავებს ირანში.

[ჰაშემის ხმა]: "ის სურათებს იღებდა და თავისთვის მუშაობდა. მის მტრებს ეგონათ, რომ მარტო იყო, ქვეყანაში არავის იცნობდა და არც კავშირები ჰქონდა. დედაჩემი მათ მიზანში ამოიღეს".

ჰაშემიმ თქვა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ცდილობდა, ცხედარი კანადდაში გადაესვენებინა, მაგრამ ირანის ხელისუფლებამ არ დაანება. გადასვენება მოითხოვა კანადის მთავრობამაც. კანადის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ჯონ მენლიმ განაცხადა, რომ თეირანის უარი დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს. კანადის სამმა ძირითადმა გაზეთმა უკვე მოსთხოვა მთავრობას, მკაცრი პოლიტიკა გაატაროს ირანის მიმართ და დაჟინებით მოითხოვოს გვამის გაკვეთა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.

თეირანელმა იურისტმა, ჰუსეინ აგასიმ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ კანადელი ჟურნალისტი დაპატიმრებისას ირანში კანონიერად მუშაობდა:

[აგასის ხმა]: "ის აკრედიტებული იყო კორესპონდენტად 28 ივნისამდე. ესე იგი, კანონი არ დაირღვევია. დააკავეს 23 ივნისს და პატიმრობაში ჰყავდათ ჯერაც დაუდგენელ ელემენტებს. 26 ივნისს ის გადასცეს დაზვერვის სამმართველოს, სადაც მალე ჩავარდა კომაში და, ხელისუფალთა თქმით, სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა".

კანადის ოფიციალურმა პირებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ ყაზემის სიკვდილის გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართება და დააკმაყოფილებს ოტავის მოთხოვნას, ნათელი მოეფინოს საქმეს.
XS
SM
MD
LG