Accessibility links

logo-print

“ავაქსი” - საქართველოში, ქართული კონტინგენტი – ერაყში


ნატოს “ავაქსის” ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავის საქართველოში სადემონსტრაციო ფრენიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ქართული და რუსული საინფორმაციო საააგენტოები ავრცელებენ ცნობას,

რომ 19 ივლისს საქართველოს კიდევ ერთი “ავაქსის” ტიპის მზვერავი თვითმფრინავი ეწვევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამხედრო უწყებაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, ოფიციალური წყაროები არც იმას გამორიცხავენ, რომ ასეთი ტიპის სადემონსტრაციო ფრენები შემდგომშიც დაიგეგმოს. სამაგიეროდ, სამხედრო უწყება დარწმუნებით აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ერაყში ჩავა და სტაბილიზაციის დამყარების ოპერაციაში ჩაებმება. საქართველოს პარლამენტის მიერ ოთხშაბათს რატიფიცირებულმა შეთანხმებამ ამ ორთვიან გაურკვევლობას საბოლოოდ დაუსვა წერტილი.

რუსეთში ჯერაც არ ჩამცხრალა ვნებათაღელვა, რაც გასულ კვირას სადაზვერვო თვიმფრინავ “ავაქსის” თბილისში ორსაათიანმა სადემონსტრაციო ფრენამ გამოიწვია. რუსეთის გენშტაბის წარმომადგენლები და ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ სიტყვა “სადემონსტრაციო” მხოლოდ დიპლომატიური კომუფლიაჟია და მზვერავი თვითმფრინავების ფრენა რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონაკვეთზე რეგულარულად სრულდება, რათა ნატოს ხელმძღვანელობამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ჩრდილოეთ-კავკასიაში განლაგებული ფედერალური სააეროდრომო ქსელის შესახებ, თვალყური მიადევნოს რუსეთის სამხედრო ნაწილების გადაადგილებას, სამხედრო-საზღვაო ძალების საქმიანობას შავ და კასპიის ზღვებში.
რუსი ანალიტიკოსებიკიდევ უფრო შორს მიდიან და ფიქრობენ, რომ მოდერნიზებული ”ავაქსი” უახლოეს მომავალში შეძლებს თვალი მიადევნოს რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გაშვებული ახალი ფრთოსანი რაკეტების ტრაექტორიას და ახალი იარაღის ნიმუშების გამოცდის პროცესს ასტრახანის ოლქში.

თუმცა სადაზვერვო ფრენებს საქართველოს ტერიტორიაზე არა მხოლოდ ნატოს თვითმფრინავები ასრულებენ.
როგორც კრასნოდარის მხარეში მყოფმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა იგორ ივანოვმა ჟურნალისტებს 17 ივლისს განუცხადა, ერთი წლის წინ მან სპეციალური თვითმფრინავით გადაუფრინა საქართველოს საზღვარს და დაასკვნა, რომ საზღვრის ეს მონაკვეთი სერიოზულ გაძლიერებას საჭიროებს.
და გააძლიერეს კიდეც.
ივანოვის თანახმად, საქართველოდან მომავალი ტერორისტული საფრთხის აღსაკვეთად, რუსეთმა მოკლე დროში დააკომპლექტა მე-10 ბრიგადა, დისლოკაციის ადგილით კრასნოდარში, რომელიც სპეციალურ ამოცანას საქართველოს საზღვრისპირა მთიან რეგიონში ასრულებს.

როგორც ირკვევა, საქართველოს სამხედრო უწყება არანაირად არ რეაგირებს “ავაქსთან” დაკავშირებულ აჟიოტაჟზე, რადგან ერთი, თუნდაც შორეული აღმოჩენის სალოკაციო აპარატურით აღჭურვილი, თვითმფრინავის ორსაათიანი გამოჩენა საქართველოს საჰაერო სივრცეში სტრატეგიული თვალსაზრისით არაფერს ცვლის.

საქართველოსთვის გაცილებით მნიშვნელოვანია 40 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორის ყოფნა ქვეყნის ტერიტორიაზე, ქართულ-ამერიკული“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა და ქართველი სამხედროების მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რომელიც ბოლო ხანს კიდევ უფრო ფართო ხასიათს იძენს. ოთხშაბთს საქართველოს პარლამენტმა კუვეიტისა და ერაყის ტერიტორიაზე ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა ყოფნის სტატუსის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

როგორც შინაგან საქმეთ მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა სააგენტო “კავკას-პრესს” განუცხადა, ამით დასრულდა ყველა ის ფორმალური პროცედურა, რომელიც აუცილებელი იყო 135 კაციანი ქართული კონტინგენტის გასამგზავრებლად ერაყში. მინისტრის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ აღნიშნულმა ქვედანაყოფმა, რომელიც ქართული პოლიციის, სამხედრო მედიკოსების, გამნაღმველებისა და კოჯრის სპეცდანიშნულების ოცეულით არის დაკომპლექტებული, ამერიკის მეოთხე მექანიზებული დივიზიის პასუხისმგებლობის ზონაში, ერაყელი დიქტატორის მშობლიურ ქალაქ ტიკრიტში, განახორციელოს სამშვიდობო მისია. შესათანხმებელი დარჩა მხოლოდ გამგზავრების დრო, გაცილების საზეიმო ღონისძიების პროგრამა და კონტინგენტის სამივლინებო თანხის გამოყოფის საკითხი, რაც საქართველოში, როგორც წესი, ბოლო წუთებში წყდება ხოლმე.
XS
SM
MD
LG