Accessibility links

საქართველოში ბანკების გამსხვილების პროცესი იწყება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში საბანკო სისტემაში გამსხვილების მორიგი ტალღა დაიწყო. გარდა იმისა, რომ, თავად ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, მსხვილ ბანკებს გაცილებით მეტი მომსახურების გაწევა შეუძლიათ

და მათი კაპიტალიზაცია მანევრირების მეტ საშუალებას იძლევა, ჩვენი კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესიც აიძულებს საბანკო დაწესებულებებს გამსხვილებაზე იზრუნონ. ცოტა ხნის წინ ორმა ქართულმა ბანკმა გაერთიანების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ცოტა ხნის წინ, „ეა ბანკსა“ და ბანკ „აბრეშუმის გზას“ შორის შემდგარი გარიგების საფუძველზე, „აბრეშუმის გზამ“ გადაიფორმა სააქციო საზოგადოება „ეა ბანკის“ ყველა ვალდებულება და აქტივები.

გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის თაობაზე ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც ბანკებს განსაზღვრულ პერიოდში მოეთხოვებოდათ 5 მილიონი ლარის ოდენობის საზედამხედველო კაპიტალის დონის მიღწევა. იმ კომერციული ბანკების მიმართ, რომლებმაც ვერ შეძლეს მოთხოვნების შესრულება და კაპიტალის განსაზღვრული დონის შენარჩუნება, გატარდა გარკვეული ღონისძიებები და ზოგიერთმა მათგანმა საბანკო-საფინანსო ბაზარიც დატოვა.

ეროვნული ბანკის ექსპერტთა განმარტებით, ეროვნული ბანკი ამ ღონისძიებათა გატარებისას ხელმძღვანელობდა ბანკების დეპოზიტარებისა და კრედიტორების მინიმალური დანახარჯების პრინციპით. ბოლო პერიოდში გაერთიანებული ბანკების შემთხვევაშიც, გარკვეულწილად, შენარჩუნებულ იქნა სს „ეა ბანკის“ აქციონერების ინტერესები.

შერწყმის შედეგად გაერთიანებული ბანკის აქტივებმა 17 მლნ ლარს გადააჭარბა. ამჟამად მიმდინარეობს გარიგებასთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტება.

საერთოდ, ბანკების გამსხვილება გარდაუვალი პროცესია, რადგან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციით, უკვე მიდის საუბარი კაპიტალიზაციის ზრდაზე, ანუ უნდა მოხდეს ქართული საბანკო სისტემის დაახლოება ევროპულ პრაქტიკასთან, ანუ ამჟამინდელი სავალდებულო მოთხოვნა 5 მილიონი ლარის საწესდებო კაპიტალის არსებობის თაობაზე, შესაძლოა, გაიზარდოს. ევროკავშირის ქვეყნებისათვის აღნიშნული მოთხოვნა 5 მილიონ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, საშუალო და წვრილ ბანკებს გაზრდილი კონკურენციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში უჭირთ სრულფასოვანი საბანკო მომსახურების წარმოება.

საგულისხმოა, რომ საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების 78, ვალდებულებების 85 და დეპოზიტების 84 პროცენტი შვიდ უმსხვილეს ბანკშია კონცენტრირებული, სწორედ ამ ბანკების ფინანსურ სიძლიერეზეა დამოკიდებული მთლიანად სისტემის სტაბილურობის ხარისხი. შესაბამისად, ეს ბანკები ქმნიან ამინდს ქართულ საფინანსო ბაზარზე.

საბანკო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამჟამად საქართველოში მოქმედი 26 ბანკი ჩვენი ტიპის ქვეყნისათვის ბევრია და, ამ სექტორში განვითარებული ტენდენციების გათვალისწინებით, საბოლოოდ ეს ციფრი ოპტიმალურ რაოდენობამდე დავა.
XS
SM
MD
LG