Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობის საკითხები ევროსაბჭოს ყურადღების ცენტრშია


საქართველოში მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებისას გაწეული ფინანსური ხარჯების ანგარიში წარადგინონ.

თუმცა საარჩევნო სუბიექტებს თანხის წარმომავლობის წყაროს გამჟღავნება არ მოეთხოვებათ. ეს კი არჩევნებში შავი კაპიტალის გათეთრების საშუალებასა და საკანონმდებლო-წარმომადგენლობითი ორგანოს კორუფციაში ჩართვას უწყობს ხელს.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები არ არიან ვალდებულნი წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მიღებული შემოწირულობისა თუ დახმარების წყარო გაამჟღავნონ. შესაბამისად, მათ გასულ არჩევნებზე თამამად შეეძლოთ პარტიული საარჩევნო სიის რამდენიმე, ეგრეთ წოდებული, გამსვლელი ადგილი სარფიანად გაეყიდათ და მიღებული თანხა შემოწირულობად გაეფორმებინათ.

ასევე სავარაუდოა ისიც, რომ დაინტერესებული ჩრდილოვანი ჯგუფები პარტიათა დაფინანსების გზით საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი ინტერესების ლობირებას ახორციელებდნენ.

მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იმავე შეცდომის განმეორების თავიდან ასაცილებლად ევროსაბჭომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, არჩევნების გამჭვირვალობისა და ობიექტურობის დასაცავად, 5 რეკომენდაცია შესთავაზა. ამ წინადადებათა განხილვა ამჟამად სტრასბურგში, ევროსაბჭოში, მიმდინარეობს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაქარია ქუცნაშვილი. მან ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] „ჩვენ შევთანხმდით ყველანი ერთ რამეზე, რომ ანონიმურ შემოწირულობას უკვე დიდი ხანია უნდა ეთქვას უარი. ყველა შემოწირულობა უნდა იყოს ღია. პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს ამ დაფინანსებას, ვალდებულია ასახოს, ვისგან მიიღო, რომ მოვახდინოთ იდენტიფიკაცია იმ სუბიექტებისა, ვინც აფინანსებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას.“

შეთანხმების მიხედვით, საარჩევნო დაფინანსებად გაფორმდება ჩვენში უფასო დახმარებად წოდებული საინფორმაციო თუ სხვა სახის მომსახურებაც. შეგახსენებთ, რომ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი თავის ტელე-სარეკლამო კამპანიას მხოლოდ 6 ლარად აფასებდა. თუმცა კი სარეკლამო რგოლის დამზადება 100-ჯერ და უფრო ძვირიც ღირს, რომ აღარაფერი ვთქვათ საეთერო სარეკლამო დროის ღირებულებაზე. შესაბამისად, ევროსაბჭოს მიერ რეკომენდებული საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის 5 პრინციპი მედიასაც შეეხება. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] „ტელევიზია - ეს არის ძალიან მომგებიანი სასურველი საზოგადოებრივი აზრის შექმნისათვის და აქ თუ არ დაუდგინე ევროპის სტანდარტებიდან გამომდინარე ერთნაირი თამაშის წესები, თქვენ 5 მილიონს მოგთხოვენ ერთწუთიან დროში და სხვას უფასოდ მოემსახურებიან, რითაც ზოგიერთ ტელევიზიას ჩაკეტავენ სხვებისათვის. ევროსტანდარტები პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ თქვენ კომერციული მიზნებისთვის აქირავებთ დროს, ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს ფასი.“

რამდენად მოხერხდება ევროსაბჭოს რეკომენდაციებზე ქართველი საარჩევნო სუბიექტების შეთანხმება, სტრასბურგში სემინარის დამთავრების შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე კი რამდენიმე პარტია სარეკლამო კამპანიას ძველი კანონმდებლობის მიხედვით განაგრძობს. მათ ახალი წესების მიღებამდე დახარჯული ფულის არც წარმომავლობის დასაბუთება მოეთხოვებათ და არც გაწეული ხარჯების მოცულობის გამოქვეყნება.
XS
SM
MD
LG