Accessibility links

რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთში აშშ-ის ელჩის განცხადება?


დავით პაიჭაძე, პრაღა რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ალექსანდრ ვერშბოუს ამასწინანდელ განცხადებას მძაფრი რეაქცია შეაგება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სააგენტო ინტერფაქსისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ვერშბოუმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დააბრკოლებს რუსი თანამშრომლების მუშაობას ბაღდადში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობაში, მაგრამ ერაყში მათ ყოფნას შტატები დიპლომატიურ მისიად არ განიხილავს. "ჩვენ ვერ ვიკისრებთ პასუხისმგებლობას ამ თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, თუმცაღა, ერაყში უსაფრთხოების განმტკიცებისათვის მიმართული ჩვენი ძალისხმევა რუს თანამშრომლებსაც წაადგებათ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერაყში წასვლა და წარმომადგენლობის გახსნა დიპლომატისათვის გონივრული არ არის, რადგან ქვეყანას არ ჰყავს ოფიციალური ხელისუფლება, რომელთანაც დიპლომატები საქმეს დაიჭერდნენ. არ არსებობს ერაყის მთავრობა, რომელიც ქვეყანაში მყოფ დიპლომატებს იმუნიტეტს, დიპლომატიურ პრივილეგიებს მიანიჭებდა - განაცხადა ამერიკის ელჩმა მოსკოვში. ახლა გიამბობთ იმაზე თუ რა მოჰყვა ამ განცხადებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებებს და გააკრიტიკა ელჩი იმის გამო, რომ ის რუსეთის ხელისუფლებასთან მასმედიის საშუალებით ურთიერთობს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანატოლი საფონოვმა ამერიკის ელჩთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ, საერთაშორისო სამართლის ნორმათა თანახმად, შეერთებული შტატები ვალდებულია, უზრუნველყოს ბაღდადში რუსეთის დიპლომატიური მისიის უსაფრთხოება.

სიტყვების მთელი ეს ომი ჰბადებს კითხვას: ლეგიტიმურია თუ არა ვერშბოუს განცხადება, რომ შეერთებული შტატები აღარ ცნობს ბაღდადში რუსეთის საელჩოს დიპლომატიურ სტატუსს? პასუხის მისაღებად რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ჰანს კიოხლერს, ინსბრუკის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ხელმძღვანელსა და ნაშრომის ავტორს საერთაშორისო სამართლის გამოყენების შესახებ. კიოხლერი ამბობს, რომ სადამ ჰუსეინის მთავრობის დამხობის მიუხედავად, რომელთანაც აკრედიტებული იყვნენ უცხოური მისიები, საელჩოები ერაყის დედაქალაქში მუშაობასა და დიპლომატიური სტატუსით სარგებლობას აგრძელებენ მანამ, სანამ მათ ბედს ერაყის ახალი მთავრობა გადაწყვეტს. ხოლო კოალიციის ძალებმა, ჟენევის კონვენციის თანახმად, უნდა უზრუნველყონ შენობებისა და დიპლომატიური პერსონალის უსაფრთხოება. სხვათა შორის, ერაყის საზღვრებს გარეთ, უცხო ქვეყნების მთავრობები დღესაც იცავენ ერაყის საელჩოებს.

[კიოხლერის ხმა]: "ამერიკის შეერთებული შტატები დღეს არის ძალა, რომელსაც ერაყი ოკუპირებული ჰყავს და შეზღუდულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით, ჟენევის კონვენციითა და ა.შ. შეერთებული შტატები, სანამ ერაყში იმყოფება, უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგის გარანტი, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და პატივი სცეს იქ მყოფ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს."

მოსკოვში მიმოხილველთა უმრავლესობა ეჭვობს, რომ შეერთებული შტატები დაუშვებს ერაყში რუსეთის მისიისათვის ზიანის მიყენებას, რადგან ეს საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევდა. ვერშბოუს განცხადებას ისინი აღიქვამენ, ვითარცა რუსი დიპლომატების გაფრთხილებას - ეს არის ამერიკის ელჩის ადრინდელი, ამა წლის მარტის ინტერვიუს გამოძახილი, როცა ვერშბოუმ გააფრთხილა რუსეთის მთავრობა, კარგად აეწონ-დაეწონა მისი პოზიციები ერაყში, სამომავლო ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით. მოსკოველი ანალიტიკოსი, ანდრეი პიონტკოვსკი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს:

[პიონტკოვსკის ხმა]: "თუ ქვეტექსტს ვთარგმნით, მივიღებთ ამას: მოდი, უფრო ჩვენთან ითანამშრომლეთ. საამისოდ ყველა არხი არსებობს და არ არის საჭირო საელჩო ბაღდადში, რომელიც ჩვენთან თანაშრომლობის გარდა, ყველაფერს გააკეთებს. ესაა მოწოდება: ითანამშრომლეთ მოკავშირეებთან და არ ითანამშრომლოთ სხვა ძალებთან."

პიონტკოვსკის ეჭვი ეპარება, რომ თანამედროვე სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურის პირობებში, რუსეთის საელჩოში ერაყის ყოფილი მთავრობიდან ვინმემ შეძლოს დამალვა; მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ბაღდადში რუსეთის საელჩო ფლობდეს საჭირო ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, ვისაც შეერთებული შტატები ეძებს. თანამშრომლობის სურვილიც ამით აიხსნება.
XS
SM
MD
LG