Accessibility links

logo-print

სახელისუფლებო ბლოკი პარლამენტის თავმჯდომარისა და მინისტრ კირვალიძის წინააღმდეგ


ხორბალზე ფასის მომატებისა და პურის გაძვირების გამო ატეხილ აჟიოტაჟში სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის დავით კირვალიძისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მამის,

პურპროდუქტების კორპორაციის ლიკვიდაციის კომისიის თავმჯდომარის ანზორ ბურჯანაძის გვარები პერმანენტულად ჩნდებოდა. ამ უკანასკნელს პარლამენტის თავმჯდომარის ოპონენტები, ძირითადად, ნინო ბურჯანაძის კომპრომეტირების მიზნით მოიხსენიებდნენ. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 17 ივლისს, როდესაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ალიანსის” თავმჯდომარემ ირაკლი გოგავამ საქართველოში ხორბალზე ფასის მომატება და პურის გაძვირება ერთმნიშვნელოვნად დაუკავშირა კარსმომდგარ საპარლამენტო არჩევნებს. 18 ივლისს დავით კირვალიძე საკითხის განსახილველად პარლამენტში მივიდა, მაგრამ დეპუტატებმა, - მათ შორის, ირაკლი გოგავამ, - პლენარული სხდომის ნაცვლად, მინისტრის საკომიტეტო მოსმენა ამჯობინეს.


მინისტრის მოსმენის პრეტენზია, პროფილის შესაბამისად, ერთდროულად ორ -აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის - კომიტეტს უნდა გასჩენოდა. თუმცა პრეტენზია აქ მაინც პირობითი ცნებაა, რადგან დეპუტატები კირვალიძის მიმართ აგრესიასა და შეუწყნარებლობაში ნამდვილად არ შეიმჩნევიან. მათი სიფრთხილე უკან დახევასთან უფრო ასოცირდება, განსაკუთრებით სახელისუფლებო ფრაქციების, პირველ რიგში კი, “ალიანსის” მხრიდან. ირაკლი გოგავამ 18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ზედმეტი კორექტულობითაც კი განაცხადა, რომ პარლამენტის ეგრეთ წოდებული შუალედური გადაწყვეტილება მისაღებია.
[ირაკლი გოგავას ხმა] “თუ ფრაქციები გაიზიარებენ, ალბათ, ჯობია პროფესიული განხილვა ჯერ მოხდეს კომიტეტში და შემდეგ მოვახდინოთ სხდომაზე განხილვა. ამ წინადადებას მეც დავეთანხმები.”

სულ ერთი დღით ადრე კი, კირვალიძის მიმართ გამოთქმული მძიმე ბრალდებების კვალდაკვალ, ირაკლი გოგავა ამბობდა, რომ დავით კირვალიძის საიმპიჩმენტო პროცედურა - უფრო ზუსტად, პროცედურასთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტაცია - უკვე მზადდებოდა. როგორც ჩანს, შიდა კონსულტაციების შემდეგ სახელისუფლებო ფრაქციებმა კარგად გააანალიზეს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის იმპიჩმენტის აგორებით ისინი მთავრობის, სრული შემადგენლობით თუ არა, ბევრი მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნასაც ავტომატურად ააგორებდნენ. ამიტომ უკან დახევა ამჯობინეს. ამას ემატება ისიც, რომ ნინო ბურჯანაძის მკაცრი ულტიმატუმის მიუხედავად, “ალიანსმა” პარლამენტის სხდომას ჯერჯერობით ვერ წარუდგინა იმ ხელშეკრულების ასლი, რომლითაც “ალიანსი”, ანზორ ბურჯანაძის სახელის გამოყენებით, მის შვილზე შეტევას გეგმავდა. საქმე ეხება გოგავას ბრალდებას, თითქოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებების ძალით, პურპროდუქტების კორპორაციას ხორბლის შემოტანა ევალება, ამის ნაცვლად კი, კორპორაცია ბაზარზე ხელოვნურ დეფიციტს ქმნის, რათა პურზე ფასის გაზრდა გამოიწვიოს. დავით კირვალიძე ამ ბრალდების აბსურდულობას იმით ხსნის, რომ კორპორაცია ლიკვიდაციაშია და მასთან რაიმე ხელშეკრულების გაფორმება გამორიცხულია.
მაგრამ, ამ ზოგადი არგუმენტების მიუხედავად, იმავე მომავალ საკომიტეტო მოსმენაზე გამოსაკვეთი ობიექტურობის დადგენამდე შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი გოგავას მიზანი მიღწეულია, რადგან ნინო ბურჯანაძეს ოჯახის სახელით უწევს თავის მართლება. როგორც “ალიანსის”, ლევან მამალაძისა და მთლიანად სახელისუფლებო გუნდის მოწინააღმდეგეები მიუთითებენ, ირაკლი გოგავა ამგვარ ქმედებებში უკვე კარგად გაიწაფა. სხვათა შორის, მან დავით კირვალიძე, როგორც გაერთიანებული დემოკრატების წევრი, იმაშიც დაადანაშაულა, რომ იგი ამერიკული ხორბლის რეალიზაციიდან ამოღებულ თანხას ბანკებში ატრიალებს და თავისი პარტიის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს. გაერთიანებული დემოკრატების წევრი ვასილ მაღლაფერიძე კატეგორიულად უარყოფს კირვალიძის პარტიულობასა და საარჩევნო კამპანიაში რაიმე ფორმით მონაწილეობას.

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] “ეს ხომ საიდუმლო არ არის, პარტიის წევრობა. პარტიის საიდუმლო წევრი კი არ არის. რა კავშირი აქვს, საერთოდ. სადმე გინახავთ ჩვენთან ერთად, თუ რამე გამოსულა ჩვენი სახელით, რამე ჩვენი წინადადება გაუხმოვანებია, თუ რა. “

სხვათა შორის, დავით კირვალიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ერთსულოვნება თავად სახელისუფლებო ფრაქციებშიც არ იგრძნობა. ამის მიუხედავად, არსებობს აზრი, რომ ხელისუფლება ამ პოსტზე ახალ კანდიდატს ამზადებს და ამიტომ მოქმედ მინისტრს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის დაუნანებლად იყენებს.
XS
SM
MD
LG