Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა საქართველოში ისლამური ფუნდამენტალიზმის საფრთხე


რელიგიურ უმცირესობათა შევიწროების ფაქტების გამო საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გამხდარა ადამიანის უფლებადამცავი საერთაშორისო ინსტიტუტების კრიტიკის ობიექტი.

ახლა, როგორც ირკვევა, გაღიზიანებას იწვევს ოფიციალური თბილისის გადაჭარბებული ლოიალობა რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ. ამჯერად ყურადღების ცენტრში საქართველოში არსებული ისლამური ფუნდამენტალიზმის კერები მოექცა.

18 ივლისს ასოციაციის „თავისუფალი პრესა დემოკრატიული კავკასიისთვის“ და ქართულ-აზერბაიჯანულ გაზეთ „ახალი აზროვნების“ წარმომადგენელმა ნიაზ ჰუსეინოვმა თურქეთში ვიზიტის შედეგები გამოაქვეყნა. თურქეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროში არაოფიციალური შეხვედრების შემდეგ ნიაზ ჰუსეინოვი ასეთ განცხადებას აკეთებს:

[ნიაზ ჰუსეინოვის ხმა] „იყო ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოში ზოგიერთ რეგიონში ვითარდება ისლამური ფუნდამენტალიზმი, ანუ ფეითულა გულენის მისია. ეს ეხება სოფელ მეორე ქესალოში აშენებულ მეჩეთს და მედრესეს. იკარგება ენა, სარწმუნოება - სარწმუნოება, რა მხრივ, იცით? იმ მედრესეში ბავშვს რომ შეეკითხოთ, რა ეროვნების ხარო, ამბობს, მუსულმანი ვარო.“

ნიაზ ჰუსეინოვის თქმით, თბილისში ისლამური ფუნდამენტალიზმის კერებია: დემირელის კოლეჯი, რეფაიინ შაინის სკოლა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ხოლო აფხაზეთში - აგუძერაში მოქმედი კოლეჯი „ბაშარანი“.

[ნიაზ ჰუსეინოვის ხმა] „ეს ძალები სწავლის ხაზით პროპაგანდას უწევენ ისლამურ ფუნდამენტალიზმს. თითონ თურქეთის მთავრობა და გენერალიტეტი ამის წინააღმდეგნი არიან, ვინაიდან დღესდღეობით ფეითულა გულენი არ არის თურქეთში, გაგდებულია თურქეთიდან.“

მე ვერ მოვახერხე დემირელის სკოლისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან დაკავშირება - როგორც ჩანს, საზაფხულო არდადეგების გამო სასწავლებლები დაცარიელებულია. აღსანიშნავია, რომ ფეითულა გულენის მიერ დაფუძნებული მსგავსი სასწავლო ცენტრები შუა აზიის ქვეყნებიდან ფუნდამენტალიზმის ქადაგების გამო გამოაძევეს.
მათ მიმართ მკაცრი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანსაც. თავის დროზე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა საქართველოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებასაც, თუმცა თბილისში განლაგებული თურქული სკოლები ისლამური ფუნდამენტალიზმის აქტიური ქადაგებით არ გამოირჩევიან, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი კოლეჯისგან განსხვავებით.

რაც საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთისა და აზერბაიჯანელი მოსახლეობის შეშფოთების მთავარ საგანს წარმოადგენს, ეს ისაა, რომ საქართველოში მოქმედი ყველა მეჩეთი ისლამური რელიგიის შიიტური მიმდინარეობისაა. მაშინ როდესაც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების მხოლოდ 20 პროცენტია ისლამის ამ მიმდინარეობის წარმომადგენელი. ექსპერტთა აზრით, სწორედ აზერბაიჯანელთა 80%-ის - სუნიტური მიმდინარეობის მაჰმადიანთა -მდგომარეობა წარმოადგენს რელიგიური კონფლიქტის სერიოზულ საფრთხეს. მათ არ შეუძლიათ გახსნან მეჩეთი, რადგან საქართველოში ისლამური რელიგიის უმაღლესი პირი შიიტია, მათზე დიდია შიიტების ზეწოლა და სხვა სახის დისკრიმინაცია.

როგორც ჩანს, თურქეთის ხელისუფლებიდან წამოსული არაოფიციალური შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული გამაფრთხილებელი სიგნალია. ოფიციალური თბილისი კი ისლამური დაძაბულობის გასანეიტრალებლად ჯერჯერობით მხოლოდ სახალხო დიპლომატიის ბერკეტებს იყენებს.
XS
SM
MD
LG