Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერის სტუმრობა ამერიკის კონგრესში


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ხუთშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან ერთად, დაიცვა თავიანთი გადაწყვეტილება, დაემხოთ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი,

რადგან ერაყის რეჟიმი მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამაზე მუშაობდა. ჯორჯ ბუშმა ბლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, მას მერე, რაც ბრიტანელი სტუმარი კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვიდა, თქვა, რომ სანამ ის ამერიკის პრეზიდენტია, არასოდეს გარისკავს და თავის თანამოქალაქეებს იმის იმედად არ დატოვებს, რომ სახიფათო მტერი კეთილ ნებას გამოიჩენს.

ზემოხსენებული პრესკონფერენციის მთავარი თემა ერაყი იყო. ამერიკის შშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ახლანდელი ერაყის პრობლემასაც შეეხო და თქვა, რომ იქ მოქმედ ჯარებს - ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს - ბრძოლა უწევთ სადამ ჰუსეინის შემდგომდროინდელ მეამბოხეებთან. ბუშის თქმით, კოალიციის მტრები მისგან სისუსტის გამოჩენასა და შემდგომ მოქმედებაში შეფერხებას ელიან, მაგრამ ეს არ მოხდება. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ისიც თქვა, ამერიკელი და ბრიტანელი მზვერავები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჰუსეინი საფრთხეს უქმნიდა უშიშროებას და მშვიდობასო. ჯორჯ ბუშს ეჭვი არ ეპარება, რომ ბაღდადი ბირთვული იარაღის პროგრამის განვითარებას ესწრაფვოდა - სპარსეთის ყურის პირველი, 1991 წლის, ომის შემდეგ ცხადი გახდა, რამდენად ახლოს იყო სადამ ჰუსეინი ბირთვული იარაღის შექმნასთან. მანამდე ამას ვერავინ წარმოიდგენდა.
იმავე დღეს ბრიტანეთის პრემიერი ამერიკელ კანონმდებლებს წარუდგა და 40 წუთიანი სიტყვით მიმართა მათ. ბლერმა, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში მისი მოწინააღმდეგეები ერაყის ომის გასამართლებლად ინფორმაციის გაყალბებაში ადანაშაულებენ, თქვა - ისტორია აშშ-ს და ბრიტანეთს შეუნდობს ომის დაწყებას მაშინაც, თუკი გაირკვა, რომ ჰუსეინისგან მომავალი საფრთხე გავაზვიადეთო: [ბლერის ხმა] “თუ ვცდებით, დარწმუნებული ვარ, ამას ისტორია შეგვინდობს, რადგან თუნდაც ვცდებოდეთ, ჩვენ მოვსპეთ, სულ მცირე, არაადამიანური ტანჯვისა და ხოცვა-ჟლეტის საფრთხე. მაგრამ თუ ჩვენი კრიტიკოსები ცდებიან, თუკი ჩვენ მართლები ვართ, რისიც მთელი არსებით მჯერა, მართლები ვართ და არ ვიმოქმედეთ, ეს ნიშნავს, რომ შევყოყმანდით ამ საფრთხის წინაშე სწორედ მაშინ, როცა ინიციატივა უნდა აგვეღო ხელში. და ამას კი ისტორია არ გვაპატიებს”.

ბლერს გამოსვლისას კანონმდებლები არაერთხელ აწყვეტინებდნენ სიტყვას და ტაშს უკრავდნენ, რაზედაც ბრიტანეთის პრემიერმა ხუმრობით თქვა, ამას შინ მიჩვეული არა ვარო. ცნობილია, რომ ბლერი ბრიტანეთში ძლიერ პოლიტიკურ წნეხს განიცდის. თავისი კრიტიკოსების საპასუხოდ ბლერმა თქვა აგრეთვე, რომ ერაყის მიერ ურანის შესყიდვის ამბავი ავთენტიკურია და ის, რომ ერაყმა 80-იან წლებში ნიგერიაში ბირთვული მასალა შეიძინა, არ არის გამონაგონი.
ტონი ბლერმა აშშ-ს მოუწოდა არ დათმოს ევროპა და მასთან პარტნიორობას საფუძვლად დაუდოს ნდობა და არა ქედმაღლობა. იქვე მან ევროპელებს მიმართა, შეებრძოლეთ ანტიამერიკანიზმსო. ტონი ბლერმა აშშ-ის პარლამენტში გამოსვლისას ილაპარაკა აგრეთვე იმაზე, რომ მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მთავარი როლი გაეროს უნდა დაეკისროს. მისი აზრით, საჭიროა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება. ბრიტანეთის პრემიერმა თქვა აგრეთვე, რომ მსოფლიოში ტერორიზმის დაძლევა გაჭირდება პალესტინელთა და ისრაელს შორის მშვიდობის დაუმყარებლად. მან არაბულ სამყაროს მოუწოდა, აღიაროს ისრაელი და შეწყვიტოს მის მიმართ სიძულვილის გავრცელება, იქვე კი ისიც თქვა, აუცილებელია ბოლო მოეღოს უდანაშაულო პალესტინელთა ტანჯვასო.

აშშ-ის კონგრესში გამოსვლა უცხოელი სტუმრებისთვის იშვიათი პატივია. ბრიტანეთის მმართველთაგან ბოლო პრემიერი მარგარეტ ტეტჩერი იყო, ვინც 1985 წელს აშშ-ის პარლამენტს მიმართა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG