Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა აღდგენით პროცესს გართულებები შეექმნა ერაყში, კრემლმა ოლიგარქების წინააღმდეგ გაილაშქრა და ჩეჩნეთში გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი,

- ამ საკითხებს შევეხებით უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში.

როგორც გაზეთი "ჩიკაგო ტრიბიუნი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, დღეს უკვე არაერთი ამერიკელი პოლიტიკოსი აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ერაყის აღდგენის საქმეში ვაშინგტონის "ერთპიროვნული სტრატეგიის" მართებულობას. გაზეთი წერს:

"უკვე აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ვაშინგტონის სურვილია საკუთარ კონტროლქვეშ მოაქციოს მთლიანად ერაყში მიმდინარე აღდგენითი პროცესი, მაშინ როცა გაეროსა და სხვა ქვეყნების როლი ამ საქმეში, უმნიშვნელო იქნება. მაგრამ ამგვარი სტრატეგია არარეალურია. საერთაშორისო დახმარების აუცილებლობა დღეს ბევრად უფრო წონადია, ვიდრე თეთი სახლის ადმინისტრაციის სურვილი, დამოუკიდებლად გაუძღვეს აღდგენით პროცესს ერაყში. ხოლო საერთაშორისო დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ გაეროს წამყვანი როლი დაეკისრება ერაყის აღდგენის პროცესში".

ასმა დღემ განვლო ბაღდადის დაცემიდან, ხოლო ამერიკა-ინგლისის კოალიციური ძალების წინააღმდეგ პარტიზანული ომია გაჩაღებული, რაც საფრთხეს უქმნის ერაყში აღდგენით პროცესს, - წერს საფრანგეთის გაზეთი "მონდი" და სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"ძალადობის შემდგომი გაგრძელება გააქარწყლებს იმ ოპტიმიზმს, მმართველი საბჭოს შექმნამ რომ გამოიწვია ერაყში 13 ივლისს. 25-წევრიანი ეს საბჭო, რომელშიც ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფია წარმოდგენილი, ხომ პირველი მმართველი ორგანოა ერაყში სადამ ჰუსეინის დიქტატორული რეჟიმის დამხობის შემდეგ. მომავალი ერთი წლის განმავლობაში მმართველმა საბჭომ კონსტიტუციის პროექტი უნდა მოამზადოს და თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს ერაყში. და როცა ეს მოხდება, ერაყში დასრულდება კოალიციის ძალების სამშვიდობო მისია".

ლონდონში გამომავალი ყოველკვირეული ჟურნალი "ეკონომისტი" დღევანდელი გადასახედიდან აანალიზებს ერაყის ომს და მიიჩნევს, რომ გამართლებული იყო ბაღდადის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის ძალებმა დღემდე ვერ მიაკვლიეს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღს. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"სადამ ჰუსეინმა უგულვებელყო გაეროს ყველა რეზოლუცია. ეჭვგარეშეა, რომ ერაყელი დიქტატორი აწარმოებდა, იყენებდა და მალავდა მასობრივი განადგურების იარაღს. არც ის უნდა იწვევდეს ეჭვს, რომ სადამი იყო მრისხანე, ულმობელი დიქტატორი, რომელმაც თავისივე ქვეყნის ასეული ათასობით მოქალაქე გამოასალმა სიცოცხლეს, და თან ახლო აღმოსავლეთში გაბატონების ამბიციით იყო შეპყრობილი."

"რუს მაგნატებზე ნადირობის სეზონი დაიწყო", - ასეა დასათაურებული სტატია გაზეთ "ქრისჩიენ საიანს მონიტორში". კრემლის მითითებით განხორციელებულმა იურიდიულმა თავდასხმამ ქვეყნის გავლენიან ბიზნესმენებზე, აღნიშნავს გაზეთი, საფრთხე შეუქმნა რუსეთში პოლიტიკურ სტაბილურობას, და ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ყოველივე ეს შესაძლოა სერიოზულ კრიზისში გადაიზარდოს. ხოლო გაზეთი "ფიგარო" მიხაილ ხოდოროვსკის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიაზე ამახვილებს ყურადღებას. გაზეთი წერს:

"ყველაზე მდიდარ ადამიანს რუსეთში, ამჯერად, ბეგარის გადაუხდელობაში ადანაშაულებენ. მიმომხილველთა აზრით, ეს ახალი თავდასხმა კრემლში იღებს სათავეს. ისევე, როგორც პლატონ ლებედევის დაპატიმრების შემთხვევაში, ინიციატივა დეპუტატისგან მომდინარეობს. პარლამენტარმა მიხაილ ბუგერამ მოითხოვა, რომ პროკურატურამ საგულდაგულად გამოიძიოს, ხომ არ აარიდეს თავი ბეგარის გადახდას რუსეთის მსხვილმა ნავთობკომპანიებმა, და განსაკუთრებით იუკოსმა."

გერმანიის გაზეთი "ველტი" ჩეჩნეთის პრობლემას უბრუნდება და აღნიშნავს, რომ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ამ ბოლო დროს მოსკოვში გადაიტანეს ჩეჩნეთის ომი, რომელიც უწინდელი სისასტიკით გრძელდება კავკასიის მთებში. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"განსაკუთრებით გააქტიურდნენ ჩეჩენი მეამბოხეები მარტში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, აგრეთვე იმის ფონზეც, რომ სამზადისია დაწყებული ჩეჩნეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად, რაც ოქტომბრისთვის დანიშნა კრემლმა. რაც შეეხება ვლადიმირ პუტინს, რომელმაც კრემლში მოღვაწეობის დაწყებისთანავე 2000 წელს ჩეჩნეთის პრობლემის მოგვარება ივალდებულა, რუსეთის პრეზიდენტი განაგრძობს უწინდელ გეზს და დარწმუნებულია, რომ შესძლებს წინააღმდეგობის მოძრაობის განადგურებას და ჩეჩნეთის შენარჩუნებას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში".
XS
SM
MD
LG