Accessibility links

logo-print

მთავრობა შეუთანხმებლობის გამო სეკვესტრს ვერ ახორციელებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის მთავარი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტრიგა ისევ სახელმწიფო ბიუჯეტის მოსალოდნელ სეკვესტრთან იყო დაკავშირებული. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მისიის

სამახსოვრო ჩანაწერების შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა, თუმცა მთავრობაში ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ, თუ რომელ უწყებას რამდენი მილიონი ჩამოეჭრება. ამ სიტუაციაში, ალბათ, გაიმარჯვებს ის, ვისაც თავისი უწყებრივი ხაზინის მოკვეცისაგან დასაცავად მეტი გავლენა და ლობირების საშუალება ექნება. ასე რომ, ფინანსთა სამინისტროს მიერ წინასწარ განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნუსხა საბოლოოდ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს, თუმცა ის, რომ მთავრობას 135 მილიონიანი სეკვესტრი აუცილებლად გასატარებელი აქვს, არავისში ეჭვს აღარ იწვევს.

გასულ კვირაში არც იმ საგადასახადო ბაზის გარშემო ცხრებოდა კამათი, რომლითაც, ბიუჯეტის სეკვესტრის პარალელურად, მთავრობამ დამატებით 38 მილიონი ლარი უნდა ამოიღოს. ყველა უწყება თავის სასარგებლო ინტერპრეტაციას აძლევდა იმ რეკომენდაციებს, რომელიც სავალუტო ფონდმა დაგვიტოვა. მაგალითად, იგივე ყბადაღებული მობილური ტელეფონების დაბეგვრის თემა ზოგმა აპარატებზე აქციზის დაწესებად შეაფასა, ზოგმა მომსახურების ტარიფის ზრდად, ზოგმა კი ამ ბაზარზე არსებული ოპერატორებისაგან დამატებითი შემოსავლების მიღებად. არადა, რამდენადაც ცნობილია, ფონდის რჩევები ითვალისწინებს დასაბეგრი ბაზის ზრდას, რაშიც მაინცდამაინც ზემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული ღონისძიებები არ მოიაზრება. უბრალოდ, ის კონტრაბანდა, რაც ამ სფეროსთან არის დაკავშირებული, უნდა "გათეთრდეს" და აღრიცხვის სფეროში გადავიდეს, ხოლო აქციზის დაწესება რომ გამოსავალი არ არის ამ პროცესში და ბიზნესის კიდევ უფრო "გაშავებას" შეიძლება შეუწყოს ხელი, ეს ადრეულ წლებში თამბაქოს ან ნავთობპროდუქტების მაგალითმაც დაგვანახვა.

საბიუჯეტო ვნებათაღელვის ფონზე, გასული კვირა საპროტესტო აქციებითა და განცხადებებით აღინიშნა: იუსტიციის სამინისტროში ნაციონალური მოძრაობა გაყინულ პენსიებს "შიმშილობას უძღვნის"; პარლამენტში სამთავრობო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარის მამას და სოფლის მეურნეობის მინისტრს არაკანონიერ გარიგებაში ადანაშაულებს და დავით კირვალიძის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს; ასევე არ არის დღის წესრიგიდან მოხსნილი ბიუჯეტის გარღვევის გამო მთავრობის პასუხისმგებლობის თემაც. თავის მხრივ, საფინანსო უწყება ფისკალურ პრობლემებში თითს საკანონმდებლო ხელისუფლებისაკენ იშვერს და გარღვევის მიზეზად პარლამენტის მიერ მიღებულ საგადასახადო შეღავათებს ასახელებს.

ჩვენთან, ურთიერთბრალდებებისა და პასუხისმგებლობის დეფიციტის რეალობაში, ყველაფერი ტრადიციული სცენარით ვითარდება - სახელმწიფო, ანუ ხელისუფლების ყველა შტო, თავის უშუალო მოვალეობებს ვერ ასრულებს; ამასთან, ამ პროცესში ძნელია გამოყო, რომელია მეტად დამნაშავე, რადგან ტოტალური უპასუხისმგებლობა სუფევს და ეს მხოლოდ ცალკეული პერსონალიების ბრალი არ არის, თუმცა, ბუნებრივია, ე.წ. ადამიანურ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო რთულად დგას საკითხი და სისტემურ კრიზისთან გვაქვს საქმე.

დიდი ხანია საუბარია საბიუჯეტო მოწყობის რეფორმირებაზე, თუმცა კორუმპირებული სახელმწიფო აპარატის პირობებში დღეს არსებული მოდელი ცალკეული ჩინოვნიკებისათვის ოპტიმალურია და ძნელია იმ ადამიანებმა, რომელთა პირადი კეთილდღეობა გაუკუღმართებულ სისტემაზეა დამოკიდებული, რეალურად შეცვალონ რამე.

ასევე ბევრს საუბრობენ ხელისუფლების თანაბარ გადანაწილებაზე, რათა მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში არ იყოს მოქცეული; საუბარია მინისტრთა კაბინეტზე; მიდის დისკუსიები საპარლამენტო რესპუბლიკის შესახებ და ა.შ. თუმცა აქაც მომავალი საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების პერსპექტივა "პოსტშევარდნაძისტულ" პერიოდზე იქნება გათვლილი და მის მემკვიდრეობაზე ყველა შესაძლო პრეტენდენტი, რაოდენ დემოკრატიული ლოზუნგებით არ უნდა გამოდიოდეს ის დღეს, ბუნებრივია, შეეცდება კანონი ისევ თავის თავზე მოირგოს, მით უმეტეს, ამის გამოცდილება საქართველოში უკვე არსებობს და ხელისუფლების ამგვარი მოდელის შექმნას თავად იმ პერსონებმაც არ დააკლეს მცდელობა, რომლებიც დღეს რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე იმყოფებიან.

თეორიულ დონეზე ხშირად კამათობენ, რა უნდა მოხდეს პირველ რიგში - განვითარდეს სამართლებლივი ბაზა თუ შეიქმნას ეკონომიკური წინაპირობები, ჩამოყალიბდეს "საშუალო კლასი" და შემდგომ ვიზრუნოთ მის სამართლებრივ რეგულირებაზე. ეს დისკუსიები უფრო ქათმისა და კვერცხის ურთიერთმიმართების შესახებ არსებულ უძველეს თავსატეხს ჰგავს. ალბათ, ერთი მეორისგან გამომდინარეობს და ცალ-ცალკე რომელიმეს განვითარება დამოუკიდებლად შეუძლებელია.

სამწუხაროა, რომ არსებული სტატუს-კვო მისაღებია თითქმის ყველასათვის - ხელისუფლება, ოპოზიციისა და მედიის კრიტიკის მიუხედავად, თითქოს პარალელურ სამყაროში მოქმედებს და არსებულ პრობლემებს ვერ ან არ ხედავს და, ამასთან, ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებით ცდილობს კვლავ ხელისუფლებაში დარჩეს, ოპოზიციისათვის კი ქვეყნაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი ნოყიერი ნიადაგია საკუთარი "შეურყვნელობის"და საქმის სუფთა ხელებით კეთებაში ელექტორატის დასარწმუნებლად. ალბათ, ამის გამოა, რომ იგივე ოპოზიცია ერთმანეთს მუდმივი ეჭვის თვალით უყურებს და მათი წინასაარჩევნო კამპანიების ძირითადი თეზა საკუთარი "ჭეშმარიტი ოპოზიციონერობის" მტკიცებაა, სხვა ძალის კოლაბორაციონიზმში დადანაშაულების პარალელურად. თუმცა ხელისუფლების ბრალი არსებულ სიტუაციაში შეუდარებლად დიდია და, შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობის ხარისხიც მაღალია.

ამავე დროს, როდესაც საუბარია იმავე საბიუჯეტო პრობლემებზე, დიდი გულუბრყვილობა იქნებოდა ყველაფერში დამნაშავედ ფინანსთა მინისტრი გამოგვეცხადებინა, ან პურის გაძვირება მხოლოდ სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის დაგვებრალებინა.
საქართველოს სახელმწიფო მოწყობასა და აშშ-ში პრეზიდენტის ძალაუფლებას შორის ხშირად ავლებენ პარალელს. თუ ძალაუფლების კონცენტრაციის თვალსაზრისით ამგვარი პარალელი შეიძლება რამდენადმე ლოგიკური იყოს, სავსებით განსხვავებული მიდგომაა პასუხისმგებლობის ნაწილში: იქ, ამერიკაში, პასუხიმგებლობა სავსებით რეალური, პერსონიფიცირებული და კანონმდებლობით დარეგულირებული ცნებაა, განსხვავებით საქართველოსაგან, სადაც რაც უფრო მეტი ძალაუფლება გაქვს, მით ნაკლებ პასუხისმგებლობას გრძნობ.

საქართველოში გაფუჭებულ საქმეში ყოველთვის გამოინახება "მეისრე", ყოველთვის შესაძლებელია "ინდივიდუალური პასუხიმგებლის" მოძებნა და თუ ასეთი საქართველოში არა გვყავს, არც ეგ არის პრობლემა - სამაგიეროდ, ხომ არსებობენ საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტები, "პარიზის კლუბი" ან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომლებისაკენ თითის გაშვერაც შეიძლება და, თანაც, მეორე ხელით იმავე ორგანიზაციებიდან შეღავათებისა და კრედიტების მოთხოვნაც.
XS
SM
MD
LG