Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპენსიო სისტემის რეფორმა და შიმშილობა, პენსიების გასტუმრების მოთხოვნით


საპენსიო დავალიანების გასტუმრების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე მოშიმშილეთა საპროტესტო აქცია მოუქნელი ქართული საპენსიო სისტემის პირდაპირ შედეგს წარმოადგენს.

საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას წლების მანძილზე ურჩევდნენ საპენსიო რეფორმის განხორციელებას, თუმცა ამ სფეროში ჯერაც არაფერი შეცვლილა. გაუმართავმა მექანიზმმა და კორუფციამ კი პენსიათა განაწილების უსამართლო სისტემა კრიზისამდე მიიყვანა.

იუსტიციის სამინისტროში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები უკვე მეოთხე დღეა შიმშილობას განაგრძობენ. ისინი იუსტიციის სამინისტროსგან მოითხოვენ აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სამტრედიისა და ქუთაისის პენსიონერთა საპენსიო დავალიანების დაუყოვნებლივ გასტუმრებას ითვალისწინებს. აქციის მონაწილის ზვიად ძიძიგურის თქმით:

[ძიძიგურის ხმა] „ვაიძულებთ ხელისუფლებას - თუ ნებით არა, ძალით გავაკეთებთ იმას, რომ ბიუჯეტში აისახოს ინტერესები ამ უმწეო ფენის - პენსიონერებისა, რომლებიც 850 ათასი კაცია საქართველოში. არ არის პატარა რაოდენობა და, აი, ამ რაოდენობის ადამიანები ხელისუფლებას ჰყავს განწირული შიმშილით სიკვდილისთვის, ფაქტობრივად."

18 ივლისს მოშიმშილეებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ამირან გამყრელიძე შეხვდა. გამყრელიძე შეეცადა საპროტესტო აქციის მონაწილენი დაერწმუნებინა, რომ შიმშილობით პრობლემა არ დაიძლევა და რომ გამოსავალი საპენსიო სისტემის რეფორმირებაშია.

მომზადებული კანონების მიხედვით, რომლებიც პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ბოლო დღეებში დაამტკიცა და რომლებიც 2004 წლიდან ამოქმედდება, საქართველოს საპენსიო ფონდში მთლიანად შეიცვლება საპენსიო სახსრების მობილიზებისა და განაწილების სისტემა. საპენსიო ფონდის თავმჯდომარის ირაკლი კოპლატაძის განმარტებით:

[კოპლატაძის ხმა] „მისი ძირითადი, უმთავრესი ქვაკუთხედი გახლავთ ის, რომ პენსიების სიდიდე აღარ იქნება ერთიანი - ყველასთვის 14 ლარი. არამედ პენსიის სიდიდე განისაზღვრება თითოეული ჩვენგანის, თითოეული ადამიანის სახელფასო ისტორიიდან და სტაჟიდან გამომდინარე. ოღონდ ეს ეხება იმ თაობას, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ გავა პენსიაში."

რაც შეეხება 850 ათას პენსიონერს, მათ კვლავ ძველი სისტემით არსებობა მოუწევთ და, განურჩევლად სამუშაო სტაჟის თუ ხელფასის ოდენობისა, კვლავ მცირე პენსიის კმაყოფაზე დარჩებიან. ირაკლი კოპლატაძე მხოლოდ მათ მიმართ არსებული მიმდინარე წლის დავალიანების დაძლევის იმედს იძლევა:

[კოპლატაძის ხმა] „საუბარია იმაზე, რომ სექტემბრისთვის მოხდეს თვე-თვეში ამ საპენსიო გასაცემლების აღდგენა. ანუ სექტემბრისთვის დაიძლიოს ის 4 თვიანი, 3 თვიანი ჩამორჩენა, რომელიც დღეს არის შექმნილი მიმდინარე პენსიების დაფინანსების საკითხში."

იგი ასევე იმედოვნებს, რომ ფასიანი ქაღალდების გამოშვებითა და მიწის გადასახადში გაუცემელი პენსიების გაქვითვით ძველი დავალიანების გასტუმრებასაც შეძლებს.

საპენსიო პრობლემების მოგვარების დაპირებას იძლევა ნაციონალური მოძრაობაც, ოღონდ - ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ზვიად ძიძიგურის თქმით:

[ძიძიგურის ხმა] „ჩვენ სადაც მოვედით ხელისუფლებაში, ეს არის თბილისის საკრებულო, იქ მოვახერხეთ, რომ პენსიების გაზრდა განგვეხორციელებინა. მართალია, ეს შეურაცხმყოფელიცაა შეიძლება, ერთი მხრივ, მაგრამ ჩვენ დავანახვეთ მოსახლეობას, რომ რისი შესაძლებლობაც გვქონდა თბილისის მწირი ბიუჯეტის პირობებში, მაშინაც კი მოვახერხეთ ტენდენცია დაგვენახვებინა, თუ საით ვაპირებთ ჩვენ წასვლას."

სანამ ხელისუფლება მორიგ დაპირებებს გამოთქვამს, ხოლო ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლას ელოდება, მანამდე საქართველოს საპენსიო სისტემაში უსამართლო მექანიზმი კვლავაც მოქმედებს.
ამ სისტემით ერთნი 14 ლარიან პენსიასაც კი ვერ იღებენ, ხოლო მეორენი, რომლებიც მაღალ ან საშუალო საზღაურად სამსახურში არიან დასაქმებულნი, საპენსიო გარანტიების გარეშე იხდიან 33 პროცენტიან სოციალურ გადასახადს. ამ უზარმაზარი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი კი სახელმწიფო ბიუჯეტის შესავსებად იხარჯება და არა გადასახადის გადამხდელთა სოციალური გარანტიების შესაქმნელად.
XS
SM
MD
LG