Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი: სახელმწიფო გადატრიალების მიზეზები და შედეგი


დავით პაიჭაძე, პრაღა 30 წლის წინათ, 1973 წლის 17 ივლისს ავღანეთში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც შედეგად მოჰყვა შემდგომ ათწლეულთა პრობლემები. ავღანეთის მეფის, ზაჰირ შაჰის ბიძაშვილმა,

გენერალმა დაუდ ხანმა ქაბული თავის კონტროლს მაშინ დაუმორჩილა, როცა მეფე ოჯახთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა. დაუდ ხანმა გადატრიალებას "ეროვნული და პროგრესული რევოლუცია" უწოდა და ავღანეთი რესპუბლიკად, ხოლო საკუთარი თავი ავღანეთის პრეზიდენტად გამოაცხადა. ბევრ ხანდაზმულ ავღანელს ახლაც ახსოვს ზაჰირ შაჰის 40-წლიანი მმართველობა, როგორც მშვიდობისა და აყვავების ხანა. მილიონობით ავღანელისთვის მეფის დამხობა სწორედ ასეთი პერიოდის დასასრულს მოასწავებდა. თემას დავით პაიჭაძე განაგრძობს.

დაუდ ხანის მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების მიზეზებზე ავღანეთში ჯერაც არ შეთანხმებულან. ერთნი ამტკიცებენ, რომ გადატრიალება გამოიწვია უთანხმოებამ სამეფო ოჯახში. დაუდ ხანი გასული საუკუნის 50-ან წლებსა და 60-ანთა დასაწყისში ავღანეთის პრემიერ-მინისტრი იყო. მისმა თვალსაზრისმა ე.წ. "პუშტუნისტანის" პრობლემაზე იმდენად დაძაბა ურთიერთობა ავღანეთსა და პაკისტანს შორის, რომ მეფემ პრემიერი გადააყენა.

პრობლემა სათავეს იღებს მე-19 საუკუნეში, როცა ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეექმნა სასაზღვრო ზოლი ავღანეთის აღმოსავლეთით - ე.წ. "დურანდის ხაზი" მთიან არეალში, რომელსაც იოლად დაიცავდა კოლონიური ინდოეთის შეიარაღებული ძალები. "დურანდის ხაზმა" პუშტუნთა მიწებზე გაიარა. ის არასოდეს უცვნია ავღანეთის არც ერთ მთავრობას მას შემდეგ, რაც "ხაზი" ამ ქვეყნისა და პაკისტანის საზღვრად იქცა 1947 წელს, პაკისტანის შექმნისას.

სამართლის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ დაუდ ხანის უკმაყოფილება გამოიწვია ავღანეთის 1964 წლის კონსტიტუციამ, რომელიც სამეფო ოჯახის წევრებს სამთავრობო პოსტების დაკავებას უკრძალავდა.

ავღანეთის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრი, საიდ მახდუმ რაჰინი იზიარებს ისტორიკოსებისა და სხვა მკვლევრების მოსაზრებას, რომ 1973 წლის სახელმწიფო გადატრიალება, შესაძლოა, ავღანელი კომუნისტების შეთქმულებისა და მოსკოვის უშუალო ჩარევის შედეგი იყო. თუმცა, რაჰინი უარყოფს, რომ დაუდ ხანი შეგნებულად ასრულებდა კრემლის დირექტივებს.

NC071736 [რაჰინის ხმა]: "მთელი სიცოცხლის მანძილზე დაუდ ხანს უცხოელებისთვის, მათი ეროვნების მიუხედავად, ქედი არ მოუხრია. ლეონიდ ბრეჟნევთან ბოლო შეხვედრისას მან სიმამაცე და პატრიოტიზმი გამოავლინა. მაგრამ "კაგებეს", თავისი ხრიკების შედეგად, შესაძლოა, ესარგებლა დაუდ ხანის გავლენით შეიარაღებულ ძალებზე. ასე რომ, დაუდ ხანი არაპირდაპირ და გაუთვითცნობიერებლად, ალბათ, იმართებოდა "კაგებეს" მიერ."

საიდ აბდულა ყაზიმი, დაუდ ხანის დროს ქაბულის უნივერსიტეტის რექტორი, კრიტიკულად ეკიდება რუსეთის გავლენას 1973 წლის გადატრიალებაში: რაში დასჭირდა რუსეთს რეჟიმის შეცვლა ავღანეთში, თუ მანამდე თანამშრომლობდა და მხარს უჭერდა ზაჰირ შაჰს? - კითხულობს ყაზიმი და თავადვე პასუხობს, რომ მიზეზი, შესაძლოა, 70-ანთა დასაწყისის პრემიერ-მინისტრი მუსა შაფიქი იყო, რომელმაც ავღანეთის ტრადიციული საზოგადოების ლიბერალიზაცია მოისურვა. შაფიქი ცნობილი ლიბერალი, მაჰმადიანი სწავლული, ანტიკომუნისტი და პროდასავლურად განწყობილი პოლიტიკოსი იყო. მან განაახლა უშუალო ურთიერთობა პაკისტანთან, კარგი კონტაქტები ჰქონდა ირანის შაჰთან. ამან შეაშფოთა რუსეთი, რომელმაც ჩათვალა, რომ ავღანეთი ემუქრებოდა მის ინტერესებს.
რაც უნდა იყოს, 73 წლის გადატრიალებამ ავღანეთს დაუდ ხანის სურვილთა საწინააღმდეგო შედეგები მოუტანა: თავად დაუდ ხანი 1978 წელს ცოლ-შვილთან ერთად მოკლეს ავღანელმა კომუნისტებმა; საბჭოთა ინტერვენციამ მილიონობით ავღანელი იმსხვერპლა და ლტოლვილად აქცია. 89-ში, საბჭოთა ჯარის გაყვანის შემდეგ, მოჯაჰედებმა ერთმანეთს დაუწყეს ბრძოლა, რითაც, საბოლოოდ, ტალიბანის რეჟიმს შეუმზადეს საფუძველი.
XS
SM
MD
LG