Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩამოდის თუ არა “ავაქსის” სადაზვერვო თვითმფრინავი თბილისში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ქართული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მორიგი საპრეზენტაციო ფრენის განსახორციელებლად, თბილისში ჩამოდის ნატოს შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ”ავაქსის”

ელექტრონული დაზვერვის სისტემის თვითმფრინავი. ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, ნატოს წარმომადგენლის მიერ რუსული მასმედიისთვის მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით, სააგენტოები იუწყებიან, რომ “ავაქსი” თბილისში თურქეთიდან ჩამოფრინდება, ბორტზე აიყვანს საქართველოს ოფიციალურ პირებს, ორსაათიან ფრენას განახორციელებს საქართველოს დასავლეთ ნაწილსა და შავ ზღვაზე, შემდეგ კი გეზს გერმანიისკენ აიღებს.

მაშინ, როცა რუსეთისა და საქართველოს საინფორმაციო სააგენტოები ”ავაქსის” ელექტრონული დაზვერვის სისტემის თვითმფრინავის საკმაოდ დაწვრილებითი მარშრუტის შესახებ ავრცელებენ ცნობებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრი არც ადასტურებს და არც უარყოფს “ავაქსის” თბილისში ჩამოსვლის შესაძლებლობას. და არა მხოლოდ პრესცენტრი - ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს არც შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი, არც საჰაერო ძალების სარდლობა, არც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტი.
ასეთი უცნაური მდგომარეობის ასახსნელად ლოგიკური იქნება იმ ვითარების გახსენება, რომელიც “ავაქსის” საქართველოს საჰაერო სივრცეში გამოჩენის შედეგად შეიქმნა. აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ რუსეთის მხარემ რამდენჯერმე გამოთქვა პროტესტი რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს ამერიკული დასაზვერვო თვითმფრინავების გახშირებულ ფრენასთან დაკავშირებით. მაგრამ პროტესტის ტონი განსაკუთრებით მკვეთრი გახდა 8 ივლისის შემდეგ, როცა თბილისის აეროპორტში დაეშვა ნატოს კუთვნილი “ავაქსის” თვითმფრინავი. ნატოს ადრეული გაფრთხილების საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა იოჰან დორამ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ, ორსაათიანი საპრეზენტაციო ფრენის გარდა, საჰაერო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს. რუსული მხარის მტკიცებით, ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცეს“ავაქსებს”.
ყოველივე ამას რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების პროტესტი მოჰყვა. რუსული მხარის განცხადებით, საქართველოს საჰაერო სივრციდან ამერიკული თვითმფრინავები რუსეთის ტერიტორიას ზვერავენ, რაც რუსეთის უსაფრთხოებას სერიოზულ საშიშროებას უქმნის. რუსულ პრესაში ინფორმაციაც კი გაჩნდა, თითქოს “ავაქსების” ფრენის შესაჩერებლად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო სისტემის ეს-300 -ის დამონტაჟება გადაწყვიტა.
ეს ის რეაქციაა, რომელიც საჯაროდ გამოითქვა. როგორც ჩანს, იყო უხილავი ზეწოლაც საქართველოს ხელისუფლებაზე. სხვა მიზეზით ვერ აიხსნება კვირის დასაწყისში პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადება, რომ მან არაფერი იცის საქართველოში “ავაქსის” ჩამოფრენის შესახებ და ასეთი რამ რომ მომხდარიყო, იგი აუცილებლად საქმის კურსში იქნებოდა.
ასეა თუ ისე, რუსეთის მხარე ახსნა-განმარტებას ნატოსგან ითხოვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატოს მიერ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს სადაზვერვო საქმიანობა საშიშროებას უქმნის რუსეთის ნაციონალურ უსაფრთხოებას და რომ არც ნატოს და არც საქართველოს რუსეთის მხარე საქმის კურსში არ ჩაუყენებია საჰაერო დაზვერვის მიზნებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG