Accessibility links

ადამიანმა ვერა და ვერ მოასვენა


ადამიანმა ვერა და ვერ მოასვენა

თავისი სხეული. რას არ უკეთებს, როგორ არ ექცევა: ჯერ მზის აბაზანები მიიღო - კანი გაიშავა, მერე სოლარიუმს მიაკითხა, მერე პირსინგი მოიგონა - დაიჩხვლიტა კანი, მერე ტატუირება შემოვიდა მოდაში. უფრო მეტიც, ახლა ზოგჯერ იარებსაც კი იკეთებენ ძალით. მოკლედ, “ჩვეულებრივი კანით” უხერხულიც კი გახდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა. სხეულის “გაფორმების” უკანასკნელ მიღწევად “ბოდი-არტი”, ე.ი. სხეულზე ხატვა, უფრო სწორად, სხეულის “ფერწერით გაფორმება” მიაჩნიათ. ტატუირებისგან განსხვავებით, “ბოდი-არტი” სხეულის გაფორმების საკმაოდ კომფორტული ფორმაა - ტკივილი არ გაწუხებს, თანაც, ლამაზია. ერთი კია, როცა სხეულზე საღებავებს გადებენ, მაინცდამაინც არ უნდა იყოს სასიამოვნო. თუმცა ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ “სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს”, სილამაზისთვის თავგანწირული ადამიანი კი მსოფლიოში საკმაოდ ბევრია. ბევრია საქართველოშიც, რაც, ასე თუ ისე, კარგად იციან ქვეყანაში, სადაც სილამაზეს ყოველთვის აფასებდნენ - საფრანგეთში... ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად იციან საფრანგეთის საელჩოში, რომელმაც თბილისში ფრანგი ხალხის ეროვნული დღესასწაული სრულიად ახლებურად აღნიშნა - კლუბ “ნოა-ნოაში” გალერეა “ნიუ-არტთან” ერთად “გოგენ-არტ-შოუ” მოაწყო... ქართველებმა და ფრანგებმა დიდი მხატვარი საკმაოდ ორიგინალურად გაიხსენეს: “გოგენ-არტ შოუ” - “ბოდი-არტ- შოუდ” გადააქციეს... “ნოა-ნოაში” 14 ივლისს ყველაფერი გაკეთდა, რათა აქციის მონაწილეებს გოგენის ( და ე.ი. საფრანგეთის) ხსენება გაემართლებინათ: უჩვენეს გოგენის ნამუშევრების სლაიდები, დაუკრეს ფრანგული მუსიკა, მაგრამ “ბოდი-არტ-შოუს” დაწყებისთანავე ხალხი მაინც კითხულობდა თურმე: “ლამაზია, მაგრამ რა შუაშია გოგენი?”. ამ კითხვით მივმართეთ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, მხატვარ დავით მელიქიშვილს, რომელმაც კიდევ სამ მხატვართან - ოლეგ ტიმჩენკოსა, გია გუგუშვილსა და გეგა პაქსაშვილთან ერთად გოგენის ტაიტელი ქალბატონების ფერებში გადაწყვეტილი ორი გოგონა “მოხატა”.

[დავით მელიქიშვილის ხმა]: გალერეა “ნიუ არტმა” მოაწყო თავისი პრეზენტაცია, კლუბი “ნოა-ნოა” კი გოგენის სახელს ატარებს. მოხდა გალერეის და კლუბის თანამშრომელთა შეთანხმება... ამდენად დაუკავშირდა ეს გოგენს.. პირდაპირი კავშირი გოგენთან არავის გვქონია, აქ უფრო იყო საკუთარი ნახატის თუ მოხატულობის მიძღვნა გოგენისადმი...ოთხივეს რომ გოგენის ნახატი ან ფერი გამოგვეყენებინა, ინდივიდუალიზმიც დაიკარგებოდა.”

გაგახსენებთ, რომ “ბოდი-არტს” ჯერ კიდევ ამერიკის, აფრიკის, აზიის უძველესი ტომები მიმართავდნენ, თუმცა სხეულზე ხატვას იმხანად მხოლოდ რელიგიურ-რიტუალური მნიშვნელობა ჰქონდა. “ბოდი-არტი” დასავლეთმა მეთვრამეტე საუკუნეში აითვისა. მიუხედავად იმისა, რომ პოლ გოგენს ტაიტელი ქალბატონების სხეულები არ მოუხატავს (იგი თავად მათ ხატავდა), ეგრეთ წოდებული “ბოდიპეინტინგის” სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გოგენის დეკორატიულმა ფერწერამ “მოამზადა” “ბოდი-არტის” ხელოვნება, გარკვეული სტილი დაამკვიდრა სხეულის მოხატვაში. ჩვენთან საუბარში დავით მელიქიშვილი აღნიშნავს, რომ აქციის დაწყების წინ, რა თქმა უნდა, “გადაათვალიერა” გოგენის ნამუშევრების ილუსტრაციები, მაგრამ ტაიტური ეგზოტიკის ინტერპრეტაციაზე ოთხივე მხატვარმა თავიდანვე თქვა უარი.

[დავით მელიქიშვილის ხმა]: “არ გვინახავს მოდელები, თუმცა შემოთავაზება იყო. მერე გადავწყვიტე, რომ მემუშავა სიტუაციიდან გამომდინარე, იმ გარემოდან გამომდინარე, სადაც ჟღერდა აფრიკული, ფრანგული ქუჩის მუსიკა, კარნავალური იერი ჰქონდა... გარემო იყო სავსე და ხალისიანი. მივხვდი, რომ იმ გარემოში რა იდეაც დამებადებოდა, იმას გავაკეთებდი.”

“იდეა” კი ოთხივე მხატვარს განსხვავებული დაებადა. გეგა პაქსაშვილმა თითქმის მთლიანად გაათეთრა სხეული, გია გუგუშვილმა-უმცროსმა მხატვრულად გაფორმებული ასოები აირჩია, ოლეგ ტიმჩენკომ - ყვავილის ორნამენტი, დავით მელიქიშვილმა კი ანგელოზის ფიგურით შეამკო სხეული. დამთვალიერებელი “ბოდი-არტის” ეფექტმა იმდენად მოხიბლა, რომ თითქმის არავინ მიაქცია ყურადღება შოუ-აქციის ერთ თავისებურებას, საკმაოდ უჩვეულოს თანამედროვე ქართულ კულტურულ სივრცეში - ორი მოდელი და ოთხი მხატვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მხატვარი, უბრალოდ, იძულებული იყო საკუთარ ამბიციებზე უარი ეთქვა და მეორე მხატვართან დიალოგი გაემართა. ასე შეიქმნა მაგიური სამეული - ორი მხატვარი და ერთი მოდელი, რომელთაც დიდი პოლ გოგენის ხატი აერთიანებდათ. დავით მელიქიშვილის თქმით:

[დავით მელიქიშვილის ხმა] “თავიდან შევთანხმდით, რომ სრულიად შიშველი სხეული უნდა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, წელს ზემოთა სხეული მაინც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მოდელმა გოგონებმა ბოლომდე არ გაიხადეს და გამოვიდა, რომ სხეულის დაყოფილი ნაწილები უნდა მოგვეხატა, ე.ი. ორნამენტისთვის უნდა მიგვემართა.”

სხეულის “გაფორმების” ვნებას ფსიქოლოგები განსხვავებულად ხსნიან. ერთი მხრივ, ეს გამოხატავს სურვილს, მიიპყრო სხვისი ყურადღება და ამით მაინც გაიხარო. ამავე დროს, სხეული, შესაძლებელია, ერთადერთია, რასაც ადამიანი ნამდვილად ფლობს. ვითომ რატომ არ უნდა განთავისუფლდე ამ კერძომესაკუთრული ინსტინქტისგან და “დაუთმო” იგი ხელოვანს? მით უმეტეს, რომ ხელოვანი არ გატკენს, იგი მხოლოდ გხატავს. სხვა საქმეა, რატომ დამკვიდრდა ასეთი სახის “ესთეტიკური გართობა” თანამედროვე ხელოვნებაში. ნუთუ იმიტომ, რომ მხატვრებს სურათზე აღარაფერი დარჩათ დასახატი? ამ კითხვაზე დავით მელიქიშვილმა, რომელიც, სხვათა შორის, პორტრეტისტია, ე.ი. მთელი ცხოვრება სხვას ხატავს, მაგრამ “სხვაზე ხატვა” პირველად მოუწია, ასე გვიპასუხა:


[დავით მელიქიშვილის ხმა] “არა მგონია, ამან მოკლას ის, რასაც ჰქვია... ნამდვილი მხატვრობა. ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედი მაქვს, რომ ასეა. ფოტოებსაც ამუშავებენ დღეს კომპიუტერზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნამდვილი ფოტოხელოვნება კვდება. ყველაფერს, ალბათ, თავისი ადგილი აქვს.”

ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ამ კვირაში, ასე ვთქვათ, “არატრადიციულ ხელოვნებასთან” ერთად თბილისელები ტრადიციულ კულტურასაც ეზიარნენ. უფრო სწორად, საქართველოში რვა წლის პაუზის შემდეგ აღდგა ტრადიცია, რომელიც ჯერ კიდევ 1971 წელს დამკვიდრდა: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ახალი ლაურეატები გამოცხადდნენ - მუსიკის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის ფალიაშვილის პრემია მიანიჭეს ჯანსუღ კახიძეს (გარდაცვალების შემდეგ), აგრეთვე კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს, თბილისის კონსერვატორიის რექტორს მანანა დოიჯაშვილს, მომღერალ თემურ გუგუშვილს. მუსიკის სამყაროში მიაჩნიათ, რომ ეს თავისებური კონკურსი საკმაოდ დემოკრატიულად გაიმართა, გამჭვირვალედ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები გამოავლინა სპეციალურმა კომიტეტმა, რომლის წევრები პროფესიონალი მუსიკოსები არიან. კანდიდატის წარდგენა შეეძლოთ მუსიკალურ დაწესებულებებს, შემოქმედებით კავშირებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. გარკვეული თვალსაზრისით, ფალიაშვილის პრემია - სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების “ალტერნატივად” შეიძლება მივიჩნიოთ თუნდაც იმიტომ, რომ ამ ორ უკანასკნელ ჯილდოს “პრეზიდენტთან არსებული კომიტეტი” ანაწილებს, ე.ი., ასე თუ ისე, ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის გემოვნებას, ფალიაშვილის სახელობის პრემიას კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, პროფესიონალი მუსიკოსები გადასცემენ.

“ყველაფერს თავისი ადგილი” და თავისი დროც აქვს”: თბილისში დაცხა და კულტურული ცხოვრების აფიშები თითქმის მთლიანად მოიხსნა. გასულ კვირას კულტურული ცხოვრების ეპიცენტრმა ბორჯომში გადაინაცვლა - გაიხსნა მუსიკალური ფესტივალი, რომლის ორგანიზატორი ლიანა ისაკაძეა. ბორჯომის ფესტივალი კი, პირველ რიგში, აქციაა, რომლითაც საქართველოში, შესაძლოა, მართლაც გაფართოვდეს კულტურული ცხოვრების საზღვრები. საქართველოს დღეს ყველანაირი ხელოვნება სჭირდება - არქაული და მოდური “ბოდი-არტიდან” დაწყებული ტრადიციულ ხელოვნებამდე, რომელიც, დავით მელიქიშვილის თქმისა არ იყოს, ჯერ ნამდვილად არ მომკვდარა.
XS
SM
MD
LG