Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ძალას წარმოადგენს პარტიზანული მოძრაობა აფხაზეთის ტერიტორიაზე?


აფხაზეთის ტერიტორიაზე - უპირატესად,

გალის რაიონში - მოქმედი პარტიზანული მოძრაობა, რომლის აქტიურობამაც პიკს 1998 წელს მიაღწია, საქართველოში წელიწადზე მეტია ყველამ მიივიწყა. ამ პერიოდში ხშირად გაისმოდა ხმები, რომ პარტიზანების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურ სტრუქტურებში ჩართო, ნაწილი - დაიღუპა, ნაწილი კი “არსობის პურის” ძიებაში კრიმინალურ ბიზნესს მიეკედლა და საერთოდ აიღო ხელი შეიარაღებულ წინააღმდეგობაზე. თუმცა, თუ დევნილობაში მყოფ აფხაზეთის ხელისუფლებას ვენდობით, ეს მოულოდნელი გაუჩინარება მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯი ყოფილა და პარტიზანები სულ მალე ახალი ძალით გაშლიან წინააღმდეგობის მოძრაობას აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე. რამდენად შეესაბამება ეს განცხადება სინამდვილეს და რას წარმოადგენს ქართული პარტიზანული მოძრაობის საბრძოლო პოტენციალი?

წინააღმდეგობის მოძრაობა აფხაზეთის ტერიტორიაზე სოხუმის დაცემისთანავე, 1993 წლის სექტემბრის ბოლოს, ოჩამჩირისა და გალის რაიონში დარჩენილი ცალკეული სამხედრო ნაწილების მებრძოლებმა სტიქიურად დაიწყეს. მათ მთავარ მიზანს მაშინ სტრატეგიული ხიდებისა და ობიექტების აფეთქება, დივერსიების მოწყობა, კაზაკი და ჩრდილოეთ-კავკასიელი მარადიორებისგან გალის მოსახლეობის დაცვა წარმოადგენდა. სწორედ პარტიზანული მოძრაობის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ 1994 წლის ივლისამდე, ანუ იმ დრომდე, სანამ გალის რაიონში ე.წ. დსთ-ს სამშვიდობო ძალები განლაგდებოდნენ, სეპარატისტული აფხაზეთის შეიარაღებული ძალები ვერ ბედავდნენ გალის რაიონში შესვლას. თავად პარტიზანები ამ ხანას ერთგვარ რომანტიკულ პერიოდს უწოდებენ. როგორც ერთ-ერთი პირველი პარტიზანული ქვედანაყოფის მეთაური რუზგენ გოგოხია იხსენებს, მაშინ ისინი ერთად იყვნენ, ჰქონდათ მკაფიო მიზნები, იარაღი, საბრძოლო მასალა და მოსახლეობის სრული მხარდაჭერა.

[რუზგენ გოგოხიას ხმა] “ შევდიოდით სოხუმში, იყო რაღაც-რაღაცეები; გაგრის ტერიტორიაზეც რაღაც-რაღაცეები გავაკეთეთ. გალს აქეთ თითქმის არაფერი გაგვიკეთებია. სინამდვილეში, მაშინ რაღაც საკუთარი გემოვნების დასაკმაყოფილებლად, რაღაც გაყიდვა ბენზინის, სიგარეტის და ამისთანა რაღაც გამორიცხული იყო.” [სტილი დაცულია]



მაგრამ სამშვიდობო ძალების გამოჩენის შემდეგ, როდესაც კონფლიქტის უსაფრთხოების ზონაში ყოველგვარი შეიარაღებული ფორმირების ყოფნა უკანონოდ ჩაითვალა, პარტიზანები ბანდიტებთან გაიგივდნენ და, შესაბამისად, მათი მოქმედების არეალი და აქტიურობა შემცირდა. შეიცვალა მათ მიმართ პოზიცია საქართველოს ოფიციალური ხელისუფლებისა, რომელიც იმხანად ფიქრობდა, რომ რუსეთის ჯარი და რუსი გენერლები ჯერ გალის ტერიტორიაზე აღადგენდნენ საქართველოს იურისდიქციას და შემდეგ - მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური ხელსიუფლება არაფერს აკეთებდა ამ მოძრაობის შესანარჩუნებლად. თუმცა პარტიზანები სოხუმამდე აღწევდნენ და, როგორც აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი კობა ბენდელიანი აცხადებს, მომდევნო წლებში მათ სოხუმში რამდენიმე სტრატეგიული ობიექტის - მათ შორის, წყალკანალის - აფეთქება და სოხუმის უწყლოდ დატოვება შეძლეს.

ყველაზე საბედისწერო პარტიზანული მოძრაობისთვის მაინც 1998 წლის მაისის გალის მოვლენები აღმოჩნდა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ძალოვანი უწყებების ხელით პარტიზანებს დაურიგა დიდძალი იარაღი, დაუსახა ამოცანა, მაგრამ ეს გააკეთა საჯაროდ, დემონსტრაციულად, რაც ძვირად დაუჯდა არა მარტო გალში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას, არამედ თავად პარტიზანულ მოძრაობასაც. მან დაკარგა მოსახლეობის ნდობა და დაიშალა ნახევრად კრიმინალურ, ერთმანეთზე გადამტერებულ ჯგუფებად. მათი მარგინალიზება ისე შორს წავიდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ შინაგან ჯარებში ჩარიცხული ყოფილი პარტიზანები, რომლებსაც ხელფასები არ გადაუხადეს, რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში, შინაგანი ჯარების შტაბის წინ, დემონსტრაციულად შიმშილობდნენ. შესაბამისად, არ ტყუის თამაზ ნადარეიშვილი, როდესაც აცხადებს, რომ საჭირო იყო წმენდის ჩატარება პარტიზანული მოძრაობის შიგნით და მათთვის იმის შეგონება, რომ პარტიზანი, სულ მცირე, არ უნდა ჩანდეს ტელეეკრანზე ან იძლეოდეს ინტერვიუებს მოსალოდნელი გეგმების შესახებ.

[შეკითხვა] შესაბამისად, ნიშნავს თუ არა ამგვარი ანონიმურობის გამკაცრება, რომ ისინი სერიოზული აქციებისთვის ემზადებიან?

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] “ რა თქმა უნდა, ისინი ძალიან სერიოზული აქციებისთვის ემზადებიან. ჩვენ სერიოზულად დავიწყებთ ზრდას, კიდევ უფრო გამაგრებას ამ პარტიზანული მოძრაობისა, რადგან პარტიზანული მოძრაობა გალში ჩემთვის მიუღებელია. ის უნდა იყოს გაგრაში და სოხუმში და ასეც იქნება.”

თუმცა თამაზ ნადარეიშვილის ოპტიმიზმს ეჭვით უყურებს ბევრი ადამიანი და, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც თავის დროზე აქტიურად უჭერდა მხარს პარტიზანულ მოქმედებებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. საკუთარი პოზიციის დიამეტრულ ცვლილებას კი ბათიაშვილი ასე ხსნის:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] “რასაც ჰქვია პარტიზანები, მე მათ ვერ ვხედავ. არამედ მე ვხედავ კონტრაბანდისტებს და ა.შ. დღეს არ არსებობს პარტიზანი - ნამდვილი მეომარი, პატრიოტი, პრინციპებით აღბეჭდილი ადამიანი.”

მაგრამ განა მარტო პარტიზანული მოძრაობა განიცდის საქართველოში “პატრიოტი, პრინციპებით აღბეჭდილი ადამიანების”დეფიციტს?
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG