Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის შეიარაღებული ძალები მოქმედების არეს იფართოვებს


პოლიტიკით დაინტერესებულ მსმენელს უთუოდ ემახსოვრება, რაოდენ ცხარე დებატები უძღოდა წინ ევროპის კავშირის შეიარაღებული ძალების შექმნას. ზოგიერთს ისიც ემახსოვრება,

რომ პირველი სამშვიდობო მისიით ევროკავშირის სამხედრო მოსამსახურეები მიმდინარე წლის გაზაფხულზე მაკედონიაში მიავლინეს, ხოლო ცოტა მოგვიანებით ანალოგიური ამოცანის შესასრულებლად ისინი კონგოში გაემგზავრნენ. ახლა გაისმის ხმები ევროკავშირის მშვიდობისდამცველების მოლდავეთში გაგზავნის შესახებ. რამდენად რეალურია ამგვარი პერსპექტივა? ქვემოთ სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ.

ბასტილიის აღების დღე - 14 ივლისი - საფრანგეთში მუდამ დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნება. ელისეს მინდვრებზე სამხედრო აღლუმი ეწყობა, ათიათასობით პარიზელსა და ქალაქის სტუმარს თავზე გადაუფრენენ ხოლმე რეაქტიული თვითმფრინავები, რომლებიც საფრანგეთის დედაქალაქის ცაზე ეროვნული დროშისფერ კვალს ტოვებენ: ლურჯს, თეთრსა და წითელს.

მაგრამ წლევანდელი 14 ივლისი მაინც განსაკუთრებული იყო: პირველად საფრანგეთის ისტორიაში ტრადიციული სამხედრო აღლუმი... გერმანელმა გენერალმა გახსნა. გენერალი ჰოლგერ კამერჰოფი წინ მიუძღვებოდა ევროპის ხუთი ქვეყნისგან შემდგარი სამხედრო კონტინგენტის 120 მოსამსახურეს.

მიმომხილველები ხაზს უსვამენ ამ ფაქტის სიმბოლურ მნიშვნელობას: ევროკავშირის სამხედრო ფრთის ჩამოყალიბებას ხომ წინ მრავალწლიანი ცხარე დისკუსიები უძღოდა, რაც კიდევ უფრო ზრდის სამხედრო შენაერთის შექმნის მომხრეთა კმაყოფილებასა და სიხარულს ნანატრი ჟამის დადგომის გამო.

პირველი მისია ევროკავშირის სამხედრო ძალებმა მიმდინარე წლის მარტში განახორციელა, როცა სულ რაღაც 300-მდე მშვიდობისდამცველი გაგზავნა მაკედონიაში. ევროპის კავშირის ახლანდელი და მომავალი წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისგან შემდგარი ამ შენაერთის ამოცანაა, მაკედონიის ხელისუფლებას დაუდასტუროს საერთაშორისო თანამეგობრობის სწრაფვა, ხელი შეუწყოს მშვიდობის დამკვიდრებას ქვეყანაში, სადაც ორიოდე წლის წინათ შეიარაღებული შეტაკებები ხდებოდა სამთავრობო ჯარებსა და ეთნიკურ ალბანელებს შორის.

მაკედონიის მისიას ივნისში სრულიად მოულოდნელად მოჰყვა ახალი ამოცანა: ევროკავშირის სამხედრო შენაერთი გაიგზავნა აფრიკაში, კერძოდ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებს. ჩრდილო-აღმოსავლეთი კონგოს ქალაქ ბუნიაში განთავსებულ სამშვიდობო შენაერთს საფრანგეთი უდგას სათავეში. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორი ხავიერ სოლანა ახლა ცდილობს, გაერო ევროპელ მშვიდობისდამცველთა მანდატის გაფართოებაზე დაიყოლიოს, რაც ბევრი ექსპერტის აზრით, ხელს შეუწყობდა ძალადობის აღკვეთას.

ბრიუსელელი სამხედრო ექსპერტის, ევროპის პოლიტიკის კვლევითი ცენტრის თანამშრომლის მარკ უბენის აზრით, ჯერჯერობით ნაადრევია ევროკავშირის სამხედრო ძალების რაიმე წარმატებებზე საუბარი:

[მარკ უბენის ხმა] "მაგალითად, კონგოში მიმდინარე ოპერაცია გახლავთ ოპერაცია, რომელსაც ძირითადად ფრანგები ახორციელებენ. მართალია, მას მწვანე შუქი ევროპის კავშირმა აუნთო, მაგრამ როცა საქმე სამეთაურო საქმიანობასა და კონტროლს ეხება, პრეროგატივა ფრანგებს ეკუთვნით. რაც შეეხება მაკედონიის ოპერაციას, მისი მასშტაბი მოკრძალებულია. თუმცა, ცხადია, იგი უდავოდ მნიშვნელოვანია, როგორც ნიშანი, ტენდენცია."

სულ ახლახან გაისმა ხმები შესაძლო ახალი მისიის თაობაზე. ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ჰოლანდიამ, გამოთქვა წინადადება, რომ ევროკავშირის სამშვიდობო შენაერთი გაიგზავნოს მოლდავეთში, სადაც ბოლო არ უჩანს კონფლიქტს ხელისუფლებასა და დნესტრისპირეთის რუსულენოვან მოსახლეობას შორის. ვარაუდობენ, რომ ჰოლანდიის ამ წინადადებას 22 ივლისს ოფიციალურად განიხილავს ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი, თუმცა, როგორც ამ კომიტეტის თავმჯდომარემ მაურიციო მელანიმ განაცხადა, სულაც არ არის აუცილებელი, გადაწყვეტილება 22-შივე იქნეს მიღებული. როგორც მელანიმ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, სრულიად აშკარაა, რომ რუსეთს მოლდავეთში "გარკვეული ინტერესები" აქვს.

ამაზე, ცხადია, არავინ დავობს. მაგრამ ეჭვგარეშეა ისიც, რომ მოლდავეთში რუსეთის "გარკვეული ინტერესების" არსებობა ეუთოს მორიგე თავმჯდომარემაც კარგად უწყოდა; და, მიუხედავად ამისა, მაინც გამოთქვა წინადადება იქ ევროკავშირის სამხედრო შენაერთის გაგზავნის შესახებ. ასე რომ, 22 ივლისს, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში საინტერესო და დაძაბულ დისკუსიას უნდა ველოდეთ.
XS
SM
MD
LG